ნატრიუმი | მკურნალი.გე
  1. ნატრიუმი
  2. ელექტროლიტები და მინერალები
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
ნატრიუმი

ორგანიზმში არსებული ნატრიუმის დიდი ნაწილი გვხვდება სისხლში და უჯრედშორის სითხეში. ნატრიუმი ხელს უწყობს სითხის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას. ის აგრეთვე გადამწყვეტ როლს თამაშობს კუნთების და ნერვების ნორმალურ ფუნქციონირებაში.

ადამიანი ნატრიუმს იღებს საკვების და სასმელი სითხეების საშუალებით. ხოლო მისი გამოყოფა ხორციელდება პირველ რიგში ოფლით და შარდით. ჯანმრთელი თირკმელების მეშვეობით რეგულირდება ორგანიზმში ელექტროლიტის კონცენტრაციის მუდმივობა, რაც არასაჭირო ნატრიუმის შარდთან ერთად გამოყოფას გულისხმობს. როდესაც მისი მოხმარება და გამოყოფა არაბალანსირებულია, ირღვევა ორგანიზმში არსებული საერთო ნატრიუმის ნორმალური კონცენტრაცია.

სისხლის მოცულობის კონტროლი:ორგანიზმში არსებული საერთო ნატრიუმის რაოდენობა გავლენას ახდენს სისხლში და უჯრედშორის ნივთიერებაში სითხის მოცულობაზე. სხეული მუდმივად აკონტროლებს სისხლის მოცულობას და ნატრიუმის (და სხვა ელექტროლიტების) კონცენტრაციას. როგორც კი რომელიმე მათგანის რაოდენობა იმატებს, გულში, სისხლძარღვების კედელსა და თირკმელში არსებული მგრძნობიარე რეცეპტორები აღმოაჩენენ დარღვევას და ასტიმულირებენ შარდში ნატრიუმის გაძლიერებულ გამოყოფას, რასაც თან ახლავს სისხლის მოცულობის ნორმალიზება. და პირიქით, როცა სისხლის მოცულობა ან ნატრიუმის კონცენტრაცია დაბალია, მგრძნობიარე ტრიგერული მექანიზმი იწვევს სისხლის მოცულობის გაზრდას. ამ მექანიზმში მოიაზრება შემდეგი ფაქტორები:

  • თირკმელები ასტიმულირებენ თირკმელზედა ჯირკვალს, რათა გამოიმუშაოს ჰორმონი ალდოსტერონი. ალდოსტერონი თავის მხრივ გავლენას ახდენს თირკმლის ფუნქციაზე, ამცირებს ნატრიუმის და ზრდის კალიუმის გამოყოფას შარდთან ერთად. ნატრიუმის შემცირებულ ექსკრეციას თან სდევს გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება, რაც თავის მხრის იწვევს სისხლის მოცულობის მატებას.

  • პიტუიტარული ჯირკვალი (ჰიპოფიზი) გამოიმუშავებს ანტიდიურეზულ ჰორმონს. ანტიდიურეზული ჰორმონი ასტიმულირებს თირკმლის მიერ სითხის შეკავებას (ამცირებს დიურეზს), რაც სისხლის მოცულობის გაზრდის მიზეზი ხდება.

ჰიპონატრიემია

ჰიპონატრიემიის დროს სისხლში ნატრიუმის დონე მკვეთრად დაქვეითებულია.

  • ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში შეიძლება არაერთი მიზეზით იყოს განპირობებული, მათ შორის საყურადღებოა: სითხის ჭარბი მიღება, გულის ან თირკმლის უკმარისობა, ციროზი და შარდმდენების გამოყენება;

  • დეფიციტის საწყის ეტაპზე პაციენტებს აღენიშნებათ ინერტულობა და ზოგჯერ კონფუზია. თუ ჰიპონატრიემია ღრმავდება, მოსალოდნელია კუნთების თრთოლა და კრუნჩხვები, პაციენტი შესაძლოა გახდეს არაკონტაქტური და არ პასუხობდეს გარე გამაღიზიანებლებს;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სისხლში ნატრიუმის დონის განსაზღვრაზე;

  • სითხის შემცირებამ და დიურეტიკების გამოყენების შეწყვეტამ, შესაძლოა გააუმჯობესოს მდგომარეობა, თუმცა თუ ჰიპონატრიემია მძიმეა, საჭიროა გადაუდებელი ფარმაკოთერაპია, ინტრავენური სითხეები ან ორივე ერთად.

