ბავშვებს მთელ რიგ აცრებს ჩვეულებრივ სტანდარტული სქემის მიხედვით უკეთებენ. თუ აცრა გამოტოვებულ იქნა, მათი უმეტესობის გაკეთება შესაძლებელია მოგვიანებით, მოგვიანებითი აცრების ცხრილის მიხედვით. მოზრდილებს აგრეთვე ეძლევათ რჩევა კონკრეტული აცრების ჩატარების შესახებ. როდესაც ექიმი ვაქცინაციის რჩევას აძლევს ადამიანს, ის ითვალისწინებს პაციენტის ასაკს, ანამნეზს, ბავშვობაში ჩატარებულ აცრებს, პროფესიას, გეოგფრაფიულ ადგილმდებარეობას, სამოგზაურო გეგმებს და სხვა ფაქტორებს. იმის გამო, რომ აშშ-ში აცრებს ფართოდ იყენებენ, ბევრი, წარსულში ხშირი დაავადება, ახლა ან ძალზე იშვიათია, ან კარგად კონტროლდება.
შესაძლებელია ერთდროულად ერთზე მეტი აცრის გაკეთება. ისინი ერთ კომბინირებულ ვაქცინაში ერთიანდება ან ცალკეულ ადგილებზე ცალკეული ინექციის სახით კეთდება.
ვაქცინები ჩვეულებრივ არ იწვევენ პრობლემებს, თუმცა შეიძლება გამოიწვიონ მსუბუქი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ნემსის გაკეთების ადგილას სიწითლე და ტკივილი. ვნებათაღელვას იწვევდა თიმეროზალის (ზოგიერთი ვაქცინის ვერცხლისწყალზე დაფუძნებული დამცავი საშუალება) უვნებლობის საკითხი ჩვილ ბავშვებში, მაგრამ მისი მავნებლობის დამტკიცება არ მოხდა. კერძოდ კი, არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ თიმეროზალის შემცველი ვაქცინები კავშირში არიან აუტიზმის განვითარებასთან. მიუხედავად ამისა, ბევრმა მწარმოებელმა ჩვილი ბავშვებისთვის შექმნა ვაქცინები თიმეროზალის გარეშე. ინფორმაცია იმ ვაქცინების შესახებ, რომლებიც ახლაც კი შეიცავენ ვერცხლისწყლის მცირე დოზებს ან თიმეროზალს, განთავსებულია ვაქცინების უსაფრთხოების ინსტიტუტის ინტერნეტგვერდზე.
ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება არ აიცრას ადამიანი, არის მწვავე ალერგიული რეაქცია (როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი) ვაქცინაზე ან მის რომელიმე კომპონენტზე. თუმცა, ზოგიერთი ვაქცინა, ჩვეულებრივ კი ისინი, რომლებიც შეიცავენ ცოცხალ ვირუსს, საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ ან გადავავადოთ მათი გამოყენება ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები:
დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველის საწინააღმდეგო ვაქცინა წარმოადგენს კომბინირებულ ვაქცინას, რომელიც იცავს ორგანიზმს ამ სამი დაავადებისგან:
ვაქცინას აქვს ორი ფორმა: DTaP ვაქცინა 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და Tdap ვაქცინა მოზარდებისა და მოზრდილებისთვის. Tdap შეიცავს დიფტერიისა და ყივანახველას უფრო მცირე დოზებს, რაც გამოხატულია მცირე ზომის d და p ასოებით.
შეყვანის გზა: ვაქცინა შეჰყავთ კუნთში ინექციის გზით. კეთდება 5 ინექცია: ჩვეულებრივ, 2, 4, 6, 15-18 თვის და 4-6 წლის ასაკში. იმის გამო, რომ ყივანახველის შემთხვევები გახშირდა მოზრდილებში, საჭიროა განმეორებითი ვაქცინაცია 11-12 წლის ასაკში და შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ – ტეტანუსი-დიფტერიის განმეორებითი აცრა.
