კალციუმი | მკურნალი.გე
  1. კალციუმი
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
კალციუმი

ორგანიზმში არსებული კალციუმის დაახლოებით 90% ინახება ძვლებში, თუმცა სისხლი და სხვა ქსოვილებიც (განსაკუთრებით კუნთები) შეიცავენ კალციუმის გარკვეულ რაოდენობას. კალციუმი წარმოადგენს აუცილებელ მინერალს შემდეგი პროცესებისთვის:

  • კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის

  • კუნთების შეკუმშვის უნარისთვის

  • არაერთი ფერმენტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

  • სისხლის შედედებისთვის

  • გულის რიტმული მუშაობისთვის

ორგანიზმი ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლებს კალციუმის კონცენტრაციას უჯრედებსა და სისხლში. ჰიპოკალციემიის დროს (სისხლში კალციუმის დაბალი დონე) კალციუმის გარკვეული რაოდენობა, რომელიც დაგროვილია ძვლებში დეპოს სახით, გადმოდის სისხლში, რათა შენარჩუნდეს მისი ნორმალური კონცენტრაცია. თუ პაციენტი არ იღებს საკმარისი რაოდენობით კალციუმს, სისხლში მისი დონე მცირდება, რაც იწვევს ძვლებიდან კალციუმის გამოდევნას სისხლისკენ, შემდგომში ძვლების სისუსტეს და საბოლოოდ ოსტეოპოროზის განვითარებას. იმისათვის, რომ სისხლში კალციუმის დონე მუდმივად ნორმულ მაჩვენებელს შეესაბამებოდეს ძვლების დასუსტების გარეშე, ადამიანმა დღეში საკვებთან ერთად უნდა მიიღოს სულ მცირე 1000-დან 1500 მგ-მდე კალციუმი.

სისხლში კალციუმის დონის მუდმივობას არეგულირებს ორი ჰორმონი – პარათირეოიდული ჰორმონი და კალციტონინი.

პარათირეოიდული ჰორმონი სინთეზირდება ოთხი მცირე ზომის პარათირეოიდული ჯირკვლის მიერ, რომლებიც ლოკალიზებულია კისრის წინა ნაწილში, ფარისებური ჯირკვლის გარშემო. როდესაც სისხლში კალციუმის კონცენტრაცია იკლებს, პარათირეოიდული ჯირკვლები იწყებენ ჰორმონის გაძლიერებულ პროდუქციას და პირიქით, სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის პირობებში პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავება მცირდება. პარათირეოიდული ჰორმონი მოქმედებს შემდეგ პროცესებზე:

  • ასტიმულირებს ძვლებიდან სისხლში კალციუმის გადასვლას;

  • ამცირებს თირკმლის მიერ კალციუმის გამოყოფას;

  • აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მიერ კალციუმის შეწოვის პროცესს;

  • იწვევს D ვიტამინის გააქტიურებას თირკმელების სტიმულაციის გზით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის მიერ კალციუმის გაძლიერებულ შეწოვას.

კალციტონინი წარმოიქმნება ფარისებური ჯირკვლის უჯრედების მიერ. ის ამცირებს კალციუმის დონეს სისხლში ძვლების დაზიანების განვითარების შეფერხების გზით, თუმცა მხოლოდ უმნიშვნელოდ.

ჰიპოკალციემია

ჰიპოკალციემიის დროს სისხლში კალციუმის დონე დაბალია.

  • კალციუმის შემცირება სისხლში შესაძლოა განპირობებული იყოს პარათირეოიდული ჯირკვლების პათოლოგიით, თირკმლის დაავადებით ან ზოგიერთი სახეობის მედიკამენტის მიღებით;

  • თუ ჰიპოკალციემია პროგრესირებს, პაციენტი ხდება დეპრესიული, შესაძლოა გამოვლინდეს კონფუზია (დეზორიენტაცია დროსა და გარემოში), გულმავიწყობა, ყურებში ხმაური, ხელებისა და ფეხების თითების დაჭიმულობა, კუნთოვანი სისუსტე;

  • ჩვეულებრივად ჰიპოკალციემიის გამოვლენა ხდება რუტინული სისხლის ანალიზით;

  • შესაძლოა საჭირო გახდეს კალციუმისა და D ვიტამინის დანამატის სახით მიღება.

