ენდოკრინული დაავადებები ჰორმონების სიჭარბის ან ნაკლებობის გამო ვითარდება. ეს დარღვევები შეიძლება თავად ჯირკვალში არსებული პრობლემის ბრალი იყოს ან ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის ღერძიდან მიღებული სტიმულაციის დარღვევისა, რომელიც შეიძლება არასაკმარისი ან, პირიქით, ზედმეტი იყოს. ჰორმონული დარღვევა, შესაძლოა, სიმსივნეებმაც გამოიწვიოს. კერძოდ, ზოგიერთ სიმსივნეს, მისი შენების შესაბამისად, შეუძლია ჭარბად გამოიმუშაოს ჰორმონები. მეორე მხრივ, სიმსივნემ ნორმალურ ჯირკვლოვან ქსოვილზე ზეწოლის გამო შეიძლება ხელი შეუშალოს საჭირო ნივთიერებების გამოყოფას. ზოგჯერ ორგანიზმის იმუნური სისტემა თავს ესხმის ენდოკრინულ ჯირკვლებს, რაც ასევე ამცირებს ჰორმონების გამომუშავებას.
ექიმები ხშირად განსაზღვრავენ სისხლში ჰორმონების დონეს იმის დასადგენად, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის ჯირკვალი. ზოგჯერ ეს ინფორმაცია საკმარისი არ არის და საჭირო ხდება ჰორმონის შემცველობის განსაზღვრა ჯირკვლის სტიმულაციის შემდეგ (მაგ. მისი გამომუშავების გამომწვევი სხვა ჰორმონის ან წამლის შეყვანით, ან შაქრის შემცველი სითხის დალევით), ან პაციენტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ (მაგ. მშიერ კუჭზე).