ციმბირის წყლული | მკურნალი.გე
  1. ციმბირის წყლული
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ციმბირის წყლული

ციმბირის წყლული წარმოადგენს პოტენციურად ლეტალურ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია ჯილეხის ბაცილით. მან შეიძლება დააზიანოს კანი, ფილტვები და იშვიათად, საჭმლის მომნელებელი სისტემა.

  • ჩვეულებრივ, ინფექციას ადამიანებში იწვევს კანით კონტაქტი, მაგრამ შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს სპორების შესუნთქვამ ან ბაქტერიებით დაბინძურებული ხორცით კვებამ;

  • სიმპტომებს მიეკუთვნება ხორკლები და ბებერები (კანით კონტაქტის შემდეგ), სუნთქვის პრობლემები და ტკივილი გულმკერდში (სპორების შესუნთქვის შემდეგ) და მუცლის ტკივილი და სისხლიანი ფაღარათი (ბაქტერიით დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ);

  • სიმპტომები სავარაუდოს ხდის ამ ინფექციის არსებობას და დაინფიცირებული ქსოვილიდან აღებულ ნიმუშში ბაქტერიის აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს;

  • ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ციმბირის წყლულის გადადების მომატებული რისკის ქვეშ, უტარდებათ ვაქცინაცია;

  • ინფექციასთან შეხების შემდეგ აუცილებელია ანტიბიოტიკების რაც შეიძლება მალე მიღება, რომ შემცირდეს ლეტალური გამოსავლის რისკი.

ციმბირის წყლული შეიძლება გაჩნდეს შინაურ და გარეულ, ბალახისმჭამელ ცხოველებში, როგორიცაა მაგ. საქონელი, ცხვარი და თხა. ციმბირის წყლულის ბაქტერია წარმოქმნის სპორებს, რომლებსაც წლების განმავლობაში შეუძლიათ მიწაში ცხოვრება. ბალახისმჭამელი ცხოველები ინფიცირდებიან მაშინ, როდესაც ისინი ეხებიან ან იკვებებიან სპორებით. ჩვეულებრივ, ადამიანებს მაშინ გადაედებათ ციმბირის წყლული, როდესაც ეხებიან დაინფიცირებულ ცხოველებს ან ცხოველურ პროდუქტებს, როგორიცაა მაგ. მატყლი, ტყავის ნედლეული და თმა. სპორები ცხოველურ პროდუქტებში შეიძლება ინახებოდნენ წლების განმავლობაში და მათი დახოცვა სიცივით ან სიცხით იოლად არ ხდება. მინიმალური სახის კონტაქტმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დაავადება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ჩვეულებრივ ინფიცირდება კანის გზით, დაინფიცირება ასევე შესაძლებელია სპორების შესუნთქვით ან ბაქტერიით დაბინძურებული, ცუდად მომზადებული საკვების მიღებით. ციმბირის წყლული ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა.

ციმბირის წყლული წარმოადგენს ბიოლოგიურ იარაღს, იმიტომ, რომ ციმბირის წყლულის სპორების გავრცელება შეიძლება ჰაერით, რასაც მოჰყვება მათი შესუნთქვა.

ციმბირის წყლულის ბაქტერია წარმოქმნის რამდენიმე ტოქსინს, რომლებიც იწვევენ სიმპტომების დიდ ნაწილს.

სიმპტომები

სიმპტომები განხვავდებიან იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოხდა ინფექციის გადაცემა: კანის, შესუნთქვის თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის გზით.

ციმბირის წყლულის კანის ფორმა: შემთხვევების 95%-ზე მეტში ზიანდება კანი. ბაქტერიასთან კონტაქტის შემდეგ 1-12 დღეში კანზე ვითარდება უმტკივნეულო, ქავილის გამომწვევი, მოწითალო-მოყავისფრო წარმონაქმნი. წარმონაქმნისგან შემდეგ ყალიბდება ბებერა, რომელიც შემდეგ სკდება და წარმოქმნის შავ ფუფხს (ქერქი), მის გარშემო არის შეშუპება. შემდგომ ვითარდება ლიმფური კვანძების შეშუპება და ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, რაც ზოგჯერ გამოვლინდება კუნთების ტკივილით, თავის ტკივილით, ცხელებით, გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით. არანამკურნალები ადამიანების დაახ. 20% იღუპება, მაგრამ მკურნალობის ფონზე სიკვდილი იშვიათია.