გვერდითი მოვლენები: ვაქცინის შეყვანის ადგილი შეიძლება გაწითლდეს, შეშუპდეს და იყოს მტკივნეული. სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია. მათ მიეკუთვნება მაღალი ცხელება, უნუგეშო ტირილი, კრუნჩხვები და მწვავე ალერგიული რეაქცია. სერიოზული გვერდითი ეფექტების მიზეზი ჩვეულებრივ, ამ კომბინირებული ვაქცინის ყივანახველას კომპონენტია. თუ ისინი გამოვლინდა, ყივანახველას ვაქცინა შემდეგ აღარ გამოიყენება, მაგრამ შესაძლებელია დიფტერიისა და ტეტანუსის აცრის გაკეთება, რათა დასრულდეს ვაქცინაციის სერია. აცრას აღარ იმეორებენ, თუ აცრის გაკეთების შემდეგ 3-7 დღის განმავლობაში განვითარდა კრუნჩხვები.
ჰემოფილუს ინფლუენცას B ტიპის (Hib) ვაქცინა იცავს Hib-ით გამოწვეული ბაქტერიული ინფექციებისგან, როგორებიცაა პნევმონია და მენინგიტი. ეს ინფექციები შეიძლება მიმდინარეობდნენ მწავავე ფორმით ბავშვთა ასაკში. ვაქცინის გამოყენებამ 99%-ით შეამცირა დაავადების მწვავე ფორმებით ავადობა ბავშვებში. ეს ინფექციები იშვიათია მოზრდილებში.
არსებობს ვაქცინის განსხვავებული ფორმები.
შეყვანის გზა: ვაქცინა შეჰყავთ კუნთში ინექციის გზით. დოზები შეჰყავთ 2 და 4 თვის ასაკში ან 2, 4 და 6 თვის ასაკში, დოზების შეყვანის ვადები დამოკიდებულია გამოყენებულ ფორმებზე. ნებისმიერ შემთხვევაში საბოლოო დოზა კეთდება 12-15 თვის ასაკში (სულ ჯამში გამოდის 3 ან 4 დოზა). უნდა აიცრას ყველა ბავშვი. მოზრდილებს, რომლებიც იმყოფებიან ამ ინფექციების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ (მაგ. ადამიანები, რომლებსაც აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა) შეუძლიათ ისარგებლონ ამ ვაქცინაციით.
გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ ვაქცინის შეყვანის ადგილი წითლდება, შუპდება და ხდება მტკივნეული.
A ჰეპატიტის ვაქცინა იცავს ადამიანს A ჰეპატიტისგან. ჩვეულებრივ, A ჰეპატიტი B ჰეპატიტზე უფრო მარტივი ინფექციაა. A ჰეპატიტი ხშირად უსიმპტომოა, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, გულისრევა, ღებინება და სიყვითლე. A ჰეპატიტს არ ახასიათებს გაქრონიკულება. ვაქცინის გამოყენებამ შეამცირა დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა.
შეყვანის გზა: A ჰეპატიტის ვაქცინა შეჰყავთ კუნთში ინექციის გზით. ყველა ბავშვს უკეთდება ორი დოზა: ჩვეულებრივ 12-18 თვის ასაკში და შემდეგ – 6-12 თვის შემდგომ. აცრა რეკომენდებულია აგრეთვე მოზრდილებისთვის, რომლებიც იმყოფებიან დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ მტკივნეულია ვაქცინის შეყვანის ადგილი. არაა დაფიქსირებული რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები.
B ჰეპატიტისვაქცინა იცავს ადამიანსB ჰეპატიტისგან. ზოგადად, B ჰეპატიტი A ჰეპატიტზე უფრო სერიოზულია და ზოგჯერ ლეტალურადაც კი მთავრდება. სიმტომები შეიძლება იყოს მსუქუბი ან მწვავე. მათ მიეკუთვნება უმადობა, ღებინება და დაღლილობა. ადამიანების 5-10%-ში ჰეპატიტი იღებს ქრონიკულ სახეს.
შეყვანის გზა: ვაქცინა ჩვეულებრივ შეჰყავთ კუნთში ინექციის გზით (აცრების 3 სერია), თუმცა, თუ უკვე აცრილ ადამიანს შეხება ექნება ვირუსთან, ექიმი განსაზღვრავს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონეს სისხლში. თუ მათი დონე დაბალია, ადამიანს შეიძლება დასჭირდეს B ჰეპატიტზე ხელახალი ვაქცინაცია.
ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ბავშვისა და მოზრდილისთვის, განსაკუთრებით კი იმ მოზარდებისთვის, რომლებიც იმყოფებიან დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ მტკივნეულია ვაქცინის შეყვანის ადგილი და ვითარდება მსუბუქი ცხელება. ადამიანებს, რომელთაც აღენიშნებოდათ მწვავე ალერგიული რეაქცია ბეკერის საფუვრის სოკოზე (ეს სოკო გამოიყენება ვაქცინის წარმოქმნისთვის), არ უნდა ჩაუტარდეთ ეს ვაქცინაცია.
