კალიუმი | მკურნალი.გე
  1. კალიუმი
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
კალიუმი

ორგანიზმში არსებული კალიუმის დიდი ნაწილი ლოკალიზებულია უჯრედების შიგნით. კალიუმი აუცილებელი ელექტროლიტია უჯრედების, ნერვებისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ორგანიზმი უნდა უზრუნველყოფდეს კალიუმის მუდმივ დონეს სისხლში ნორმის ვიწრო ზღვრულ ფარგლებში. სისხლში კალიუმის დონის მკვეთრმა მატებამ ან კლებამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები, როგორიც არის გულის რიტმის დარღვევა ან ზოგჯერ გულის გაჩერება. ორგანიზმი პერიოდულად იყენებს უჯრედის შიგნით არსებულ კალიუმის მარაგს, რათა დაარეგულიროს სისხლში მისი კონცენტრაცია. ორგანიზმი არეგულირებს კალიუმის ნორმალური კონცენტრაციის მუდმივობას მიღებული და დახარჯული რაოდენობის მიხედვით.

კალიუმის მიღება ხდება ელექტროლიტების (მათ, შორის კალიუმის) შემცველი საკვებისა და სასმლის გზით და მისი დიდი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად. კალიუმის გარკვეული ნაწილი გამოიდევნება კუჭ-ნაწლავისა და ოფლის მეშვეობით. ჯანმრთელ თირკმელს აქვს უნარი, დააკომპენსიროს მიღებული კალიუმის კონცენტრაცია მისი გამოყოფის ცვლილების გზით.

გარკვეული სახეობის მედიკამენტები და დაავადებები გავლენას ახდენენ კალიუმის უჯრედიდან სისხლში გადმოსვლაზე და პირიქით, რაც ცვლის სისხლში კალიუმის კონცენტრაციას.

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემიის დროს სისხლში კალიუმის დონე მკვეთრად დაბალია.

  • სისხლში კალიუმის დაბალი დონე არაერთი მიზეზის შედეგი შეიძლება იყოს, თუმცა ყველაზე ხშირად ის გვხვდება ღებინების, დიარეის, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების ან შარდმდენების გამოყენების დროს;

  • კალიუმის დაბალი მაჩვენებელი იწვევს კუნთების სისუსტეს, კრუნჩხვებს, უნებლიე შეკუმშვებს, შესაძლოა გამოვლინდეს მათი პარალიზება და გულის რიტმის დარღვევები;

  • დიაგნოზი ეფუძნება სისხლში კალიუმის კონცენტრაციის განსაზღვრას;

  • ჩვეულებრივ კალიუმით მდიდარი საკვების მიღება ან კალიუმის შემცველი მედიკამენტების დამატება საკმარისია მისი დეფიციტის შესავსებად.

კალიუმის დონე სისხლში ქვეითდება, როდესაც გაძლიერებულია მისი კარგვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ზოგჯერ კალიუმის ჭარბი გამოყოფა ხდება შარდთან ერთად, როცა პაციენტი იღებს შარდმდენ მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ თირკმლის მიერ ნატრიუმის, წყლისა და კალიუმის გაძლიერებულ ექსკრეციას. მნიშვნელოვანია თირკმელზედა ჯირკვლის (ადრენალური) დაავადებები, როცა ჯირკვალი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ჰორმონ ალდოსტერონს. ალდოსტერონი თავის მხრივ ასტიმულირებს თირკმლის მიერ დიდი რაოდენობით კალიუმის გამოდევნას. გარკვეული სახეობის მედიკამენტები ხელს უწყობენ სისხლიდან უჯრედებში კალიუმის გაძლიერებულ გადასვლას, რაც საბოლოოდ ჰიპოკალიემიის მიზეზი ხდება, თუმცა ეს პრეპარატები იწვევენ დროებით ანუ გარდამავალ ჰიპოკალიემიას, თუ არ ვლინდება თანმხლები მდგომარეობები, რომლებიც კალიუმის გაძლიერებულ კარგვას უწყობენ ხელს. ჰიპოკალიემია იშვიათად ვითარდება მისი მიღების დეფიციტის გამო, რადგან ყოველდღიურად მოხმარებადი საკვების უმეტესობა შეიცავს კალიუმის გარკვეულ რაოდენობას.