ციმბირის წყლულის ფილტვის ფორმა (მატყლის დამხარისხებლის დაავადება): ეს ფორმა წარმოადგენს დაავადების ყველაზე მძიმე ფორმას. ის გამოწვეულია ციმბირის წყლულის სპორების შესუნთქვით. სპორები შეიძლება დარჩეს ფილტვებში კვირების განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ, შეაღწევენ სისხლის თეთრ უჯრედებში, სადაც გადაიქცევიან ბაქტერიებად, ბაქტერიები გამრავდებიან და გავრცელდებიან გულმკერდის ლიმფურ კვანძებში. ბაქტერიები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც იწვევენ ლიმფური კვანძების შეშუპებას, მათ დაშლასა და სისხლდენას, შედეგად კი ინფექცია ახლომდებარე სტრუქტურებზე ვრცელდება. დაინფიცირებული სითხე გროვდება გულმკერდის კედელსა და ფილტვებს შორის არსებულ სივრცეში.

სიმპტომები ვითარდება ბაქტერიასთან კონტაქტიდან 1-დან 43 დღემდე შუალედში. თავდაპირველად, ისინი ბუნდოვანია და ემსგავსებიან გრიპის სიმპტომებს, როგორებიცაა კუნთების ტკივილი, დაბალი ცხელება, უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდში და მშრალი ხველა. რამდენიმე დღის შემდეგ სუნთქვა ძნელდება და ადამიანებს აქვთ გულმკერდის ტკივილი და მაღალი ცხელება ოფლიანობით. სისხლის არტერიული წნევა ძალიან სწრაფად ეცემა და ვითარდება შოკი, რომელსაც მოჰყვება კომა. სავარაუდოდ, ამ მწვავე სიმპტომების მიზეზია ტოქსინების მასიური გამოყოფა. ხშირად ვითარდება ინფექცია ტვინსა და მენინგეალური გარსების გარშემო არსებულ სითხეში (მენინგოენცეფალიტი), ადამიანების დიდი ნაწილი იღუპება მწვავე სიმპტომების გაჩენიდან 24-36 საათში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაწყებულია ადრეული მკურნალობა. მკურნალობის გარეშე ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის მქონე ყველა ადამიანი იღუპება. 2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაავადების აფეთქების დროს ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის მქონე 11 ნამკურნალები პაციენტიდან დაიღუპა 5.

ციმბირის წყლულის საჭმლის მომნელებელი სისტემის ფორმა: საჭმლის მომნელებელი სისტემის ციმბირის წყლული იშვიათია. როდესაც ადამიანები მიიღებენ ბაქტერიით დაბინძურებულ საკვებს, ბაქტერიები იზრდებიან პირის ღრუში, ხახაში ან ნაწლავებში და გამოიმუშავებენ ტოქსინებს, რომლებიც იწვევენ ძლიერ სისხლდენას და ქსოვილების სიკვდილს. ადამიანებს აქვთ ცხელება, ყელის ტკივილი, შეშუპებულია კისერი, აღინიშნება მუცლის ტკივილი და სისხლიანი ფაღარათი, აგრეთვე – სისხლიანი ღებინება. ციმბირის წყლულის გასტორინტესტინური ფორმის მქონე ადამიანების ნახევარზე მეტი იღუპება, თუ მათ არ ჩაუტარდათ მკურნალობა. მკურნალობის შემთხვევაში იღუპება მხოლოდ ნახევარი.

