ცარიელი კეხის სინდრომის დროს თურქული კეხი (ტვინის ფუძეზე მდებარე ძვლოვანი სივრცე, რომელშიც ჰიპოფიზია მოთავსებული) დიდდება, მაგრამ ჰიპოფიზი ნორმალური ზომის რჩება ან პირიქით, პატარავდება.
ცარიელი კეხის სინდრომის მიზეზია იმ ქსოვილოვანი ბარიერის დეფექტი, რომელიც ნორმაში თავის ტვინის გარშემო არსებულ თავზურგტვინის სითხესა და თურქულ კეხს ერთმანეთისგან გამოყოფს. აღნიშნულის გამო ეს სითხე დიდი წნევით აწვება ჰიპოფიზსა და კეხის კედლებს და თურქული კეხი შესაძლოა ზომაში გაიზარდოს, მასში მდებარე ჯირკვალი კი – შეიჭმუხნოს.
ცარიელი კეხის სინდრომი ყველაზე ხშირად საშუალო ასაკის, ჭარბწონიან ქალებში გვხვდება, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა აქვთ. უფრო იშვიათად ეს მდგომარეობა ვითარდება ჰიპოფიზზე ოპერაციის, სხივური თერაპიის ან ჰიპოფიზის სიმსივნის ინფარქტის (ქსოვილთა კვდომის) შემდეგ.
ცარიელი კეხის სინდრომს შეიძლება არავითარი გამოვლინება არ ჰქონდეს და ძალიან იშვიათად ახასიათებს საშიში სიმპტომები. დაავადებულთა ნახევარს თავის ტკივილი აწუხებს, ზოგ მათგანს – მაღალი არტერიული წნევაც. იშვიათად თავზურგტვინის სითხე ცხვირიდან მოჟონავს ან მხედველობის პრობლემები ვითარდება.
ცარიელი კეხის სინდრომის დიაგნოსტიკისთვის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) გამოიყენება. მოწმდება ჰიპოფიზის ფუნქცია, რათა გამოირიცხოს ჰორმონების სიჭარბე ან ნაკლებობა. თუმცა აღნიშნული თითქმის ყველა შემთხვევაში ნორმაშია.
მკურნალობა ძალიან იშვიათადაა საჭირო და მხოლოდ მაშინ ინიშნება, თუ ამ ჯირკვლის ჰორმონები ზედმეტად ან მცირე რაოდენობით წარმოიქმნება.