იმუნიზაცია | მკურნალი.გე
  1. იმუნიზაცია
  2. ინფექციები
იმუნიზაცია

იმუნიზაცია შესაძლებლობას აძლევს ორგანიზმს, უკეთ დაიცვას თავი კონკრეტული ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციებისგან. იმუნიზაცია შესაძლოა მოხდეს თავისთავად (როდესაც ადამიანები შეხებაში არიან ბაქტერიებთან ან ვირუსებთან) ან მას უზრუნველყოფენ ექიმები. როდესაც ადამიანი იმუნიზებულია დაავადების მიმართ, ისინი არ ავადდებიან ამ დაავადებით ან ავადდებიან მხოლოდ მისი მსუბუქი ფორმით.

არსებობს იმუნიზაციის ორი ფორმა: აქტიური და პასიური.

აქტიური იმუნიზაციის დროს ვაქცინები გამოიყენება სხეულის ბუნებრივი დაცვითი მექანიზმების გააქტიურების მიზნით. ვაქცინები პრეპარატებია, რომლებიც შეიცავენ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს:

  • ბაქტერიების ან ვირუსების არაინფექციური ფრაგმენტები;

  • ბაქტერიის მიერ წარმოქმნილი, ჩვეულებრივ მავნე ნივთიერება (ტოქსინი), რომელიც გარდაქმნილია უვნებელ ფორმად – ტოქსოიდი, ანატოქსინი;

  • დასუსტებული (ატენუირებული), ცოცხალი, მთლიანი ორგანიზმები, რომლებიც არ იწვევენ ინფექციას.

ვაქცინის შეყვანისას ორგანიზმის იმუნური სისტემა საპასუხოდ წარმოქმნის ნივთიერებებს (როგორიცაა ანტისხეულები და სისხლის თეთრი უჯრედები), რომლებიც ამოიცნობენ და თავს ესხმიან კონკრეტულ ბაქტერიას ან ვირუსს, რომელსაც შეიცავს ვაქცინა. ამის შემდეგ, როდესაც ადამიანს შეხება ექნება კონკრეტულ ბაქტერიასთან ან ვირუსთან, სხეული ავტომატურად წარმოქმნის ამ ანტისხეულებსა და სხვა ნივთიერებებს. აცრის გაკეთების პროცესს ეწოდება ვაქცინაცია, თუმცა ბევრი ექიმი იყენებს უფრო ზოგად ტერმინს – იმუნიზაცია.

პასიური იმუნიზაციის დროს ადამიანს პირდაპირ უკეთდება კონკრეტული ინფექციური ორგანიზმის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ამ ანტისხეულების მოპოვება ხდება რამდენიმე წყაროდან:

  • იმ ცხოველების (ჩვეულებრივ, ცხენების) სისხლიდან (პლაზმა), რომლებსაც შეხება ჰქონდათ გარკვეულ ორგანიზმთან ან ტოქსინთან და განუვითარდათ იმუნიტეტი;

  • ადამიანებისგან დიდი რაოდენობით შეგროვილი სისხლიდან, რომელსაც ეწოდება ადამიანის იმუნოგლობულინი;

  • ადამიანებისგან, რომელთაც უკვე აქვთ ანტისხეულები კონკრეტული დაავადების მიმართ (ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც ჩაუტარდათ იმუნიზაცია ან ისინი, რომლებიც ამარცხებენ დაავადებას), ასეთი ადამიანები გამოიმუშავებენ ჰიპერიმუნურ გლობულინს, რადგან მათ სისხლში აქვთ ანტისხეულების მომატებული რაოდენობა;

  • ანტისხეულების წარმომქმნელი უჯრედებისგან (ჩვეულებრივ აღებულია თაგვებისგან), რომლებიც გაზრდილია ლაბორატორიაში.

პასიური იმუნიზაცია გამოიყენება იმ ადამიანებში, რომელთა იმუნური სისტემა ადეკვატურად ვერ რეაგირებს ინფექციაზე ან ადამიანებში, რომლებიც ვაქცინაციამდე დაინფიცირდნენ (მაგ. ცოფის ვირუსით დაინფიცირების დროს). პასიური იმუნიზაციის გამოყენება შეიძლება აგრეთვე მაშინ, როდესაც ადამიანებს შეხება ჰქონდათ ინფექციურ აგენტთან და არ აქვთ საკმარისი დრო, რომ დაიწყონ ან დაასრულონ აცრების ციკლი. მაგ. გამა გლობულინის (ანტისხეულის ხშირი ტიპი) შემცველი ხსნარი გამოიყენება ჰეპატიტის პრევენციის მიზნით იმ ადამიანებში, რომლებიც მოგზაურობენ მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში. პასიური იმუნიზაცია გრძელდება მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა, მანამ, სანამ ორგანიზმი არ მოიცილებს შეყვანილ ანტისხეულებს.

ვაქცინების და ანტისხეულების შეყვანა ჩვეულებრივ ხდება კუნთებში (ინტრამუსკულურად) ან კანქვეშ (სუბკუტანეურად). ზოგჯერ ანტისხეულების შეყვანა ხდება ვენაში (ინტრავენურად).

დღეს არსებული ვაქცინები სანდოა და ადამიანების უმრავლესობა ძალიან კარგად იტანს მათ. იშვიათად აქვთ გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი ვერ მუშაობენ ეფექტურად ყველა ადამიანში.

ზოგიერთი აცრის გაკეთება ხდება რუტინულად, მაგ. მოზრდილებში მიზანშეწონილია ტეტანუსის ანატოქსინის ყოველ 10 წელიწადში ერთხელ შეყვანა. ზოგიერთი ვაქცინა რუტინულად უკეთდებათ ბავშვებს.

სხვა აცრები, ჩვეულებრივ, უკეთდებათ ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებს. მაგ. ყვითელი ცხელების აცრა უკეთდებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობენ აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონკრეტულ ნაწილებში. და მაინც, ადამიანებს, რომლებსაც სავარაუდოდ ჰქონდათ შეხება სპეციფიკურ დაავადებასთან, უტარდებათ ვაქცინაცია. მაგ. ცოფზე აცრა უტარდება იმ ადამიანს, რომელსაც ძაღლმა უკბინა.