ჰერპეს ზოსტერის ვაქცინის დახმარებით შესაძლებელია, შემცირდეს ჰერპეს ზოსტერის განვითარების რისკი და მისი გადატანის შემდგომ არსებული ტკივილი (ჰერპესის შემდგომი ნევრალგია). ჰერპეს ზოსტერის გამომწვევი ვირუსი აგრეთვე იწვევს ჩუტყვავილას. ჩუტყვავილის გადატანის მერე ვირუსი რჩება ორგანიზმში. წლების შემდეგ შეიძლება მოხდეს ვირუსის რეაქტივაცია, რაც გამოიწვევს ჰერპეს ზოსტერის განვითარებას, რომელსაც ახასიათებს მტკივნეული გამონაყარი, ჩვეულებრივ – სხეულის ერთ მხარეს. გამონაყარი უკუგანვითარდება რამდენიმე კვირაში, მაგრამ ჰერპესის შემდგომი ნევრალგია შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში.
ეს ვაქცინა ვარიცელას მსგავსი ვაქცინაა და შეიცავს ცოცხალ ვირუსს.
შეყვანის გზა: ვაქცინის შეყვანა ხდება ერთჯერადი დოზით, კანქვეშ ინექციით. შესაძლებელია მისი გამოყენება იმ ადამიანებში, რომელთა ასაკიც აღემატება 60 წელს.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად, ვაქცინის შეყვანის ადგილი შეიძლება გახდეს მტკივნეული.
ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა (HPV) ხელს უწყობს ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის სიმსივნისა და სასქესო ორგანოების მეჭეჭების თავიდან აცილებას.
შეყვანის გზა: ვაქცინაცია ხდება კუნთში ინექციის სახით, 3 დოზით: მეორე და მესამე რევაქცინაცია კეთდება პირველი დოზის შეყვანიდან შესაბამისად 2 და 6 თვის შემდეგ. რეკომენდებულია ამ აცრის გაკეთება 11-13 წლის გოგონებისთვის, მაგრამ შესაძლებელია ვაქცინაცია 26 წლამდე.
გვერდითი მოვლენები: ვაქცინის შეყვანის ადგილი ზოგჯერ წითლდება, შუპდება და ხდება მტკივნეული. არ დაფიქსირებულა სერიოზული გვერდითი ეფექტები.
გრიპის ვაქცინა იცავს გრიპისგან. არსებობს გრიპის ვირუსის ორი ტიპი: ტიპი A და ტიპი B და თითოეულ ტიპს მიეკუთვნება ბევრი განსხვავებული შტამი. ვირუსის ის შტამები, რომლებიც იწვევენ გრიპის ეპიდემიის აფეთქებებს, ყოველ წელს იცვლებიან. შესაბამისად, ყოველ წელს საჭიროა გრიპის ახალი ვაქცინა.
გრიპი შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქი ფორმით, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ტკივილები და დაღლილობა, მაგრამ ის აგრეთვე, შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმე ფორმით, რომელიც შეიძლება ლეტალურადაც კი დამთავრდეს. მძიმე ფორმები, ჩვეულებრივ, ვითარდება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ან მოხუცებში – 65 წლის ზევით.
შეყვანის გზა: ვაქცინა შეყავთ ერჯერადად კუნთში. აცრა რეკომენდებულია 6-59 თვის ბავშვებისთვის, 50 წელს გადაცილებულთათვის და სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. აგრეთვე, აცრა შეიძლება ჩაუტარდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მოითხოვს გრიპზე ვაქცინაციას.
არსებობს ორი სახის გრიპის ვაქცინა: ინექცია და ნაზალური სპრეი. ნაზალური სპრეი, რომელიც შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რეკომენდებულია მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომელთა ასაკი მერყეობს 2-დან 49 წლამდე და იმ ქალი პაციენტებისათვის, რომლებიც არ არიან ორსულად.
გრიპის ეპიდემიები ჩვეულებრივ იწყება დეკემბრის ბოლოს ან ზამთრის შუა პერიოდში. ამიტომ, ვაქცინაციის ჩატარების საუკეთესო დრო არის სექტემბერი ან ოქტომბერი. ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო აცრა შეიქმნა იმ შემთხვევისთვის, როდესაც ვირუსი შეძლებს ადამიანიდან ადამიანზე გავრცელებას.
