აციდოზი | მკურნალი.გე
  1. აციდოზი
  2. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა
  3. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
აციდოზი

აციდოზი – სისხლის მოჭარბებული მჟავიანობაა, რომელიც სისხლში მჟავების დიდი რაოდენობით დაგროვებასთან ან სისხლიდან ბიკარბონატების კარგვასთან (მეტაბოლური აციდოზი) ან ფილტვების ფუნქციის დარღვევით ან გაიშვიათებული სუნთქვის გამო, სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებასთანაა დაკავშირებული (სუნთქვითი აციდოზი).

  • სისხლის მჟავიანობა იზრდება, როდესაც ადამიანი იღებს მჟავების შემცველ ან წარმომქმნელ ნივთიერებებს ან როდესაც ფილტვები ვერ დევნის სათანადო რაოდენობით ნახშირორჟანგს;

  • მეტაბოლური აციდოზის მქონე პირებს აქვთ გულისრევა, ღებინება და დაღლილობა, სუნთქვა ნორმალურთან შედარებით სწრაფი და ღრმა შეიძლება იყოს;

  • სუნთქვითი აციდოზის მქონეთ თავის ტკივილი და კონფუზია აღენიშნებათ, სუნთქვა შესაძლოა იყოს ზედაპირული, შენელებული ან ორივე ერთად;

  • სისხლის ანალიზებით მჟავების სიჭარბე ვლინდება;

  • ექიმები აციდოზის გამომწვევი მიზეზის საწინააღმდეგო მკურნალობას ნიშნავენ.

თუ მჟავიანობის მატება ორგანიზმის pH ბუფერული სისტემების მუშაობას აჭარბებს, სისხლი მჟავე რეაქციის ხდება. სისხლის pH-ის შემცირებით, სტიმულირდება თავის ტვინის ის ნაწილები, რომლებიც სუნთქვას არეგულირებს და სუნთქვა უფრო სწრაფი და ღრმა ხდება. აჩქარებული და ღრმა სუნთქვა ზრდის ამოსუნთქული ნახშირორჟანგის რაოდენობას.

თირკმელები კომპენსირებას, შარდში მეტი რაოდენობის მჟავის გამოდევნით ცდილობენ. თუმცა, თუ ორგანიზმის მიერ ჭარბი რაოდენობით მჟავების წარმოქმნა გაგრძელდება, ორივე მექანიზმი გამოიფიტება, რაც მძიმე აციდოზსა და კომას გამოიწვევს.

მიზეზები

მეტაბოლური აციდოზი მაშინვითარდება, როდესაც ორგანიზმში მჟავების რაოდენობა იზრდება, დიდი რაოდენობით ისეთი ნივთიერებების მიღების შედეგად, რომელიც თავადაა, ან იშლება (მეტაბოლიზდება) მჟავად. ასეთია – ხის სპირტი (მეთანოლი), ანტიფრიზი (ეთილენ გლიკოლი) ან დიდი დოზებით ასპირინი (აცეტილსალიცილის მჟავა). მეტაბოლური აციდოზი, შესაძლოა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად განვითარდეს. ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით მჟავები წარმოიქმნება შოკის შორს წასულ სტადიაზე და ცუდად კონტროლირებადი ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს.

როდესაც თირკმლების მუშაობა ირღვევა და შედეგად შეუძლებელი ხდება მათ მიერ მჟავების გამოყოფა შარდით, ორგანიზმში ნორმალური რაოდენობით წარმოქმნილმა მჟავებმაც კი, შესაძლოა, აციდოზი გამოიწვიოს.

სუნთქვითი აციდოზი ვითარდება, როდესაც ფილტვების მიერ ნახშირორჟანგის გამოყოფა სათანადოდ ვერ ხდება – იგი შეიძლება განვითარდეს დაავადებების დროს, რომლებიც ფილტვების მძიმე დაზიანებას იწვევს (როგორიცაა ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი, მძიმე პნევმონია, ფილტვების შეშუპება და ასთმა). სუნთქვითი აციდოზი ასევე შესაძლებელია განვითარდეს თავის ტვინის, ნერვების ან გულმკერდის კუნთების დაავადებების დროს, რომლებიც სუნთქვის პროცესის დარღვევას იწვევენ. ამასთან ერთად, შეიძლება, სუნთქვითი აციდოზი, ოპიოიდების (ნარკოტიკული) ან ძილის მომგვრელი ძლიერი საშუალებების (სედაციური) ზემოქმედების გამო, სუნთქვის სიხშირის შენელების შედეგად განვითარდეს.