სიმპტომები და დიაგნოზი

სისხლში კალიუმის დონის უმნიშვნელო შემცირება არ იწვევს არანაირ სიმპტომებს. მისი მნიშვნელოვანი დეფიციტის პირობებში ვლინდება: კუნთების სისუსტე და კრუნჩხვები (კრამპი), კუნთების თრთოლა (უნებლიე შეკუმშვები) და დამბლაც კი. შესაძლოა განვითარდეს გულის რიტმის დარღვევა, მაშინაც კი, როცა კალიუმის დონე უმნიშვნელოდ არის შემცირებული და პაციენტს აქვს გულის თანმხლები დაავადება ან იღებს საგულე საშუალებას, დიგოქსინს.

დიაგნოზი დგინდება სისხლში კალიუმის კონცენტრაციის განსაზღვრის საფუძველზე. შემდგომ ექიმი ცდილობს გაარკვიოს კალიუმის დეფიციტის მიზეზი, რომელიც ზოგჯერ ნათელია გამოვლენილი სიმპტომებიდან (ღებინება) გამომდინარე ან გამოყენებული მედიკამენტებისა და სხვა ნივთიერებების მოხმარების შემთხვევებში. თუ მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, შემდგომი კვლევა გულისხმობს შარდში კალიუმის დონის განსაზღვრას, რათა დადგინდეს თირკმლის მიერ კალიუმის გაძლიერებული გამოყოფის ალბათობა.

მკურნალობა

თუ ჰიპოკალიემიის მიზეზი გარკვეული დაავადებაა, მკურნალობა მიმართულია ამ დაავადების აღმოფხვრისკენ. ჩვეულებრივ კალიუმის დეფიციტის შევსება შესაძლებელია კალიუმით მდიდარი საკვების გაძლიერებული მიღებით ან მისი შემცველი მედიკამენტების ორალური დამატებით. რადგან კალიუმს შეუძლია გააღიზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, მისი შემცველი მედიკამენტები ინიშნება დაბალ დოზებში საკვებთან ერთად დღეში რამდენჯერმე და არ არის რეკომენდებული, მისი დიდი დოზით ერთჯერადი მიღება. არსებობს კალიუმის შემცველების გარკვეული სახეობები, როგორიც არის პარაფინით გაჯერებული (wax-impregnated) ან მიკროინკაფსულირებული კალიუმის ქლორიდი, რომლებიც ნაკლებად აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავს.

კალიუმის ინტრავენური გამოყენება საჭირო ხდება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • როცა კალიუმის დონე სახიფათოდ დაბალია;

  • ორალურად მიღებული კალიუმის შემცველი დანამატები არაეფექტურია;

  • პაცინტს უგრძელდება კალიუმის გაძლიერებული კარგვა, ორალური დამატება უნდა ჩანაცვლდეს ინტრავენურით;

  • კალიუმის დაბალი დონე იწვევს გულის რიტმის დარღვევას.

პაციენტების უმრავლესობა, რომლებიც იღებენ შარდმდენებს, არ საჭიროებენ კალიუმის ჩანაცვლებით თერაპიას, თუმცა ექიმი პერიოდულად საზღვრავს სისხლში კალიუმის დონეს და საჭიროების შემთხვევაში ცვლის მედიკამენტის დოზირებას. ალტერნატივას წარმოადგენს კალიუმის შემნახველი დიურეტიკების გამოყენება, როგორიც არის ამილორიდი, ეპლერენონი, სპირინოლაქტონი ან ტრიამტერენი, თუმცა ამ მედიკამენტების გამოყენებისას თირკმლის ფუნქცია უნდა იყოს ნორმალური.

ჰიპერკალიემია

ჰიპერკალიემიის დროს სისხლში კალიუმის დონე მკვეთრად მაღალია.

  • კალიუმის მაღალი დონე არაერთი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, რომელიც მოიცავს: თირკმლის დაავადებებს, მედიკამენტების გამოყენებას, რომლებიც მოქმედებენ თირკმლის ფუნქციაზე და კალიუმის შემცველების ჭარბად გამოყენებას;

  • ჩვეულებრივ ჰიპერკალიემია მძიმეა, თუ იწყება სიმპტომების გამოვლენა, პირველ რიგში გულის რიტმის დარღვევა;

  • ხშირად ექიმი აღმოაჩენს კალიუმის მაღალ დონეს სისხლის ანალიზში ან კარდიოგრამის გადაღებისას, რომელიც კეთდება სრულიად სხვა მიზნით;

  • მკურნალობა გულისხმობს: კალიუმის მიღების შემცირებას, ჰიპერკალიემიის გამომწვევი მედიკამენტების შეწყვეტას და კალიუმის ექსკრეციის მასტიმულირებელი წამლების გამოყენებას.