გვერდითი მოვლენები: ვაქცინის შეყვანის ადგილი ზოგჯერ ხდება მტკივნეული. ძალზე იშვიათად, აცრამ შეიძლება გამოიწვიოს გილენ-ბარეს სინდრომი, რომელიც წარმოადგენს ნერვის პროგრესირებად დაავადებას. ნაზალურმა სპრეიმ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირიდან გამონადენი და ყელის ტკივილი. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მწვავე ალერგია კვერცხზე, შეიძლება განუვითარდეთ მწვავე ალერგიული რეაქცია გრიპის ვაქცინაზე, რადგან ის დამზადებულია კვერცხში გაზრდილი ვირუსებისგან.
წითელა, წითურა, ყბაყურას ვაქცინა (წწყ) წარმოადგენს კომბინირებულ ვაქცინას, რომელიც იცავს ამ 3 ვირუსული დაავადებისგან:
შეყვანის გზა: ვაქცინა შეჰყავთ კანქვეშ. ვაქცინაცია ხდება ორჯერ: 12-15 თვის ასაკში და შემდეგ, ჩვეულებრივ, 4-6 წლის ასაკში. თუ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ 1956 წლის შემდეგ, არასდროს გადაუტანიათ ამ სამი დაავადებიდან ერთ-ერთი და არ მიუღიათ ამ ვაქცინის ორი დოზა, საჭიროა მოხდეს მათი აცრა მინიმუმ ერთხელ. მოზრდილებმა, რომელთაც შეიძლება შეხება ჰქონდეთ ამ დაავადებებთან (მაგ. ადამიანები, რომლებიც იწყებენ კოლეჯში სწავლას ან სამხედრო სამსახურს, მუშაობენ სკოლებსა ან ბავშვთა მოვლის ცენტრებში ან მოგზაურობენ საზღვარგარეთ), უნდა მიიღონ ვაქცინის მეორე დოზაც.
ვაქცინაცია არ უნდა ჩაუტარდეთ ორსულ ქალებსა და იმ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ სერიოზული ალერგიული რეაქცია ჟელატინზე ან ანტიბიოტიკ ნეომიცინზე.
არსებობს წითელას, წითურას და ყბაყურას ინდივიდუალური ვაქცინები. თუმცა, ჩვეულებრივ გამოიყენება სამივე მათგანის საწინააღმდეგოდ მიმართული ვაქცინა. კომბინირებული ვაქცინა გამოიყენება იმიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ესაჭიროება დაცვა ამ დაავადებებიდან ერთ-ერთისგან, ჩვეულებრივ ესაჭიროება დაცვა დანარჩენი ორისგანაც.
გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ ადამიანს უვლინდება მსუბუქი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ცხელება, შეუძლოდ ყოფნის ზოგადი შეგრძნება (სისუსტე) და გამონაყარი. აცრამ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი შებოჭილობა და მტკივნეულობა სახსრებში, ჩვეულებრივ მოზარდ გოგონებსა და ქალებში.
მენინგოკოკური ვაქცინა იცავს ბაქტერია Neisseria meningitidis-ით გამოწვეული ინფექციისაგან, რასაც შეიძლება მოჰყვეს მენინგიტი ან სიკვდილი. ეს ბაქტერიები წარმოადგენენ ბაქტერიული მენინგიტის წამყვან მიზეზს ბავშვებში და მენინგიტის მეორე წამყვან მიზეზს მოზრდილებში. ამ ინფექციას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი სიმპტომები:
შეყვანის გზა: ვაქცინა შეჰყავთ ერჯერადად, კუნთში ან კანქვეშ ინექციის სახით. აშშ-ში არის ვაქცინის ორი ფორმა: პოლისაქარიდული ვაქცინა – 2-10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და კონიუგირებული ვაქცინა – ადამიანებისთვის, რომელიც არიან 11 წლის ან უფროსები.
მენინგოკოკური ვაქცინა რეკომენდებულია ყველა ბავშვისთვის 11-12 წლის ასაკში. ის აგრეთვე რეკომენდებულია ადამიანების შემდეგი ჯგუფებისთვის:
გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ ვაქცინის შეყვანის ადგილი წითლდება, შუპდება და ხდება მტკივნეული. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ცხელება და დაღლილობა. კონიუგირებული ვაქცინით აცრის შემდეგ ადამიანების მცირე ნაწილს განუვითარდა გილენ-ბარეს სინდრომი. ამიტომ, ვაქცინაცია არ უნდა ჩაუტარდეთ იმ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ ეს სინდრომი.
