ნერვულ ანორექსიას ახასიათებს სიგამხდრისკენ დაუძლეველი სწრაფვა, დისტროფიული სხეული, სიმსუქნის გადაჭარბებული შიში, უარის თქმა ნორმალური წონის მინიმალური მაჩვენებლის შენარჩუნებაზე, ქალებში მენსტრუაციული ციკლის არარსებობა.
ნევროზული ანორექსიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მემკვიდრეობითი და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედება. დასავლურ საზოგადოებაში დამკვიდრებულია სიგამხდრისაკენ ლტოლვა, სიმსუქნე არამიმზიდველ, არაჯანსაღ და არასასურველ ფაქტორად ითვლება. ბავშვებმაც კი იციან ამ განწყობის შესახებ და, ამის გამო, მოზარდ გოგონათა ნახევარზე მეტი დიეტას იცავს ან სხვა საშუალებებს მიმართავს წონის გასაკონტროლებლად. ნერვული ანორექსია ამ გოგონების მხოლოდ მცირე ნაწილს უვითარდება. ნერვული ანორექსიისადმი მიდრეკილება შეიძლება სხვა ფაქტორებით იყოს შეპირობებული, მაგალითად, ფსიქოლოგიური მგრძნობელობით. რეგიონებში, სადაც რეალურად არსებობს საკვების დეფიციტი, ნერვული ანორექსია იშვიათია.
აშლილობა, ჩვეულებრივ, მოზარდობის ასაკში ვითარდება, ზოგჯერ უფრო ადრე, იშვიათად – მოწიფულობის ასაკში. ნერვული ანორექსია უმთავრესად ემართებათ საზოგადოების საშუალო და მაღალი სოციალური კლასის წარმომადგენლებს. დასავლურ საზოგადოებაში, როგორც ჩანს, ამ ადამიანების რიცხვი იზრდება. ქალების დაახლოებით 0.9%-ს აქვს მძიმე ნერვული ანორექსია; მამაკაცებს შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.3%-ს შეადგენს. ისიც აღსანიშნავია, რომ ანორექსიის შედარებით მსუბუქი შემთხვევების იდენტიფიცირება შეიძლება არ მოხერხდეს.
ნერვული ანორექსია შეიძლება იყოს მსუბუქი და გარდამავალი, ან მძიმე და მუდმივი.
მოსალოდნელი აშლილობის პირველი ნიშნებია საკვების მიღებასთან და სხეულის წონასთან დაკავშირებული არცთუ შესამჩნევი, მზარდი შეშფოთება. ეს უკანასკნელი უსაფუძვლოა, რადგან ნერვული ანორექსიით დაავადებული პირები ისედაც გამხდრები არიან. წონის გამო წუხილი და შფოთვა ძლიერდება წონაში დაკლებასთან ერთად; გამოფიტული ადამიანებიც კი ჩივიან, რომ მსუქნები არიან, უარყოფენ რაიმე სირთულეების არსებობას – არ აწუხებთ სხეულის წონის შემცირება და, როგორც წესი, მკურნალობის წინააღმდეგი არიან.
ანორექსია მადის დაქვეითებას ნიშნავს, მაგრამ ადამიანები, რომელთაც ნერვული ანორექსია აქვთ, ფაქტობრივად, მშივრები არიან და გამუდმებით საჭმელზე ფიქრობენ. ისინი სწავლობენ დიეტებს, ითვლიან კალორიებს, აგროვებენ რეცეპტებს და "კულინარიულ შედევრებს" ქმნიან სხვებისთვის.
ნერვული ანორექსიით დაავადებულთა 30%-დან 50%-მდე საკვებს უკონტროლოდ იღებს, რის შემდეგაც პირღებინებით ან საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებით გაწმენდას მიმართავს. სხვები უბრალოდ ზღუდავენ საკვების რაოდენობას, ხშირად ცრუობენ მიღებული საკვების რაოდენობაზე საუბრისას, მალავენ პირღებინებას, დიეტის მახასიათებლებს. ბევრი მათგანი შარდმდენს (მედიკამენტები, რომლებიც იწვევს თირკმლების მიერ მეტი სითხის გამოყოფას) იღებს, წარმოსახვითი მუცლის შებერილობის სამკურნალოდ და წონაში დასაკლებად.
