ბოდვითი აშლილობა | მკურნალი.გე
  1. ბოდვითი აშლილობა
  2. შიზოფრენია და ბოდვითი აშლილობა
  3. ფსიქიკური დაავადებები
ბოდვითი აშლილობა

ბოდვით აშლილობას ახასიათებს ერთი ან მეტი მცდარი რწმენა, რომელიც, სულ ცოტა, 1 თვეს გრძელდება.

  • მცდარი რწმენა, როგორც წესი, დაკავშირებულია ჩვეულებრივ სიტუაციებთან, რომლებიც შეიძლება არსებობდეს რეალურ ცხოვრებაში, მაგალითად, მეუღლის ღალატი;

  • ეს აშლილობა შეიძლება განუვითარდეს პარანოიდული პიროვნული აშლილობის მქონე პირებს;

  • ექიმი დიაგნოზს სვამს სიმპტომების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც გამორიცხავს სხვა შესაძლო მიზეზებს;

  • ადამიანები, როგორც წესი, აგრძელებენ საქმიანობას;

  • ექიმსა და პაციენტს შორის კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანია მკურნალობისათვის.

ბოდვითი აშლილობა, როგორც წესი, ვლინდება შუახნის ან მოგვიანებით ასაკში. ბოდვები, ჩვეულებრივ, არ არის უცნაური და დაკავშირებულია სიტუაციებთან, რომლებიც შეიძლება არსებობდეს რეალურ ცხოვრებაში, როგორიცაა დევნა, მოწამვლა, დაინფიცირება, შორიდან სიყვარული, მეუღლის ან საყვარელი ადამიანის ღალატი. არსებობს ბოდვითი აშლილობის რამდენიმე ქვეტიპი:

ეროტომანია: ინდივიდს სჯერა, რომ ის სხვა პიროვნებას უყვარს. სიყვარულის ობიექტთან დაკავშირების მცდელობა, დარეკვა, წერილების გაგზავნა, თვალთვალი და დევნაც კი, საკმაოდ გავრცელებულია. ბოდვასთან დაკავშირებულმა ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს კანონდარღვევა.

განდიდების ბოდვა: ინდივიდი დარწმუნებულია, რომ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი აქვს ან უდიდესი აღმოჩენა გააკეთა.

პათოლოგიური ეჭვიანობა: ინდივიდი დარწმუნებულია, რომ მეუღლე ან საყვარელი ადამიანი ღალატობს. ეს რწმენა ეფუძნება საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთებულ არასწორ დასკვნებს. ამ ვითარებაში ფიზიკური შეურაცხყოფა რეალური საფრთხეა.

დევნის ბოდვა: ინდივიდს სჯერა, რომ მის წინააღმდეგ რაღაცას გეგმავენ, უთვალთვალებენ, ბრალს სდებენ ან დევნიან. ადამიანს სასამართლოში გასაჩივრების და სხვა სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვის არაერთი მცდელობა აქვს, რომ სამართალს მიაღწიოს. პიროვნებამ, იშვიათად, შეიძლება ძალადობას მიმართოს, რომ სამაგიერო გადაუხადოს წარმოსახვით მდევარს.

სომატური ბოდვა: ინდივიდი შეპყრობილია ფიზიკური ფუნქციონირების ან მასთან დაკავშირებული, როგორიცაა ფიზიკური დეფექტი ან უსიამოვნო სუნი, პრობლემებით. ბოდვამ შეიძლება, რომელიმე კონკრეტული დაავადების სახე მიიღოს, მაგალითად, პარაზიტული ინფექცია.

სიმპტომები

ბოდვითი აშლილობა შეიძლება განუვითარდეს ადამიანს, რომელსაც აქვს პარანოიდული პიროვნული აშლილობა. ადრეული მოზარდობის ასაკიდან მოყოლებული ადამიანებს პარანოიდული პიროვნული აშლილობით ახასიათებთ გაუკუღმართებული უნდობლობა და ეჭვიანობა სხვების მოქმედებისა და მათი მოტივაციის მიმართ.

ბოდვითი აშლილობის ადრეულ სიმპტომებს მიეკუთვნება განცდა, რომ ექსპლუატაციას უწევენ, მეგობრების ლოიალობით ან ნდობით გამოწვეული შეშფოთება, უწყინარი შენიშვნებისა ან არასასიამოვნო მოვლენების მუქარად აღქმა, კონფლიქტში ადვილად ჩართვა.

დიაგნოზი

დიაგნოზი ძირითადად ეფუძნება პაციენტის ანამნეზს, მას შემდეგ, რაც გამოირიცხება ბოდვის გამომწვევი სხვა მიზეზები. ექიმმა უნდა შეაფასოს პაციენტის მხრიდან საფრთხის არსებობა, სახელდობრ, რამდენად შეიძლება ინდივიდმა იმოქმედოს მისი ბოდვითი წარმოდგენების შესაბამისად.

პროგნოზი და მკურნალობა

ბოდვითი აშლილობა არ იწვევს, როგორც წესი, მნიშვნელოვან დარღვევებს. თუმცა, ადამიანები შეიძლება თანდათანობით სულ უფრო მეტად ჩაერთონ ბოდვით განცდებში. ადამიანთა უმეტესობა, როგორც წესი, ინარჩუნებს სამსახურს.

ექიმისა და პაციენტის კარგი ურთიერთობა ეხმარება პაციენტს. ზოგჯერ ჰოსპიტალიზაციაა საჭირო, თუ ექიმი მიიჩნევს, რომ ადამიანი საშიშია.

ანტიფსიქოზური პრეპარატები, ჩვეულებრივ, არ გამოიყენება, მაგრამ ზოგჯერ ეფექტიანია სიმპტომების შესამსუბუქებლად. მკურნალობის გრძელვადიანი მიზანი უნდა იყოს პიროვნების ყურადღების გადატანა ბოდვითი აზრებიდან უფრო კონსტრუქციულ და სასიამოვნო საკითხებზე, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ხშირად რთულია.