დიაგნოზი

ექიმს ეჭვი უჩნდება ციმბირის წყლულის კანის ფორმაზე ტიპური გამონაყარის არსებობისას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი ცხოველებთან ან ცხოველურ პროდუქტებთან, ან იმყოფებოდა იმ ადგილებში, სადაც სხვა ადამიანებს განუვითარდათ ციმბირის წყლული, ამყარებს სავარაუდო დიაგნოზს. თუ ეჭვი მიაქვთ ციმბირის წყლულის ფილტვისმიერ ფორმაზე, კეთდება გულმკერდის რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT).

იღებენ ნიმუშებს დაინფიცირებული კანიდან, ფილტვების გარშემო არსებული სითხიდან ან განავლიდან და იკვლევენ მიკროსკოპის ქვეშ ან ახდენენ მათ კულტივირებას (არსებული ბაქტერიების გამრავლების ხელშეწყობა ლაბორატორიულად). ციმბირის წყლულის ბაქტერიის აღმოჩენა, თუ ის ნამდვილად არსებობს, ძალიან ადვილია. თუ ადამიანებს აქვთ სასუნთქი სისტემის ციმბირის წყლული, ექიმებმა შეიძლება აგრეთვე აიღონ ნახველის ან სისხლის ნიმუში, ან ჩაატარონ ზურგის ტვინის პუნქცია (ლუმბალური პუნქცია) იმისთვის, რომ მოიპოვონ იმ სითხის ნიმუში, რომელიც მდებარეობს თავისა და ზურგის ტვინის გარშემო (ცერებრო-სპინალური სითხე). ხდება ნიმუშების გამოკვლევა და ანალიზი. შესაძლებელია ჩაატარონ სისხლის ანალიზები, რომ აღმოაჩინონ ბაქტერიის გენეტიკური მასალის ფრაგმენტები ან ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ტოქსინების საწინააღმდეგო ანტისხეულები.

პრევენცია და მკურნალობა

ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, ეძლევათ ციმბირის წყლულის საწინააღმდეგო ვაქცინა. იმის გამო, რომ ციმბირის წყლული წარმოადგენს პოტენციურ ბიოლოგიურ იარაღს, შეიარაღებული ძალების წევრების უმეტესობას ჩაუტარდა ვაქცინაცია. ეფექტურობისთვის ვაქცინაცია უნდა მოხდეს 6 დოზით. დიდი ვნებათაღელვის მიუხედავად, ციმბირის წყლულზე აცრილ იქნა 1,25 მილიონზე მეტი ადამიანი და მათ არ გამოუვლინდათ სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ადამიანებს, რომლებსაც შეხება აქვთ ჯილეხთან, შეიძლება მიეცეთ დასალევი ანტიბიოტიკი, ჩვეულებრივ – ციპროფლოქსაცინი ან დოქსიციკლინი ან, თუ ისინი ვერ იღებენ ამ ანტიბიოტიკებს, ეძლევათ ამოქსიცილინი. ანტიბიოტიკის მიღება გრძელდება 60 დღე, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის განვითარება. ადამიანებს შესაძლოა არ დასჭირდეთ ანტიბიოტიკის მიღება, თუ მათ აგრეთვე გაუკეთდებათ ციმბირის წყლულის ვაქცინის რამდენიმე დოზა.

რაც უფრო მეტად გადაიდება მკურნალობა, მით უფრო იმატებს სიკვდილის რისკი. ამის გამო, მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება მაშინვე, როდესაც პირველად ეჭვი მიაქვთ ციმბირის წყლულზე:

  • ციმბირის წყლულის კანის ფორმას მკურნალობენ ციპროფლოქსაცინის ან დოქსიციკლინის დასალევი ფორმებით;

  • სასუნთქი სისტემის ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ციმბირის წყლულს მკურნალობენ ანტიბიოტიკების კომბინაციით, მათ შორის ინტრავენური ციპროფლოქსაცინი ან დოქსიციკლინი კლინდამიცინთან ერთად, რიფამპიცინით ან მის გარეშე. კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეამსუბუქონ ციმბირის წყლულის ფილტვისმიერი ფორმის სიმპტომები.