ნერვული ანორექსიის მქონე ქალებს უწყდებათ მენსტრუაციული ციკლი, ზოგჯერ მანამ, სანამ წონაში მნიშვნელოვნად დაიკლებენ. ქალებსაც და კაცებსაც ეკარგებათ ინტერესი სქესობრივი ცხოვრების მიმართ. მათ გულისცემა გაიშვიათებული აქვთ, არტერიული სისხლის წნევა – დაბალი, სხეულის ტემპერატურა – დაქვეითებული, თხელი და რბილი თმა აქვთ ან ჭარბთმიანობა – სხეულსა და სახეზე. ქსოვილები შეშუპებულია სითხის დაგროვების გამო. ხშირად უჩივიან მუცლის შებერვას, დისკომფორტს მუცელში და ყაბზობას. თვითგამოწვეულმა ღებინებამ შეიძლება კბილის ემალი დააზიანოს, ლოყაზე სანერწყვე ჯირკვლის ზრდა (ყბაყურა ჯირკვალი) და საყლაპავის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამ მოვლენებს, ჩვეულებრივ, თან ახლავს დეპრესია.
მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ძალიან გამხდარია, ძალისხმევას არ იშურებს, რომ წონა აკონტროლოს და, ჩვეულებრივ, სანამ არ გამოიფიტება, ნაკლებად აწუხებს კვებითი უკმარისობის სიმპტომები.
ნერვული ანორექსია ჰორმონულ ცვლილებებს იწვევს; ქალებში საგრძნობლად მცირდება ესტროგენის და თიროიდული ჰორმონის დონე, იზრდება კორტიზოლის დონე. თუ ადამიანი ძლიერ გამოფიტულია, სავარაუდოა ძირითად ორგანოთა სისტემების დაზიანება, შესაძლებელია ძვლის სიმკვრივის შემცირება, რაც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს.
სხეულის წონის სწრაფმა ან მნიშვნელოვანმა დაკარგვამ შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში პრობლემები გამოიწვიოს. ამათგან, გულთან, აგრეთვე სითხისა და ელექტროლიტების (ნატრიუმი, ქლორი, კალიუმი) ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე მეტად საშიშია:
პირღებინება, საფაღარათო საშუალებების და შარდმდენების ბოროტად გამოყენება აუარესებს მდგომარეობას. უეცარი სიკვდილი შეიძლება გულის რიტმის დარღვევამ გამოიწვიოს.
ადამიანები არ ფიქრობენ, რომ ჯანმრთელობა დარღვეული აქვთ, ამიტომ გამოკვლევისა და მკურნალობის წინააღმდეგი არიან. ჩვეულებრივ, ისინი ოჯახის წევრებს მიჰყავთ ექიმთან ან თავად მიმართავენ მას სხვა დაავადების გამო. ექიმი განსაზღვრავს წონისა და სიმაღლის მაჩვენებლებს, ეკითხება პაციენტს, რას ფიქრობს იგი სხეულსა და წონაზე, აქვს თუ არა სხვა სიმპტომები. ექიმს შეუძლია გამოიყენოს კითხვარები, რომლებიც შემუშავებულია კვებითი დარღვევის გამოსავლენად. თუ ინდივიდს აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, სავარაუდოა ანორექსიის დიაგნოზი:
წონის დაკარგვისა და არასაკმარისი კვების შედეგების დასადგენად ექიმი ატარებს ფიზიკურ გამოკვლევას, სისხლის და შარდის ანალიზებს; შეიძლება შეისწავლოს ძვლის სიმკვრივე მისი დაქვეითების დასადასტურებლად, ჩაატაროს ელექტროკარდიოგრაფია გულისცემის რიტმის დარღვევების გამოსავლენად.
