ალკალოზი სისხლის ტუტე რეაქციის მატებაა, რომელიც სისხლში ბიკარბონატების სიჭარბით, სისხლიდან მჟავების დაკარგვით (მეტაბოლური ალკალოზი) ან სისხლში ნახშირორჟანგის დაბალი შემცველობითაა გამოწვეული, რომელიც, თავის მხრივ, სწრაფი ან ღრმა სუნთქვითაა განპირობებული (რესპირატორული ალკალოზი).
მეტაბოლური ალკალოზი ვითარდება დიდი რაოდენობით მჟავების კარგვის ან ტუტეების ჭარბად დაგროვებისას. მაგალითად, კუჭიდან მჟავები იკარგება გახანგრძლივებული ღებინების დროს ან ზონდით კუჭის მჟავე შიგთავსის ამოქაჩვისას (კეთდება ზოგჯერ კლინიკაში). იშვიათად, მეტაბოლური ალკალოზი ვითარდება დიდი რაოდენობით ტუტე ნივთიერების მიღებისას, მაგალითად, საკვები სოდა (ნატრიუმის ბიკარბონატი). ამასთან, მეტაბოლური ალკალოზი შეიძლება განვითარდეს ნატრიუმის ან კალიუმის ჭარბად დაკარგვის შემთხვევაში, თირკმლების მიერ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კონტროლის მექანიზმის დაზიანების გამო. მაგალითად, კალიუმის დაკარგვა, რომელიც მეტაბოლურ ალკალოზს იწვევს, შესაძლოა, თირკმელზედა ჯირკვლის ჭარბ აქტიურობასთან ან შარდმდენების გამოყენებასთან იყოს დაკავშირებული.
სუნთქვითი ალკალოზი ვითარდება სწრაფი, ღრმა სუნთქვის (ჰიპერვენტილაცია) შედეგად, სისხლიდან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამოდევნის გამო. ჰიპერვენტილაციისა და შესაბამისად, სუნთქვითი ალკალოზის ყველაზე ხშირი მიზეზი შფოთვაა. ჰიპერვენტილაციისა და შედეგად სუნთქვითი ალკალოზის სხვა მიზეზებია ტკივილი, სისხლში ჟანგბადის დაბალი რაოდენობა, ცხელება და ასპირინის ჭარბი რაოდენობით მიღება (რომელმაც ასევე მეტაბოლური აციდოზი შეიძლება გამოიწვიოს).
ალკალოზი იწვევს გაღიზიანებას, კუნთების კუმშვას და სპაზმს ან ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოა. მძიმე ალკალოზის შემთხვევაში, კუნთების გახანგრძლივებული კუმშვები და სპაზმი (ტეტანია) შეიძლება განვითარდეს.
არტერიიდან აღებული სისხლის ნიმუშის შესწავლით, სისხლის მაღალი ტუტიანობა ვლინდება.
მეტაბოლურ ალკალოზს ექიმები სითხეებისა და ელექტროლიტების (ნატრიუმი და კალიუმი) შევსებით და ძირითადი გამომწვევი მიზეზის მიხედვით მკურნალობენ. ზოგჯერ, მძიმე მეტაბოლური ალკალოზის შემთხვევაში, ინტრავენურად ინიშნება განზავებული მჟავა.
სუნთქვითი ალკალოზის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ძირითადი მკურნალობა სუნთქვის გაიშვიათებაა. როდესაც სუნთქვითი ალკალოზი შფოთვითაა გამოწვეული, გაცნობიერებულად სუნთქვის გაიშვიათების მცდელობა, მდგომარეობის უკუგანვითარებას იწვევს. თუ სუნთქვის გახშირებას ტკივილი განაპირობებს, ჩვეულებრივ, საკმარისია ტკივილის შემსუბუქება. ქაღალდის ტომარაში (არა ცელოფანის) სუნთქვა, დაეხმარება სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებას. ამ დროს ხდება იმ ნახშირორჟანგის უკან ჩასუნთქვა, რომელიც ამოსუნთქვით გამოიყო.