ჰიპოთირეოზი (ჰიპოთირეოიდიზმი) | მკურნალი.გე
  1. ჰიპოთირეოზი (ჰიპოთირეოიდიზმი)
  2. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ენდოკრინული სისტემის დაავადებები)
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ჰიპოთირეოზი (ჰიპოთირეოიდიზმი)

ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაა, რაც მისი ჰორმონების ნაკლებობასა და ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების შენელებას იწვევს.

  • სახე უმეტყველო იერს იძენს, ხმა უხეშდება, მეტყველება ნელდება, ქუთუთოები ეშვება, თვალები და სახე შეშუპებულია;

  • დიაგნოზის დასადასტურებლად ხშირად სისხლის მხოლოდ ერთი ანალიზია საჭირო;

  • ჰიპოთირეოიდიზმის მქონე ადამიანებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უწევთ თირეოიდული ჰორმონების მიღება.

ჰიპოთირეოზი ხშირია განსაკუთრებით მოხუცებსა და ქალებში. იგი ასაკოვანი ქალბატონების 10%-ს აღენიშნება. თუმცა დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს. ძალიან მძიმე ჰიპოთირეოიდიზმს მიქსედემა ეწოდება.

მიზეზები

ჰიპოთირეოზს რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

პირველად ჰიპოთირეოიდიზმს თავად ფარისებრი ჯირკვლის დაავადება იწვევს. ყველაზე ხშირად იგი ჰაშიმოტოს თირეოიდიტის გამო ვითარდება. ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ნელ-ნელა ნადგურდება, რასაც შედეგად ჰიპოთირეოზი მოჰყვება.

გარდამავალი ჰიპოთირეოიდიზმის გამოწვევა შეუძლია ქვემწვავე თირეოიდიტსა და ფარულ ლიმფოციტურ თირეოიდიტს. გარდამავალი ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილი საბოლოოდ არ იშლება.

ამ დარღვევის მიზეზები ასევე შეიძლება იყოს ჰიპერთირეოზის ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა, რადგან ფარისებრის ჰორმონების წარმოქმნის დამთრგუნავი რადიოაქტიური იოდი ან წამლები, ასევე ჯირკვლის ქირურგიული ამოკვეთა ორგანიზმში ზემოხსენებული ჰორმონების ნაკლებობას იწვევს.

მრავალ განვითარებად ქვეყანაში ჰიპოთირეოზის ყველაზე ხშირი მიზეზია საკვებით იოდის არასაკმარისი მიღება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ფაქტორი ნაკლებად იწვევს ჰიპოთირეოზს, რადგან, ერთი მხრივ, იოდს სუფრის მარილს უმატებენ, ხოლო, მეორე მხრივ, იოდი გამოიყენება მეწველი მსხვილფეხა საქონლის ცურების სტერილიზაციისთვის; შესაბამისად, იგი რძის პროდუქტებშიც შედის. ჰიპოთირეოიდიზმის უფრო იშვიათი მიზეზებიდან აღსანიშნავია ზოგი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელთა დროსაც ფარისებრ ჯირკვალში ფერმენტების დეფექტი ხელს უშლის საკმარისი რაოდენობით ჰორმონების წარმოქმნას ან მათ გამოყოფას.

მეორეული ჰიპოთირეოზის დროს, რაც ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე პირველადი, ჰიპოფიზი არ გამოათავისუფლებს თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH-ის) საჭირო რაოდენობას, რაც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური სტიმულაციისთვის.

სიმპტომები

თირეოიდული ჰორმონების ნაკლებობა ორგანიზმში პროცესების შენელებას იწვევს. სიმპტომები შეუმჩნევლად, თანდათან ვითარდება. ისინი ზოგჯერ დეპრესიის გამოვლინებებში ეშლებათ, განსაკუთრებით კი მოხუცებში. სახე უმეტყველო იერს იძენს, ხმა უხეშდება, მეტყველება ნელდება, ქუთუთოები ეშვება, სახე და თვალები კი შუპდება. ჰიპოთირეოიდიზმის მქონე ბევრი ადამიანი იმატებს წონაში, მათ აწუხებთ შეკრულობა და ცუდად იტანენ სიცივეს. თმა თხელდება, უხეშდება, შრება, კანიც მშრალი და უხეში ხდება, იქერცლება და სქელდება. ზოგჯერ მაჯის არხის სინდრომიც ვითარდება, რის გამოც მტევნების ტკივილი ან ჩხვლეტის შეგრძნება ვლინდება. პულსი შეიძლება შენელდეს, თითები და ხელისგულები მოყვითალო შეფერილობას იღებს (კაროტინემია), წარბების გარეთა ნაწილები კი ნელ-ნელა სცვივა ადამიანს. ზოგჯერ, განსაკუთრებით მოხუცებში, ვითარდება ცნობიერების აბნევა, გულმავიწყობა ან გონებრივი ფუნქციების დაქვეითება, რაც ადვილად შეიძლება შეგვეშალოს ალცჰაიმერის დაავადებაში ან დემენციის სხვა ფორმებში.