მკურნალობის გარეშე მძიმე ნერვული ანორექსიით დაავადებულ ადამიანთა 10% იღუპება. თუ სიმპტომები მსუბუქია და შეუმჩნეველი, ფატალური გამოსავალი იშვიათია. მკურნალობის შედეგად პაციენტთა ნახევარი სრულად ან თითქმის სრულად აღიდგენს წონას, რის შემდეგაც დაავადებით გამოწვეული სხვა ფიზიკური თუ ჰორმონული დარღვევებიც ქრება; დაახლოებით ერთი მეოთხედი წონას კი აღიდგენს, მაგრამ შეიძლება პერიოდულად დაუბრუნდეს საკვების მიღების ძველ ჩვევებს (გამწვავება). დანარჩენ ერთ მეოთხედს ხშირი გამწვავებები აქვს და უგრძელდება დაავადებით გამოწვეული სომატური და ფსიქიკური პრობლემები.
სხეულის წონის სწრაფად ან მკვეთრად დაქვეითებისას, მაგალითად, იდეალური წონის 25%-ზე ქვემოთ, მკურნალობის უპირველესი მიზანია წონის სწრაფად აღდგენა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანორექსიის მქონე პაციენტების საავადმყოფოში მოთავსება და მათთვის ადეკვატური მოცულობისა და რაოდენობის საკვები ნივთიერებებისა და კალორიების მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი კვება მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა, იშვიათად საჭირო ხდება ენტერალური კვება ცხვირიდან ზონდის საშუალებით (ნაზოგასტრული ზონდი). აუცილებელია ნერვული ანორექსიით გამოწვეული ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოვლენაც და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა. მაგალითად, თუ ძვლების სიმკვრივე დაქვეითებულია, პაციენტს უნიშნავენ კალციუმს და ვიტამინ D-ს შემცველ დანამატებს, ზოგჯერ ბისფოსფონატს, მაგალითად, ალენდრონატს, იბანდრონატს ან რიზედრონატს. მკურნალობის პროცესში ტარდება ფსიქიატრიული და დიეტოლოგიური კონსულტაციები. ჰოსპიტალიზაცია ეხმარება ადამიანებს, მოსწყდნენ ჩვეულ გარემოს და შეწყვიტონ არაადეკვატური კვება და საქციელი. აქედან გამომდინარე, ჰოსპიტალიზაცია მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
მიუხედავად ზემოხსენებულისა, ადამიანების უმრავლესობა ამბულატორიულად მკურნალობს. ჩვეულებრივ, გამოიყენება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია. როგორც წესი, მკურნალობა გრძელდება 1 წლის განმავლობაში, თუ ადამიანმა დაიბრუნა დაკარგული წონა; წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობა 2 წლამდე ხდება საჭირო. ზემოხსენებული თერაპია უფრო ეფექტიანია მოზარდებისთვის, რომლებსაც აშლილობა 6 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში აღენიშნებათ. თერაპია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ანორექსიის მქონე ადამიანებს საერთოდ არ სურთ მკურნალობა ან წონის აღდგენა. ოჯახური თერაპია სასარგებლოა მოზარდებისთვის; მას ეძლევა ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა; მეორე მხრივ, მშობლები სწავლობენ, როგორ დაეხმარონ მოზარდს დაკარგული წონის აღდგენაში.
მკურნალობა ასევე ითვალისწინებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტებს გადამოწმების მიზნით. შესაძლებელია დიეტოლოგის ჩართვა სპეციალური კვების რეჟიმის უზრუნველსაყოფად ან პაციენტისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად წონის ნორმალურ დონემდე აღდგენისთვის საჭირო კალორიების რაოდენობის შესახებ.
არ არსებობს სპეციფიკური მედიკამენტები ნერვული ანორექსიის სამკურნალოდ, თუმცა, ახალი ანტიფსიქოზური პრეპარატები, მაგალითად, ოლანზაპინი, შეიძლება დაეხმაროს პაციენტს წონის აღდგენასა და სიმსუქნის შიშის დაძლევაში. სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურმა ინჰიბიტორებმა (ანტიდეპრესანტების ტიპი), როგორიცაა ფლუოქსეტინი, შეიძლება აარიდოს პირს, რომელმაც წონა აღიდგინა, მისი ხელახლა დაქვეითება. ეს ანტიდეპრესანტები ასევე სასარგებლოა მათთვის, ვისაც დეპრესია აქვს.