პნევმოკოკის ვაქცინა იცავს ორგანიზმს Streptococcus pneumonia-თი გამოწვეული ბაქტერიული ინფეციებისგან, როგორებიცაა ყურის ინფექციები, სინუსური ღრუების ანთებები, ფილტვის ანთება და მენინგიტი.
შეყვანის გზა: არსებობს ვაქცინის ორი ფორმა. კონიუგირებული ვაქცინა ჩვეულებრივ ეძლევათ 2, 4, 6 და 12-15 თვის ასაკში. პოლისაქარიდული ვაქცინა ეძლევათ უფრო დიდი ასაკის მქონე ბავშვებს, რომლებიც იმყოფებიან ფილტვების ანთებისა ან სხვა პნევმოკოკური ინფექციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. ვაქცინაცია ხდება ორი დოზით: 24 თვის ასაკში და შემდეგ პირველი ვაქცინაციიდან 3-5 წლის შემდგომ. პოლისაქარიდული ვაქცინა რეკომენდებულია დიდი ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ამ ინფექციების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
პოლისაქარიდული ვაქცინა ეფექტურია 3 მოზრდილიდან ორში, თუმცა, ის ნაკლებად ეფექტურია დასუსტებულ, ხანში შესულ ადამიანებში. უფრო ეფექტურია მისი გამოყენება პნევმოკოკური პნევმონიის სერიოზული გართულებების პრევენციის მიზნით, ვიდრე ფილტვების ანთების თავიდან ასაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ერთმა ინექციამ შეიძლება უზრუნველყოს სამუდამო დაცვა, ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, ურჩევენ ვაქცინაციის ჩატარებას 5 წლის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ ვაქცინის შეყვანის ადგილი წითლდება და ხდება მტკივნეული. სხვა გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება ცხელება, გაღიზიანება, მოთენთილობა, უმადობა და ღებინება.
პოლიომიელიტის აცრა იცავს პოლიომიელიტისგან, ძალზე გადამდები ვირუსული ინფექციისგან, რომელიც აზიანებს ნერვებს. პოლიომიელიტმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მუდმივი სისუსტე, დამბლა და ზოგჯერ სიკვდილიც კი.
არსებობს ორი ფორმა. ერთი შეიცავს დახოცილ ვირუსებს და ხდება მისი ინექცია. მეორე შეიცავს ცოცხალ, მაგრამ დასუსტებულ ვირუსს და მიიღება პირიდან (პერორალურად). ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინა აშშ-ში აღარ გამოიყენება, რადგანაც ის იწვევს პოლიომიელიტს 2.4 მილიონი აცრილი ადამიანიდან ერთში.
შეყვანის გზა: ვაქცინას აძლევენ 4 დოზის სახით: 2, 4, 6-18 თვისა და 4-6 წლის ასაკში. იმის გამო, რომ პოლიომიელიტი აშშ-ში ძალზე იშვიათია, 18 წელს ზევით აუცრელ ადამიანებს ვაქცინაცია აღარ უტარდებათ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი მიდიან სამოგზაუროდ იმ ადგილებში, სადაც პოლიომიელიტი ხშირია.
გვერდითი მოვლენები: ადამიანებს, რომელთაც აქვთ ალერგია შემდეგი ანტიბიოტიკების – სტრეპტომიცინის, ნეომიცინის ან პოლიმიქსინ B-ს მიმართ, შეიძლება ჰქონდეთ ალერგიული რეაქცია ამ აცრაზე. ვაქცინა შეიძლება შეიცავდეს ამ ანტიბიოტიკების მცირე რაოდენობას.
როტავირუსული ვაქცინა იცავს გასტროენტერიტისგან, რომელიც იწვევს ღებინებას, ფაღარათს და თუ სიმპტომები გახანგრძლივდება – დეჰიდრატაციას.
შეყვანის გზა: ვაქცინა შედის ბავშვებისთვის რეკომენდებული ვაქცინაციების ცხრილში. ვაქცინა ეძლევა სამი დოზით: 2, 4 და 6 თვის ასაკში.