.

მიზეზები

როდესაც ორგანიზმში არსებული სითხისთვის ნატრიუმის შეუსაბამო დაბალი კონცენტრაციაა სისხლში, ვითარდება ჰიპონატრიემია. სხეულში შეიძლება იყოს ჭარბი, მცირე ან შედარებით ნორმალური სითხის მოცულობა, თუმცა ყველა შემთხვევაში მასში ნატრიუმი განზავებულია (დაბალი კონცენტრაციით). მაგ.: როდესაც პაციენტს აღენიშნება მძიმე გულისრევა ან დიარეა, კარგავს ნატრიუმს, თუ იწყებს სითხის მიღებას და შეავსებს მის დეფიციტს, ნატრიუმი განზავდება. ისეთი დაავადებები, როგორიც არის გულის უკმარისობა და ციროზი, იწვევენ ორგანიზმში სითხის და ნატრიუმის შეკავებას. უფრო ხშირად ორგანიზმი აკავებს უფრო მეტ სითხეს, რის გამოც ნატრიუმი მასში განზავებულია.

სიმპტომები

სისხლში ნატრიუმის დონის კლების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავის ტვინი. შესაბამისად, პირველ რიგში ვლინდება ნევროლოგიური სიმპტომები, ისეთი, როგორიც არის მოდუნება (ლეთარგია) და კონფუზია. თუ სისხლში ნატრიუმის დონე სწრაფად იკლებს, სიმპტომები უეცრად ვითარდება და უფრო მძიმეა. ხანში შესულ პირებში ვლინდება მეტად მძიმე სიმპტომები, კუნთების უნებლიე შეკუმშვები და კრუნჩხვები. პაციენტი შესაძლოა გახდეს სუპოროზული ანუ რეაგირებდეს მხოლოდ ძლიერ გარე გამაღიზიანებელზე ან იყოს კომატოზურ მდგომარეობაში. მძიმედ მიმდინარე ჰიპონატრიემიის დროს მოსალოდნელია სიკვდილიც.

დიაგნოზი და მკურნალობა

ჰიპონატრიემიის დიაგნოზი დგინდება სისხლში ნატრიუმის დონის განსაზღვრით. მიზეზის დადგენა საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ექიმი დეტალურად არკვევს პაციენტის გარემოებებს სხვა დაავადებების შესაძლო არსებობის და მიღებული მედიკამენტების ჩათვლით. ორგანიზმში სითხის მოცულობის დადგენის მიზნით მოწოდებულია დამატებით სისხლისა და შარდის ანალიზების წარმოება.

მსუბუქი ჰიპონატრიემიის დროს დროს მოწოდებულია სითხის მიღების შეზღუდვა 1 კვარტამდე (კვარტა = 1,14ლ) დღეში, ხშირად მხოლოდ აღნიშნული ღონისძიება საკმარისია დეფიციტის შესავსებად.თუ ჰიპონატრიემიის მიზეზი შარდმდენების გამოყენებაა, აუცილებელია მათი მიღების შეჩერება. რომელიმე დაავადების შედეგად განვითარებული ჰიპონატრიემიის მკურნალობა არსებული დაავადების მართვას გულისხმობს.

გარკვეულ შემთხვევებში პაციენტებს ენიშნებათ ნატრიუმის შემცველი სითხეები ინტრავენურად ან ეძლევათ დიურეტიკები, რომლებიც აძლიერებენ სითხის გამოდევნას ორგანიზმიდან ან ორივე ერთდროულად ტარდება. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე დღე, მედიკამენტები შეჰყავთ დაბალი დოზებით და დეფიციტი ლიკვიდირდება. მძიმე ჰიპონატრიემია საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას. მკურნალობის პროცესში ექიმი ცდილობს ნატრიუმის დეფიციტის შევსებას მედიკამენტებისა და სითხეების საშუალებით თანდათანობით, რადგან სისხლში ნატრიუმის სწრაფად მატებამ შესაძლოა თავის ტვინის მძიმე დაზიანება გამოიწვიოს.

ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი

ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომი (SIADH)ვითარდება, როდესაც ჰიპოფიზის ჯირკვალი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ანტიდიურეზულ ჰორმონს. შედეგად ორგანიზმში გროვდება ჭარბი რაოდენობით სითხე, ხოლო ნატრიუმის კონცენტრაცია დაბალია განზავების გამო.

ანტიდიურეზული ჰორმონი (ცნობილია ვაზოპრესინის სახელწოდებით) ორგანიზმში არეგულირებს წყლის შემცველობას, თირკმელების გამომყოფ ფუნქციაზე ზემოქმედების გზით. ანტიდიურეზული ჰორმონის მაღალი დონე ამცირებს თირკმლის მიერ წყლის ექსკრეციას. ჰორმონს ასინთეზირებს და გამოყოფს ჰიპოფიზის ჯირკვალი. როდესაც სისხლის მოცულობა ან სისხლის წნევა ქვეითდება, ან ელექტროლიტების (როგორიც არის ნატრიუმი) კონცენტრაცია მაღალია, ჰიპოფიზში იწყება ანტიდიურეზული ჰორმონის გამომუშავება. ტკივილი, სტრესი, ვარჯიში, სისხლში გლუკოზის დონის შემცირება და ზოგიერთი დაავადების არსებობა, როგორიც არის გულის, ფარისებური ჯირკვლის, თირკმლის ან ჰიპოფიზის დისფუნქცია, ასტიმულირებს ჰიპოფიზიდან ანტიდიურეზული ჰორმონის გამოთავისუფლებას. იმავე მოქმედებით ხასიათდება გარკვეული სახეობის მედიკამენტები:

  • ქლორპროპამიდი (ამცირებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას)

  • კარბამაზეპინი (ანტიკონვულსანტი)

  • ვინკრისტინი (ქიმიოთერაპიული საშუალება)

  • კლოფიბრატი (ამცირებს ქოლესტერინის დონეს)

  • ანტიფსიქოზური საშუალებები

  • ასპირინი, იბუპროფენი და სხვა ბევრი ურეცეპტო ტკივილგამაყუჩებლები (ანალგეტიკები)

  • ვაზოპრესინი (სინთეზური ანტიდიურეზული ჰორმონი) და ოქსიტოცინი (ორივე მედიკამენტი ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას)

ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციაზე საუბრობენ, როდესაც ჰიპოფიზი გამოყოფს ჰორმონს მაშინ, როცა სისხლის წნევა და მოცულობა ნორმალური ან მაღალია, ხოლო ელექტროლიტების კონცენტრაცია შემცირებულია, ამასთანავე, არ არსებობს ანტიდიურეზული ჰორმონის მასტიმულირებელი სხვა ტრიგერები. ასეთ შემთხვევებში ანტიდიურეზული ჰორმონის ზემოქმედებით სისხლში ნატრიუმის დონე იკლებს, ხოლო ორგანიზმში არსებული სითხის მოცულობა იმატებს. SIADH ხშირია ხანში შესულ პაციენტებსა და იმ პირებში, რომლებიც წვანან ჰოსპიტალში. ბევრი მდგომარეობაა, რომელიც ზრდის SIADH განვითარების რისკს. მაგ.: ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის მიზეზი შესაძლოა იყოს ჰორმონის პროდუქცია ჰიპოფიზის გარეთ, რომელიც გვხვდება ფილტვისა და სხვა ორგანოების კიბოს დროს. სინდრომის დროს გამოვლენილი სიმპტომები მსგავსია ნატრიუმის დაბალი შემცველობის (ჰიპონატრიემიის) დროს არსებული სიმპტომებისა.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმს ეჭვი მიაქვს ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომზე (SIADH) არსებული სიმპტომებისა და გარემოებების საფუძველზე. მოწოდებულია სისხლისა და შარდის ანალიზების ჩატარება, რათა განისაზღვროს ნატრიუმისა და კალიუმის დონე, მათი კონცენტრაცია სისხლსა და შარდში (ოსმოლარობა). ექიმი აგრეთვე გამორიცხავს ჭარბი ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის სხვა შესაძლო მიზეზებს (როგორიც არის: ტკივილი, სტრესი, მედიკამენტების მოხმარება ან კიბო). დიაგნოზის დადასტურებისას პირველ რიგში გასარკვევია SIADH-ის მიზეზი და რამდენად კარგად ფუნქციონირებს ჰიპოფიზის ჯირკვალი. ექიმი ურჩევს პაციენტს სითხის შეზღუდულ მიღებას და ცდილობს უმკურნალოს სინდრომის გამომწვევ მიზეზებს, თუ ეს შესაძლებელია. თუ სისხლში ნატრიუმის დონე აგრძელებს შემცირებას ან არ მატულობს სითხის შეზღუდვის მიუხედავად, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პრეპარატი (დემეკლოციკლინი ან თიაზიდური დიურეტიკები), რომელიც ამცირებს ანტიდიურეზული ჰორმონის გავლენას თირკმელზე.