სიმპტომები

მსუბუქი მეტაბოლური აციდოზის დროს, შესაძლებელია, სიმპტომები არ ვლინდებოდეს, თუმცა ხშირია გულისრევა, ღებინება და დაღლილობა. სუნთქვა ღრმავდება და მსუბუქად ჩქარი ხდება (ვინაიდან, ორგანიზმი ცდილობს მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფის გზით გამოასწოროს აციდოზი). აციდოზის გაუარესების შემთხვევაში, თვითშეგრძნება უკიდურესად უარესდება, აღინიშნება ძლიერი სისუსტე და ძილიანობა, შესაძლოა გონების დაბინდვა და მზარდი გულისრევა.

საბოლოოდ, სისხლის წნევა დაბლა ეცემა, რაც შოკს, კომას და სიკვდილს იწვევს.

სუნთქვითი აციდოზის პირველი სიმპტომი, ზოგჯერ თავის ტკივილი და ძილიანობაა. ძილიანობა შეიძლება გადაიზარდოს გონების დაბინდვასა (სტუპორი) და კომაში. სტუპორი და კომა სწრაფად ვითარდება სუნთქვის შეჩერების ან მძიმე დარღვევის შემთხვევაში ან რამდენიმე საათში – თუ სუნთქვა ნაკლებად მძიმედაა დარღვეული.

დიაგნოზი

აციდოზის დიაგნოზის დასასმელად, ზოგადად, არტერიული სისხლის pH-ის განსაზღვრაა საჭირო, რომელსაც სხივის არტერიიდან იღებენ მაჯის არეში. კვლევისათვის არტერიულ სისხლს იყენებენ, რადგან ვენური სისხლი ბიკარბონატების დიდ რაოდენობას შეიცავს და ამგვარად, არცთუ ისე ზუსტია, სხეულის pH სტატუსის შესაფასებლად.

აციდოზის მიზეზების გამოსაკვლევად, ექიმები ასევე სწავლობენ სისხლში ნახშირორჟანგისა და ბიკარბონატების შემცველობას. შესაძლებელია, დამატებითი კვლევების ჩატარებაც გახდეს საჭირო.

მკურნალობა

მეტაბოლური აციდოზის მკურნალობა მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, შესაძლებელია, საჭირო გახდეს ინსულინით მკურნალობა დიაბეტის გასაკონტროლებლად ან მოწამვლის შემთხვევაში – სისხლიდან ტოქსიკური პროდუქტების მოცილება.

სუნთქვითი აციდოზის მკურნალობის მიზანია – ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესება. სასუნთქი გზების გამაფართოებელი საშუალებები (ბრონქოდილატა-ტორები, როგორიცაა ალბუტეროლი) ეფექტურია ფილტვების ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ასთმა ან ემფიზემა. სუნთქვის ან ფილტვების ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს, რა მიზეზითაც უნდა იყოს იგი გამოწვეული, სუნთქვის პროცესის დასახმარებლად, შესაძლებელია საჭირო გახდეს მექანიკური ვენტილაცია.

შესაძლებელია პირდაპირ აციდოზის მკურნალობა ჩატარდეს. მსუბუქი აციდოზის შემთხვევაში, ზოგჯერ, სავსებით საკმარისია ვენაში გადასასხმელი სითხეების დანიშნვა. იშვიათად, როდესაც აციდოზი ძალზე მძიმეა, ინტრავენურად შეიძლება ბიკარბონატები დაინიშნოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბიკარბონატები მხოლოდ დროებით ამსუბუქებენ მდგომარეობას და შესაძლებელია ზიანიც კი მიაყენონ ორგანიზმს, მაგალითად – ნატრიუმითა და წყლით გადატვირთვა გამოიწვიონ.