მკურნალობის გარეშე ჰიპოთირეოიდიზმი საბოლოოდ ანემიას, სხეულის ტემპერატურის დაქვეითებასა და გულის უკმარისობას იწვევს. ეს მდგომარეობა შეიძლება პროგრესირდეს და ცნობიერების აბნევა, სტუპორი ან კომა (მიქსედემური კომა) განვითარდეს. ეს უკანასკნელი სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა, რომლის დროსაც სუნთქვა ნელდება, ვითარდება გულყრები და ტვინისთვის სისხლის მიწოდება მცირდება. მიქსედემური კომა ჰიპოთირეოიდიზმის მქონე ადამიანებში შეიძლება ფიზიკურმა სტრესმა გამოიწვიოს, მაგ., სიცივეში ყოფნამ, ინფექციამ, ტრავმამ, ოპერაციამ და წამლებმა, მაგ., სედაციურმა საშუალებებმა, რომლებიც თავის ტვინის ფუნქციას თრგუნავენ.

დიაგნოზი

ჰიპოთირეოიდიზმის დიაგნოსტირება ხშირად სისხლის ერთი მარტივი ანალიზითაა შესაძლებელი – TSH-ის განსაზღვრით. ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს კვლევა, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს 55 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობას. რამდენადაც ხშირია ჰიპოთირეოიდიზმი მოხუცებში, იმდენად ძნელია ექიმებისთვის, ეს დარღვევა მსუბუქ სტადიაზევე გაარჩიონ ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის დამახასიათებელი სხვა დაავადებებისგან.

იშვიათ შემთხვევებში, როცა ჰიპოთირეოიდიზმს TSH-ის ნაკლებობა იწვევს, სისხლის მეორე ანალიზია საჭირო. განისაზღვრება თავისუფალი ანუ ცილასთან შეუკავშირებელი T4-ის (თიროქსინის) დონე. თუკი მისი შემცველობა დაბალია, ჰიპოთირეოიდიზმის დიაგნოზი დასტურდება.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჩანაცვლებას დასალევი წამლებით. მიიჩნევა, რომ უმჯობესია სინთეზური T4-ის გამოყენება. არსებობს სხვა ვარიანტიც, გამომშრალი ფარისებრის ექსტრაქტი, რომელსაც ცხოველთა ფარისებრი ჯირკვლებისგან იღებენ. ზოგადად, ეს უკანასკნელი ნაკლებად მისაღებია, ვიდრე T4, რადგან ჰორმონების შემცველობა აბებში შეიძლება განსხვავებული იყოს. გადაუდებელ შემთხვევებში, მაგ. მიქსედემური კომის დროს, ექიმებმა შესაძლოა სინთეზური T4, T3 (ტრიიოდთირონინი) ან ორივე ერთად დანიშნონ ვენაში შესაყვანად.

მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მცირე დოზებით იწყება, რადგან მეტის მიღებას შეიძლება მძიმე გვერდითი ეფექტები მოჰყვეს. თუმცა, ზოგჯერ, დასაწყისშივე, წამლის საკმაოდ დიდი რაოდენობაა საჭირო. საწყისი დოზა და მისი ზრდის სიჩქარე განსაკუთრებით დაბალია მოხუცებისთვის, რადგან მათში გვერდითი მოვლენების რისკი კიდევ უფრო დიდია. დოზას თანდათან უმატებენ, სანამ ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის დონე პაციენტის სისხლში ნორმას არ დაუბრუნდება. ორსულობის დროს, როგორც წესი, დოზის გაზრდაა საჭირო.