ხშირად კალიუმის მაღალი დონე ერთდროულად რამდენიმე დარღვევის არსებობის შედეგია, როგორიცაა:

  • თირკმლის დაავადებები (მაგ.: თირკმლის უკმარისობა), რომლის დროსაც თირკმელი ზოგავს საკმარისი რაოდენობით კალიუმის გამოყოფას;

  • მედიკამენტები, რომლებიც ხელს უშლიან ნორმალური რაოდენობით კალიუმის თირკმლისმიერ ექსკრეციას (ხშირი მიზეზია მსუბუქი ჰიპერკალიემიისა);

  • კალიუმით მდიდარი დიეტა;

  • მკურნალობის რეჟიმი, რომლის დროსაც გამოიყენება კალიუმი.

მსუბუქი სიმძიმის ჰიპერკალიემიის ყველაზე ხშირი მიზეზი მედიკამენტების გამოყენებაა, რომლებიც ამცირებენ თირკმელში სისხლის ნაკადს ან ხელს უშლიან თირკმელს კალიუმის საჭირო რაოდენობის ექსკრეციაში. თირკმლის უკმარისობის დროს ვლინდება კალიუმის მკვეთრი მატება. ადისონის დაავადება ასევე განიხილება ჰიპერკალიემიის ერთ-ერთ მიზეზად. კალიუმის მაღალი შემცველობა გვხვდება მისი უჯრედიდან ჭარბად გადმოსვლის შემთხვევებშიც. უჯრედებიდან სისხლში დიდი რაოდენობით კალიუმის სწრაფად გადმოსვლისას, შესაძლებელია თირკმელმა ვერ შეძლოს მისი სათანადო ექსკრეცია და განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში ჰიპერკალიემია.

სიმპტომები და დიაგნოზი

მსუბუქი ჰიპერკალიემია იწვევს უმნიშვნელო სიმპტომებს. როცა ის მძიმეა, პირველ რიგში ვლინდება გულის რიტმის დარღვევა. მკვეთრად მაღალი კონცენტრაციის დროს მოსალოდნელია გულის გაჩერებაც.

ზოგადად ჰიპერკალიემია თავდაპირველად ვლინდება რუტინული სისხლის ანალიზის დროს ან, როდესაც ექიმი კარდიოგრამაზე აღმოაჩენს გარკვეული სახის ცვლილებებს. იმისათვის, რომ დადგინდეს კალიუმის მაღალი კონცენტრაციის მიზეზი, ექიმი აგროვებს დეტალურ ანამნეზს (ისტორიას) მოხმარებული მედიკამენტების თაობაზე და ატარებს დამატებით ანალიზებს თირკმლის ფუნქციის შესაფასებლად.

მკურნალობა

მსუბუქი ჰიპერკალიემიის მკურნალობა მოიცავს კალიუმით მდიდარი საკვების შეზღუდვას და იმ მედიკამენტების შეწყვეტას, რომლებიც ხელს უშლიან თირკმელს კალიუმის ექსკრეციაში. აღნიშნული ღონისძიებები შესაძლოა სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს. თუ თირკმელი ნორმალურად ფუნქციონირებს, პაციენტს შესაძლოა დამატებით მიეცეს შარდმდენები, რათა გაიზარდოს შარდთან ერთად კალიუმის გამოდევნა. თუ საჭიროა კანიფოლი (გუმფისი), რომელიც იკავშირებს კალიუმს და გამოდევნის მას კუჭ-ნაწლავის სისტემის საშუალებით, შესაძლოა მისი დამატებითი მიღება ორალურად ან ოყნის საშუალებით.

საშუალო სიმძიმის ან მძიმე ჰიპერკალიემიის დროს, აუცილებელია კალიუმის დონის დაუყოვნებელი შემცირება. პაციენტს უკეთდება კალციუმი ინტრავენურად გულთან დაკავშირებული დარღვევების პრევენციის მიზნით, თუმცა ის კალიუმის კონცენტრაციას არ აქვეითებს. შემდგომში ეძლევა ინსულინი და გლუკოზა, რომლებიც ასტიმულირებენ კალიუმის სისხლიდან უჯრედში გადასვლას, რაც ამცირებს სისხლში კალიუმის კონცენტრაციას. შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ასთმის სამკურნალო პრეპარატი ალბუტეროლი ინჰალაციის სახით, რომელიც აქვეითებს კალიუმის დონეს. თუ აღნიშნული ღონისძიებები არ იქნება საკმარისი, ან პაციენტს აქვს დიაგნოსტირებული თირკმლის უკმარისობა, აუცილებელი ხდება დიალიზის დაწყება, რათა ორგანიზმიდან გამოიდევნოს ზედმეტი კალიუმი.