ჰიპოფიზის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ჰიპოფიზის დაავადებები
  2. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ჰიპოფიზის დაავადებები

ჰიპოფიზი მუხუდოს მარცვლისხელა ჯირკვალია, რომელიც ტვინის ფუძეზე არსებულ ძვლოვან სივრცეში – თურქულ კეხშია მოთავსებული. აქ ჰიპოფიზი დაცულია, თუმცა, ზომაში ზრდის შემთხვევაში, კეხში მისთვის ძალიან პატარა ადგილი რჩება.

ჰიპოფიზი სხვა ენდოკრინული ჯირკვლების უმრავლესობის ფუნქციონირებას აკონტროლებს, ამიტომ ზოგჯერ მას მთავარ ჯირკვალსაც უწოდებენ. ჰიპოფიზის მუშაობას, თავის მხრივ, მნიშვნელოვანწილად ჰიპოთალამუსი არეგულირებს – ტვინის ნაწილი, რომელიც ზუსტად ამ ჯირკვლის ზემოთაა მოთავსებული. ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი განსაზღვრავენ, რა კონცენტრაციითაა ჰიპოფიზის დაქვემდებარებაში მყოფი სამიზნე ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონები სისხლში და ამის საფუძველზე ადგენენ, რამდენად ესაჭიროებათ ამ ორგანოებს დამატებითი სტიმულაცია.

ჰიპოფიზი ორი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება: უკანა და წინა წილისგან. წინა წილი ჯირკვლის მასის 80%-ს შეადგენს. წილები ჰიპოთალამუსთან დაკავშირებულნი არიან ფეხით, რომელიც სისხლძარღვებსა და ნერვული უჯრედების მორჩებს შეიცავს (ნერვულ ბოჭკოებს ანუ აქსონებს). ჰიპოთალამუსი ჰიპოფიზის წინა წილს არეგულირებს მათ დამაკავშირებელ სისხლძარღვებში ჰორმონების გამოყოფით, უკანა წილს კი – ნერვული იმპულსების მეშვეობით.

ჰიპოფიზის წინა წილი გამოიმუშავებს და გამოყოფს ექვს ძირითად ჰორმონს:

  • ზრდის ჰორმონს, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის ზრდასა და ფიზიკურ განვითარებას და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სხეულის ფორმაზე კუნთების ჩამოყალიბებისა და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირების გზით;

  • თირეოიდმასტიმულირებელ ჰორმონს, რომელიც ფარისებრ ჯირკვალში თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნას აძლიერებს;

  • ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (აკტჰ ანუ კორტიკოტროპინი), რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლებში კორტიზოლისა და სხვა ჰორმონების წარმოქმნას;

  • ფოლიკულმასტიმულირებელ და მალუტეინიზებელ ჰორმონებს (გონადოტროპინებს), რომლებიც ასტიმულირებენ სათესლე ჯირკვლებში სპერმის წარმოქმნას, საკვერცხეებში კვერცხუჯრედების ჩამოყალიბებას, სასქესო ორგანოებში კი სასქესო ჰორმონების (ტესტოსტერონის და ესტროგენის) გამომუშავებას;

  • პროლაქტინს, რომელიც სარძევე ჯირკვლებში რძის წარმოქმნას ასტიმულირებს.

წინა წილი რამდენიმე სხვა ჰორმონსაც გამოყოფს. მათგან ერთ-ერთი კანის გამუქებას იწვევს (ბეტა-მელანოციტმასტიმულირებელი ჰორმონი), ზოგი კი ტკივილის შეგრძნებას ამცირებს და იმუნური სისტემის რეგულაციაში მონაწილეობს (ენდორფინები).

ჰიპოფიზის უკანა წილი მხოლოდ ორ ჰორმონს გამოყოფს: ანტიდიურეზულ ჰორმონსა და ოქსიტოცინს. ანტიდიურეზულ ჰორმონს სხვაგვარად ვაზოპრესინს უწოდებენ. იგი არეგულირებს თირკმლების მიერ წყლის გამოყოფას, შესაბამისად, მისი როლი მნიშვნელოვანია ორგანიზმში წყლის ბალანსის რეგულაციაში. ოქსიტოცინი საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს მშობიარობის დროს და მისი დასრულებისთანავე, რათა ჭარბი სისხლდენა არ განვითარდეს. ოქსიტოცინს ასევე ევალება სარძევე ჯირკვლების სადინარების შეკუმშვის სტიმულაცია, რის შედეგადაც მეძუძურ ქალებში რძე დვრილისკენ გადაინაცვლებს და გარეთ გამოიყოფა.

