პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) ხასიათდება ძლიერი ტრავმული მოვლენის განმეორებადი, შემაწუხებელი მოგონებებით.
სიცოცხლისათვის საშიში ან ძლიერი დასახიჩრების გამომწვევი ტრავმული მოვლენის გადატანამ ან მოწმედ შესწრებამ შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე ტრავმული მოვლენიდან დიდი დროის შემდეგ. ტრავმის დროს განცდილი ძლიერი შიში, უსუსურობა ან თავზარი შეიძლება თან სდევდეს ადამიანს.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობის გამომწვევი ტრავმული მოვლენებია:
ზოგჯერ სიმპტომები ვლინდება ტრავმული მოვლენის გადატანიდან თვეების ან წლების შემდეგაც კი. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ქრონიკულ მიმდინარეობაზე საუბრობენ, თუ სიმპტომები 3 თვე ან მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მოსახლეობის 8%-ს აღენიშნება, ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზე (ბავშვობის ჩათვლით). ბევრ ადამიანს, ვინც გადაიტანა ან შეესწრო ტრავმულ მოლენებს, მაგალითად, ომის ვეტერანებს, გაუპატიურების ან სხვა ძალადობის მსხვერპლთ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა უვითარდება.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დროს ინდივიდებს აქვთ ხშირი, არასასურველი მოგონებები, რომლებიც ტრავმული მოვლენის განმეორებით განცდას იწვევს. ხშირია კოშმარული სიზმრები. ზოგჯერ ინდივიდი ტრავმულ მოვლენას თითქოს ხელახლა განიცდის. ძლიერი დისტრესი შეიძლება განვითარდეს, თუ ინდივიდი ისეთი გარემოების ან ფაქტორის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც გადატანილ ტრავმას აგონებს. ასეთი შემახსენებელი სტიმული შეიძლება იყოს ტრავმული მოვლენის ყოველწლიური აღნიშვნა, პისტოლეტით მუქარით გაძარცვის შემდეგ იარაღის დანახვა ან დახრჩობას გადარჩენილისათვის პატარა ნავში ყოფნა.
ადამიანები მუდმივად არიდებენ თავს მოვლენებს, რომლებიც გადატანილ ტრავმას ახსენებს. ისინი ასევე შეიძლება მოერიდონ ფიქრებს, გრძნობებს ან ტრავმის შესახებ საუბარს და თავი აარიდონ აქტივობას, სიტუაციებს ან ადამიანებს, რომლებიც ტრავმის გახსენებას უწყობენ ხელს. განრიდება შეიძლება ასევე მოიცავდეს ტრავმული მოვლენის გარკვეული ასპექტის გახსენების უუნარობას (ამნეზია). ადამიანებს აღენიშნებათ ემოციური განცდების დაქვეითება (ემოციური სიჩლუნგე) და მომატებული აგზნებადობა (მაგალითად, ჩაძინების სირთულე, მომატებული მგრძნობელობა შესაძლო საფრთხეებისადმი ან მძაფრი რეაგირება მოულოდნელ სტიმულზე). დეპრესიის სიმპტომები ხშირია და ინდივიდს შეიძლება ნაკლებად აინტერესებდეს მანამდე სიამოვნების მომგვრელი საქმიანობა. დანაშაულის განცდა ასევე გავრცელებულია. მაგალითად, ინდივიდი შეიძლება თავს დამნაშავედ გრძნობდეს, რომ გადარჩა, მაშინ, როცა სხვები დაიღუპნენ.
მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას (ექსპოზიციური თერაპიის ჩათვლით) და მედიკამენტურ თერაპიას. ძლიერი შფოთვის გამო, რომელიც თან ახლავს ტრავმასთან დაკავშირებულ მოგონებებს, მხარდამჭერი ფსიქოთერაპია განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თერაპევტი ღიად გამოხატავს ემპათიას და თანაგრძნობას ფსიქოლოგიური ტკივილის მიმართ, არწმუნებს ინდივიდს, რომ მისი განცდები რეალურია და ცდილობს ტრავმული მოვლენების გახსენებისთვის ხელშეწყობას (როგორც ექსპოზიციური თერაპიის ფორმა). ინდივიდი ასევე სწავლობს შფოთვის კონტროლს, რაც ეხმარება მტანჯველი მოგონებების მოდელირებასა და პიროვნულ გამოცდილებასთან ინტეგრირებაში.
გაგებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია შეიძლება დაეხმაროს ინდივიდს, რომელსაც დანაშაულის განცდა აქვს, იმის გაცნობიერებაში, რატომ ისჯის თავს და ამ გზით განთავისუფლდეს ამ განცდისაგან.
ანტიდეპრესანტები, როგორც ჩანს, ასევე ეფექტიანია. განსაკუთრებით წარმატებით იყენებენ სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (სუსი-ები), ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაოი-ები).
ქრონიკული პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები ბოლომდე არ ქრება, მაგრამ დროთა განმავლობაში ხშირად სუსტდება, მკურნალობის გარეშეც კი. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ამ აშლილობის გამო ღრმად უნარშეზღუდული რჩება.