სისხლში არსებული კალციუმის დაახლოებით 40% შეკავშირებულია სისხლის პროტეინებთან, ძირითადად ალბუმინებთან. პროტეინთან შეკავშირებული კალციუმი ფუნქციურად არააქტიურია და ძირითადად მარაგის ფუნქცია აქვს. მხოლოდ შეუკავშირებელ კალციუმს გააჩნია ორგანიზმის ფუნქციონირებაზე ზემოქმედების უნარი. ასე რომ, ჰიპოკალციემია ხდება დარღვევის მიზეზი, როდესაც სისხლში დაბალია თავისუფალი (შეუკავშირებელი) კალციუმის დონე. შეუკავშირებელ კალციუმს გააჩნია ელექტრული (იონური) მუხტი, ამიტომ მას იონიზებულ კალციუმს უწოდებენ.

მიზეზები

ჰიპოკალციემია ყველაზე ხშირად ვითარდება შარდით კალციუმის გაძლიერებული გამოყოფისას ან ძვლებიდან სისხლში გადასული კალციუმის არასაკმარისი რაოდენობისას. ჰიპოკალციემიის მიზეზებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

  • სისხლში პარათირეოიდული ჰორმონის დაბალი შემცველობა (ჰიპოპარათირეოიდიზმი), რაც განპირობებულია ფარისებურ ჯირკვალზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შედეგად პარათირეოიდული ჯირკვლების დაზიანებით;

  • პარათირეოიდული ჰორმონის ნორმალური დონის მიუხედავად, საპასუხო რეაგირების არარსებობა (ფსევდო-ჰიპოპარათირეოიდიზმი);

  • დაბადებიდან პარათირეოიდული ჯირკვლების არარსებობა;

მაგნიუმის დაბალი დონე (ჰიპომაგნიემია), რომელიც ასუსტებს პარათირეოიდული ჰორმონის აქტივობას;

  • D ვიტამინის დეფიციტი (მზის სხივების არასაკმარისი ზემოქმედება ან მზეზე არასაკმარისად ყოფნა);

  • თირკმლის დისფუნქცია (ხშირი მიზეზია), რაც იწვევს კალციუმის გაძლიერებულ გამოყოფას შარდთან ერთად და D ვიტამინის აქტივობის დაქვეითებას;

  • კალციუმის არაადეკვატური მოხმარება;

  • დაავადებები, რომლებიც ამცირებენ კალციუმის აბსორბციას;

  • პანკრეატიტი;

  • ზოგიერთი მედიკამენტი, როგორიც არის რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი), ანტიკონვულსანტები (როგორიცაა ფენიტოინი და ფენობარბიტალი), ბიფოსფონატები (როგორიც არის ალენდრონატი, იბანდრონატი, რიზედრონატი და ზოლედრონის მჟავა), კალციტონინი, ქლოროქინი, კორტიკოსტეროიდები და პლიკამიცინი.

სიმპტომები

სისხლში კალციუმის დონის ზომიერი დაკლება ხშირად არ იწვევს არანაირ სიმპტომს. დროთა განმავლობაში ჰიპოკალციემია გავლენას ახდენს თავის ტვინზე და ვლინდება ნევროლოგიური ან ფსიქოლოგიური სიმპტომები, როგორიცაა: კონფუზია, მეხსიერების დაქვეითება, დელირიუმი, დეპრესია და ჰალუცინაციები. სისხლში კალციუმის დონის აღდგენის შემთხვევაში ეს სიმპტომები ქრება. მკვეთრი ჰიპოკალციემიის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ჩხვლეტითი შეგრძნებები (ხშირია ტუჩების, ენის, თითებისა და ტერფების არეებში), კუნთების ტკივილი, კუნთოვანი სპაზმი ყელის არეში (ხშირად იწვევს სუნთქვის გაძნელებას), კუნთების დაჭიმულობა, სპაზმები (ტეტანია), კრუნჩხვები და გულის რიტმის დარღვევა.

დიაგნოზი

ხშირად ჰიპოკალციემიის გამოვლენა ხდება რუტინული სისხლის ანალიზით, როდესაც სიმპტომები უკვე თვალსაჩინო ხდება. ექიმი განსაზღვრავს სისხლში კალციუმის საერთო დონეს (რაც მოიცავს ალბუმინთან შეკავშირებულ კალციუმსაც) და ასევე ალბუმინის დონეს, რათა გამოვლინდეს, არაშეკავშირებული კალციუმის შესაძლო დაბალი კონცენტრაცია.

აგრეთვე მოწოდებულია ლაბორატორიული კვლევები თირკმლის ფუნქციის, მაგნიუმის, ფოსფორის, პარათირეოიდული ჰორმონის და D ვიტამინის დონის შესაფასებლად. სხვა ნივთიერებების განსაზღვრა სისხლში შესაძლოა დაეხმაროს ექიმს ჰიპოკალციემიის მიზეზის დადგენაში.