ჰიპოფიზში ჰორმონები მუდმივად არ გამომუშავდება. მათი უმრავლესობა ყოველ 1-3 საათში ერთხელ გამოიყოფა, დროგამოშვებით, ანუ ახასიათებთ აქტიური და არააქტიური პერიოდების მონაცვლეობა. ზოგი მათგანის გამოყოფა, მაგ. აკტჰ-ის, ზრდის ჰორმონისა და პროლაქტინის, დღეღამური რიტმის მიხედვით იცვლება: მათი დონე სისხლში იზრდება და იკლებს წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით – მაქსიმუმს აღწევს დილას, გაღვიძების წინ და მინიმუმამდე ეცემა დაძინების წინ. სხვა ჰორმონების შემცველობა კი სხვა ფაქტორების მოქმედებით იცვლება. მაგალითად, ქალებში რეპროდუქციული ფუნქციების მაკონტროლებელი ჰორმონების (მალუტეინიზებელი და ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონების) დონე განსხვავდება მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა ფაზაში.

ჰიპოფიზის ფუნქციის მოშლას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს; ხშირად მისი ნორმალური მუშაობის დარღვევას კეთილთვისებიანი სიმსივნე ანუ ადენომა იწვევს. სიმსივნემ შეიძლება ჭარბად გამოჰყოს ერთი ან მეტი ჰორმონი, ან დააწვეს ჰიპოფიზის ნორმალურ უჯრედებს და ხელი შეუშალოს რომელიმე ჰორმონის ან ჰორმონების გამომუშავებას. ადენომამ შეიძლება ჰიპოფიზის ზომაში ზრდაც გამოიწვიოს, ჰორმონების წარმოქმნის დარღვევით ან მის გარეშე. ზოგჯერ ერთი რომელიმე ჰორმონი ჭარბად გამომუშავდება ჰიპოფიზის სიმსივნის მიერ, მეორე კი ნაკლებად – ზეწოლის გამო. ამ ნივთიერებების ზედმეტმა ან მცირე რაოდენობამ მრავალგვარი სიმპტომი შეიძლება გამოიწვიოს.

ექიმებს ჰიპოფიზის დაავადების დიაგნოზის დასმა რამდენიმე გამოკვლევით შეუძლიათ. გამოსახულებითი კვლევების მეშვეობით; მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (მრტ) შესაძლებელია დადგინდეს, ჰიპოფიზი ზომაში გაზრდილია თუ დაპატარავებული. ამ კვლევებით, როგორც წესი, განისაზღვრება, არის თუ არა სიმსივნური წარმონაქმნი ჯირკვალში.

მარტივი ანალიზით ექიმები სისხლში ჰიპოფიზის ჰორმონების დონესაც საზღვრავენ. ისინი პაციენტის სიმპტომების მიხედვით ადგენენ, კერძოდ რომელი ნივთიერებების შემცველობის გაზომვაა საჭირო. ზოგჯერ ჰიპოფიზის ჰორმონების დონის მიხედვით დასკვნის გამოტანა საკმაოდ ძნელია, რადგან ისინი მნიშვნელოვნად იცვლება დღის მონაკვეთებისა და ორგანიზმის მოთხოვნილებების მიხედვით. ასეთი ჰორმონების სისხლში შემცველობის დაუგეგმავი, შემთხვევითი განსაზღვრა სასარგებლო ინფორმაციას არ იძლევა.

ზოგიერთი ზემოხსენებული ჰორმონის გამოყოფის შესაფასებლად ექიმებს პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ ნივთიერებები, რომლებიც ჩვეულებრივ გავლენას ახდენენ ამ ჰორმონის სისხლში შემცველობაზე. მაგალითად, ინსულინის ინექციის შემდეგ აკტჰ-ს, ზრდის ჰორმონისა და პროლაქტინის დონე უნდა გაიზარდოს. ზრდის ჰორმონის შემცველობის პირდაპირ გაზომვის ნაცვლად ექიმები ხშირად ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი-1-ის (IGF-1) რაოდენობას განსაზღვრავენ. ზრდის ჰორმონი რამდენიმე საათში ერთხელ გამოთავისუფლდება და მისი დონე სწრაფად ეცემა, მაგრამ IGF-1-ის შემცველობა საკმაოდ კარგად ასახავს ამ ჰორმონის ყოველდღიურ წარმოქმნას. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით ჰიპოფიზის ჰორმონების შეფასება საკმაოდ რთულია ხოლმე.