ენდოკრინული ორგანოების მთავარი ფუნქცია ჰორმონების პირდაპირ სისხლში გამოყოფაა. ჰორმონები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც სხეულის სხვა ნაწილში მდებარე ორგანოების მუშაობაზე (ანუ სამიზნე ორგანოზე) ახდენენ გავლენას. ჰორმონები ძირითადად გადამცემების როლს ასრულებენ, რითაც ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს აკონტროლებენ და ამ პროცესების ურთიერთშეთანხმებულ მიმდინარეობას უზრუნველყოფენ.
სამიზნე ორგანოსთან მიღწევის შემდეგ ჰორმონი რეცეპტორს უკავშირდება, თითქმის ისე, როგორც გასაღები კლიტეს. აღნიშნული კავშირის წარმოქმნის შემდეგ ჰორმონი სპეციალურ შეტყობინებას გადასცემს სამიზნე ორგანოს, რასაც პასუხად შესაბამისი ცვლილება მოჰყვება. ჰორმონების რეცეპტორები შეიძლება უჯრედის ბირთვში ან მის ზედაპირზე მდებარეობდეს.
მთლიანობაში ჰორმონები ორგანოების მუშაობას არეგულირებენ, გავლენას ახდენენ ისეთ განსხვავებულ პროცესებზე, როგორიცაა ზრდა და განვითარება, გამრავლება, სქესობრივი თავისებურებების ჩამოყალიბება. ეს ნივთიერებები მოქმედებენ ორგანიზმის მიერ ენერგიის შენახვასა და გამოყენებაზე, აკონტროლებენ სითხის მოცულობას, მარილებისა და შაქრის შემცველობას სისხლში. ჰორმონების ძალიან მცირე რაოდენობას ძალიან დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში.
მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონები მთელ სხეულში ცირკულირებენ სისხლით, თითოეული მათგანი მხოლოდ შესაბამის ორგანოებსა და ქსოვილებზე მოქმედებს. ზოგ ნივთიერებას ერთი ან ორი სამიზნე ორგანო აქვს, ზოგის მოქმედება კი მთელ სხეულზე ვრცელდება. მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი ჰიპოფიზში გამომუშავდება და მხოლოდ ამ ორგანოზე მოქმედებს. ამის საპირისპიროდ, ფარისებრ ჯირკვალში წარმოქმნილი თირეოიდული ჰორმონი მთელი ორგანიზმის უჯრედებზე ახდენს გავლენას და ჩართულია ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორიცაა უჯრედების ზრდის რეგულაცია, გულისცემის სიხშირის კონტროლი, კალორიების დაწვის სიჩქარე. ინსულინს პანკრეასის კუნძულების უჯრედები გამოიმუშავებს და ეს ჰორმონი გავლენას ახდენს გლუკოზის, ცილებისა და ცხიმების გადამუშავებაზე (მეტაბოლიზმზე) მთელ სხეულში. ჰორმონების უმრავლესობა ცილებია, ზოგი კი სტეროიდული ნივთიერებაა, ანუ ქოლესტეროლიდან (ქოლესტერინიდან) მიღებული ცხიმოვანი ნაერთი.