მკურნალობა

მკურნალობა გულისხმობს კალციუმის ჩანაცვლებით თერაპიას ორალური გზით, რომელიც სავსებით საკმარისია დეფიციტის შესავსებად. თუ შესაძლებელია ჰიპოკალციემიის მიზეზის იდენტიფიცირება, მოწოდებულია გამომწვევი მდგომარეობის კორექცია ან მედიკამენტურ თერაპიაში ცვლილების შეტანა, რომელიც სწრაფად აღადგენს კალციუმის დონეს.

ერთჯერადად სიმპტომების გამოჩენისას ჩვეულებრივ მოწოდებულია კალციუმის ინტრავენური შეყვანა. D ვიტამინის დანამატის სახით მიცემა აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თიაზიდური შარდმდენები შესაძლოა მიეცეს პაციენტს თირკმლის მიერ კალციუმის ექსკრეციის შემცირების მიზნით, განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომლებშიც ჰიპოკალციემია განპირობებულია ჰიპოპარათირეოიდიზმით.

ჰიპერკალციემია

ჰიპერკალციემიის დროს სისხლში კალციუმის კონცენტრაცია ნორმაზე მაღალია.

  • სისხლში კალციუმის მაღალი დონე, შესაძლოა განპირობებული იყოს პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქციით, ასევე კვებითი დარღვევებით, კიბოთი ან ძვლებთან დაკავშირებული პრობლემებით;

  • თავდაპირველად ვლინდება კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გაძლიერებული წყურვილი და გახშირებული შარდვა, თუმცა თუ კალციუმის დონე მკვეთრად მაღალია, შესაძლოა პაციენტს დასჭირდეს სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობაც.

  • ჩვეულებრივ დაავადების გამოვლენა ხდება რუტინული (სტანდარტული) სისხლის ანალიზით;

  • ჰიპერკალციემიის კორექციისთვის შესაძლოა საკმარისი იყოს მხოლოდ ჭარბი რაოდენობით სითხის მიღება, თუმცა დამატებით შარდმდენების გამოყენება ზრდის თირკმლის მიერ კალციუმის გამოყოფას, რაც თავის მხრივ ამცირებს კალციუმის დონეს. ასევე არსებობს მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ ძვლებიდან კალციუმის გადასვლას სისხლში, თუ ამის საჭიროება დადგება.

მიზეზები

ჰიპერკალციემია შესაძლებელია განპირობებული იყოს არაერთი დარღვევით, ეს შეიძლება იყოს:

  • ჰიპერპარათირეოზი: მცირე ზომის ოთხი პარათირეოიდული ჯირკვლიდან ერთი ან მეტი მათგანი იწყებს პარათჰორმონის გაძლიერებულ პროდუქციას, რომელიც გავლენას ახდენს სისხლში კალციუმის კონცენტრაციაზე.

  • ძალიან ბევრი კალციუმი: ჰიპერკალციემია განსაკუთრებით ხშირია პაციენტებში, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ პეპტიკური წყლული და ხანგრძლივად იღებენ ანტაციდებს, რომელიც დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს. აღნიშნული პათოლოგია ცნობილია რძე-ტუტის სინდრომით;

  • D ვიტამინის სიჭარბე: იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ყოველდღიურად იღებს D ვიტამინს მაღალი დოზებით, რამდენიმე თვის განმავლობაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კალციუმის შეწოვა ძლიერდება, რაც თავის მხრივ ხდება ჰიპერკალციემიის მიზეზი.

  • კიბო: თირკმლის, ფილტვისა და საკვერცხის კიბოს უჯრედები ხშირად აპროდუცირებენ დიდი რაოდენობით პროტეინებს, რომლებიც მსგავსად პარათირეოიდული ჰორმონისა, ზრდიან კალციუმის დონეს სისხლში, აღნიშნული პათოლოგიური პროცესი პარანეოპლაზიური სინდრომის სახელითაა ცნობილი, გარდა ამისა, კალციუმი შესაძლოა ჭარბად გამოთავისუფლდეს სისხლში, როდესაც კიბო გავრცელებულია (მეტასტაზირებული) ძვლებში და არღვევს ძვლის უჯრედებს. ძვლების მსგავსი დაზიანება ხშირად გვხვდება პროსტატის, ძუძუსა და ფილტვის კიბოს შემთხვევებში. მრავლობითი მიელომა (ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც აზიანებს ძვლის ტვინს), ასევე ხასიათდება ძვლების დესტრუქციით, რასაც თან ახლავს ძვლებიდან კალციუმის გადმოსვლა სისხლში და ჰიპერკალციემია. სხვა სიმსივნურ ახალწარმონაქმნებს შეუძლიათ გაზარდონ კალციუმის კონცენტრაცია, რისი მიზეზიც ბოლომდე გარკვეული არ არის.