გვერდითი მოვლენები: არ დაფიქსირებულა მწვავე გვერდითი მოვლენები, თუმცა, მსუბუქი, დროებითი ფაღარათი ვითარდება ბავშვების 1-3%-ში ვაქცინაციიდან 7 დღის განმავლობაში.
ტეტანუსის ვაქცინა იცავს ტეტანუსის ბაქტერიის მიერ წარმოქმნილი ტოქსინისგან და არა უშუალოდ ბაქტერიისგან. ჩვეულებრივ, ბაქტერიები იჭრებიან სხეულში ჭრილობის მეშვეობით და შემდეგ იწყებენ გაზრდასა და ტოქსინის გამოყოფას. ტოქსინი იწვევს კუნთების ძლიერ სპაზმებს, რაც შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს. ამის გამო, ვაქცინაცია მეტად მნიშვნელოვანია.
შეყვანის გზა: ვაქცინას ჩვეულებრივ უკეთებენ ბავშვთა ასაკში, როგორც დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველის აცრის ნაწილს. კომბინირებული ვაქცინა კეთდება 5 ინექციის სახით, ხოლო შემდგომ მოჰყვება განმეორებითი აცრა, რომელიც შეიცავს ტეტანუსის იგივე, მაგრამ დიფტერიისა და ყივანახველის ვაქცინების შემცირებულ რაოდენობას. განმეორებითი დოზა კეთდება 11-12 წლის ასაკში. იმის გამო, რომ ყივანახველის მიმართ იმუნიტეტი იკლებს, 16-64 წლის ხალხმა უნდა ჩაიტაროს ეს განმეორებითი ვაქცინაცია, თუ წარსულში მათ ის არ ჩაუტარებიათ. ამის შემდგომ რეკომენდებულია ტეტანუსზე განმეორებითი აცრა ყოველ 10 წელიწადში. აგრეთვე, ზოგჯერ ადამიანი უნდა აიცრას გარკვეული ტრავმის მერე.
გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ ვაქცინის შეყვანის ადგილი წითელი, შეშუპებული და მტკივნეულია. სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათია და მათ მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქცია.
ვარიცელას ვაქცინა იცავს ჩუტყვავილასგან (ვარიცელა), რომელიც წარმოადგენს ვარიცელა ზოსტერის ვირუსით გამოწვეულ ძალზე გადამდებ ინფექციას. მას ახასიათებს ქავილიანი გამონაყარი, რომელიც ჰგავს მცირე ზომის ბებერას წითელი ფუძით. ზოგიერთ ადამიანში ხდება აგრეთვე თავის ტვინის, ფილტვების, გულისა და სახსრების დაინფიცირება. ვირუსი რჩება ორგანიზმში. თუ მოხდა მისი რეაქტივაცია, წლების მერე მან შეიძლება გამოიწვიოს ჰერპეს ზოსტერი.
შეყვანის გზა: ვარიცელას საწინააღმდეგო ვაქცინა არის ბავშვებისთვის რეკომენდებული რუტინული ვაქცინაციის გეგმის ნაწილი. ვაქცინა კეთდება კანქვეშა ინექციის სახით. აკეთებენ ორ დოზას: 12-15 თვის ასაკში და შემდეგ 4-6 წლის ასაკში. ის აგრეთვე რეკომენდებულია ყველა მოზარდისა და მოზრდილისთვის, რომლებიც არ იყვნენ აცრილები ან არ გადაუტანიათ დაავადება. მათ ცრიან ორჯერ, აცრებს შორის შუალედია 4-8 კვირა.
იმის გამო, რომ ვაქცინა შეიცავს ცოცხალ ვირუსს, ის არ უკეთდება ორსულ ქალებს, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონეთ ან ადამიანებს ძვლის ტვინის ან ლიმფური სისტემის სიმსივნით.
გვერდითი მოვლენები: ვაქცინა უსაფრთხოა, გვერდითი ეფექტები კი – მსუბუქი. აცრილი ადამიანების 1/4-ზე ნაკლებში, აცრის შეყვანის ადგილი ხდება მტკივნეული, შეშუპებული და წითელი. ძალზე იშვიათად ვითარდება ჩუტყვავილას მსგავსი გამონაყარი.
ვაქცინაციის შემდეგ ასპირინისა და მასთან დაკავშირებული წამლების (სალიცილატები) მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს რეიეს სინდრომი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამის გამო, ბავშვებს აცრიდან 6 კვირის განმავლობაში არ უნდა მიეცეთ ეს პრეპარატები.