ჰიპერნატრიემია

ჰიპერნატრიემიის დროს სისხლში ნატრიუმის დონე მკვეთრად მაღალია.

  • ჰიპერნატრიემია შესაძლოა არაერთი მიზეზით იყოს განპირობებული, თუმცა დეჰიდრატაცია მისი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. რაც მოიცავს: არასაკმარისი რაოდენობით წყლის მიღებას, დიარეას, თირკმლის დისფუნქციას და შარდმდენების გამოყენებას;

  • პაციენტების ძირითადი ჩივილია გაძლიერებეული წყურვილის გრძნობა, შესაძლოა გამოვლინდეს კონფუზია, კუნთების თრთოლა და კრუნჩხვები;

  • ნატრიუმის დონის განსაზღვრისთვის მოწოდებულია სისხლის ანალიზის ჩატარება;

  • მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება ნელ-ნელა სითხის ინტრავენური შეყვანით, რაც ამცირებს ნატრიუმის დონეს სისხლში.

ჰიპერნატრიემიის დროს ორგანიზმში სითხის შემცველობა მკვეთრად დაბალია ნატრიუმის რაოდენობისთვის. სისხლში ნატრიუმის კონცენტრაცია იმატებს იმის გამო, რომ წყლის კარგვა საგრძნობლად აღემატება ნატრიუმის კარგვას. ტიპურ მაგალითს წარმოადგენს დეჰიდრატაცია.

ჩვეულებრივ ჰიპერნატრიემია დეჰიდრატაციით არის განპირობებული. მაგ.: ადამიანი შესაძლოა კარგავდეს სითხეს (ღებინების, დიარეის, შარდმდენების გამოყენების ან გაძლიერებული ოფლიანობის გამო) და არ იღებდეს საკმარისი რაოდენობით წყალს.

პაციენტები, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ შაქრიანი დიაბეტი ან სისხლში გლუკოზის დონის მატება, გამოყოფენ ჭარბი რაოდენობით შარდს, რაც დეჰიდრატაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. უშაქრო დიაბეტისა (რომლის დროსაც გაძლიერებულია შარდის გამოყოფა, სისხლში შაქრის დონის მატების გარეშე) და თირკმლის დაავადებების დროს ასევე მოსალოდნელია დეჰიდრატაცია.

იშვიათად თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები იწვევენ ჰიპერნატრიემიას დეჰიდრატაციის გარეშე. ჰიპერნეტრიემია უფრო ხშირია ხანში შესულ პირებში. ჰიპერნატრიემია ტიპურად იწვევს გაძლიერებული წყურვილის შეგრძნებას. უფრო სერიოზული სიმპტომები ჰიპერნატრიემიის დროს, ვლინდება თავის ტვინის დისფუნქციის შემთხვევაში. მძიმე ჰიპერნატრიემია შესაძლებელია გახდეს კონფუზიის, კუნთების უნებლიე შეკუმშვების, კრუნჩხვის, კომისა და ბოლოს სიკვდილის მიზეზიც.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი ეფუძნება სისხლის ანალიზს, რომელიც ავლენს ნატრიუმის მაღალ დონეს. ჰიპერნატრიემიის მკურნალობა მოიცავს დამატებით სითხეების მიღებას, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, როცა გამოიყენება განზავებული სითხეები (რომელიც შეიცავს წყალს და მცირე რაოდენობით ნატრიუმს ზუსტად განსაზღვრული დასაშვები კონცენტაციით) ინტრავენურად.

სისხლში ნატრიუმის დონე უნდა შემცირდეს ძალიან ნელა, რადგან სწრაფი კლებისას შესაძლოა ტვინის პერმანენტული დაზიანება განვითარდეს.