  • ძვლის დაავადებები: ძვლების მოტეხილობის (განლეული ძვლები) ან ძვლოვანი ქსოვილის დაშლის დროს, ძვლებში დეპონირებული კალციუმი სისხლში გადადის, რაც ზოგჯერ ჰიპერკალციემიის მიზეზი ხდება. პეჯეტის დაავადების დროს ხშირია ძვლების მოტეხილობები, თუმცა კალციუმის დონე სისხლში ნორმაში რჩება. ასეთ პაციენტებში კალციუმმა შესაძლოა მკვეთრად მოიმატოს თუ დაავადებას თან დაერთო გაუწყლოება ან პაციენტი დიდ დროს ატარებს მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში და ძვლები ხანგრძლივად არის დაუტვირთავი.

  • უმოძრაობა: პაციენტები, რომლებიც ხანგრძლივი დროით არიან იმობილიზებული, მაგ.: პარალიზებული ან ხანგრძლივად მწოლიარე სხვადასხვა მიზეზის გამო, იშვიათად შესაძლოა განუვითარდეთ ჰიპერკალციემია. ძვლების უმოქმედო მდგომარეობაში ხანგრძლივი დროით ყოფნისას, მასში არსებული კალციუმი სისხლში გადაინაცვლებს.

სიმპტომები და დიაგნოზი

ხშირად ჰიპერკალციემია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადრეული სიმპტომები მოიცავს შეკრულობას, ღებინებას და გულისრევას, მუცლის ტკივილს და მადის დაქვეითებას. პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება მოჭარბებული შარდის გამოყოფა, რაც დეჰიდრატაციას და გაძლიერებულ წყურვილს იწვევს. მძიმე ჰიპერკალციემიის დროს ადგილი აქვს ნერვული სისტემის დაზიანებას, რაც ვლინდება კონფუზიით, შფოთვებით, დერილიუმით, ჰალუცინაციებითა და ზოგჯერ კომით. საყურადღებოა კუნთების სისუსტე, გულის რიტმის დარღვევა, რაც პაციენტის სიკვდილით შეიძლება დასრულდეს.

ხანგრძლივად მიმდინარე ჰიპერკალციემია ხშირად იწვევს კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭების განვითარებას. ზოგჯერ ვითარდება თირკმლის უკმარისობაც, რომელიც ჩვეულებრივ უკუგანვითარდება მკურნალობის შემდეგ. თირკმელებში კალციუმის ჭარბად დაგროვების შემთხვევაში, თირკმლის დაზიანება შეიძლება შეუქცევადი გახდეს.

ჰიპერკალციემიის გამოვლენა ჩვეულებრივ რუტინული (სტანდარტული) სისხლის ანალიზითაა შესაძლებელი.

მკურნალობა

თუ ჰიპერკალციემია არ არის მძიმე, მისი გამომწვევი მიზეზის კორექცია საკმარისია სისხლში კალციუმის დონის ნორმალიზაციისთვის. მსუბუქი ჰიპერკალციემიის დროს, როცა თირკმლის ფუნქცია ნორმალურია, პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია, მიიღოს ჭარბი რაოდენობით სითხეები. სითხის მიღება ასტიმულირებს თირკმლის მიერ კალციუმის გაძლიერებულ გამოყოფას და თავიდან აარიდებს პაციენტს დეჰიდრატაციას. თუ სახეზეა მძიმედ მიმდინარე ჰიპერკალციემია, რასაც თან ახლავს ნევროლოგიური სიმპტომები, კუნთების სისუსტე – მკურნალობისთვის მოწოდებულია ინტრავენური სითხეების და შარმდენების ხანგრძლივი გამოყენება, თირკმლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში.

მეტად ეფექტიან, უსაფრთხო და საიმედო მკურნალობის მეთოდად მიჩნეულია დიალიზი, თუმცა ის გამოიყენება მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთათვისაც სხვა სამკურნალო მეთოდები უკუნაჩვენებია.

ჰიპერკალციემიის სამკურნალოდ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ისეთი მედიკამენტები, როგორიც არის ბიფოსფონატები, კალციტონინი, კორტიკოსტეროიდები და იშვიათად პლიკამიცინი. ეს მედიკამენტები აფერხებენ ძვლებიდან კალციუმის გამოდევნას. ონკოლოგიური პროცესის დროს განვითარებული ჰიპერკალციემია სამკურნალოდ მეტად რთულია. თუ კიბოს მიმდინარეობა არაკონტროლირებადია, ჰიპერკალციემიას განმეორებითი ხასიათი აქვს, მიუხედავად სწორად წარმოებული მკურნალობისა.