ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის მიზეზი უცნობია, მაგრამ დადგენილია, რომ ეს ორგანო ძალიან მგრძნობიარეა გამოსხივებისადმი. დაავადება უფრო მეტად გვხვდება იმ ადამიანებში, რომლებსაც ბავშვობაში თავის, ყელის ან გულმკერდის სხივური თერაპია უტარდებოდათ, ხშირად კეთილთვისებიანი დაავადებების გამო (თუმცა, კეთილთვისებიანი პათოლოგიების დროს დღეს სხივური თერაპია აღარ გამოიყენება).
ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: მთელი ორგანოს ზომაში ზრდის ნაცვლად ავთვისებიანი სიმსივნე ფარისებრ ჯირკვალში პატარა წარმონაქმნების (კვანძების) განვითარებას იწვევს. თუმცა, ზოგადად, კვანძების უმრავლესობა ავთვისებიანი არ არის.
იმის რისკი, რომ წარმონაქმნი ავთვისებიანი იქნება, მაღალია, თუკი კვანძი:
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პირველი ნიშანი ყელზე არსებული უმტკივნეული კვანძია. მისი აღმოჩენისას ექიმები რამდენიმე კვლევას ნიშნავენ. პირველ რიგში სისხლში განისაზღვრება თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის, T4 (თიროქსინი ან ტეტრაიოდთირონინი) და T3 (ტრიიოდთირონინი) ჰორმონების, ზოგჯერ კი ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონეც. თუკი შედეგად ჰიპერთირეოიდიზმი დადგინდა, ამ ორგანოს სკანირება ტარდება იმის გასარკვევად, წარმოქმნის თუ არა კვანძი ჰორმონებს. კვანძებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ჰორმონებს, "ცხელი" კვანძები ეწოდებათ და თითქმის ყოველთვის კეთილთვისებიანი არიან. თუკი ანალიზებით ჰიპერთირეოიდიზმი ან ჰაშიმოტოს თირეოიდიტი არ დადგინდა, ან კვანძები "ცხელი" არ არის, ექიმი ბიოფსიას დანიშნავს წვრილი ნემსით. ამ დროს ჯირკვლის ქსოვილის მცირე ნაწილს ძალიან წვრილი ნემსით იღებენ
და მიკროსკოპით შეისწავლიან. პროცედურა არც ისე მტკივნეულია და ექიმის კაბინეტში სრულდება. შესაძლოა ამ დროს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება გაკეთდეს და ექიმმა ნემსის სწორად შესაყვანად ულტრაბგერითი კონტროლი გამოიყენოს. ექოსკოპიას იმის დასადგენადაც მიმართავენ, თუ რამდენად დიდია კვანძი, მყარია თუ სითხით სავსე და არის თუ არა სხვა კვანძებიც.
პაპილარული კარცინომა: პაპილარული კარცინომა ყველაზე ხშირია და შეადგენს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევათა 70-80%-ს. იგი ორ-სამჯერ უფრო მეტად გვხვდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. პაპილარული კარცინომა შედარებით ხშირია ახალგაზრდებში, მაგრამ უფრო სწრაფად იზრდება და ვრცელდება მოხუცებში. ამ დაავადების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი აღენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც ჩვილობაში ან ბავშვობაში რაიმე კეთილთვისებიანი დაავადების სამკურნალოდ ან ზრდასრულ ასაკში სხვა კიბოს გამო კისრის სხივური თერაპია აქვთ ჩატარებული.
პაპილარული კარცინომა ფარისებრ ჯირკვალში იზრდება, მაგრამ ზოგჯერ მეზობელ ლიმფურ კვანძებშიც ვრცელდება (მეტასტაზირებს). მკურნალობის გარეშე იგი უფრო მოშორებულ ორგანოებზეც შეიძლება გადავიდეს.
პაპილარული კარცინომა თითქმის ყოველთვის იკურნება. 1 სანტიმეტრზე პატარა კვანძები უშუალოდ მათ გარშემო არსებულ ქსოვილთან ერთად ამოიკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ექსპერტის აზრით ამ დროს მთელი ჯირკვლის ამოღება ჯობია. დიდი კვანძების შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვალი სრულად ამოიკვეთება ან ამოჭრიან მის დიდ ნაწილს. ხშირად ჯირკვლის დარჩენილი ქსოვილის ან სიმსივნის დასაშლელად რადიოაქტიური იოდი გამოიყენება. გარდა აღნიშნულისა, ნიშნავენ ფარისებრ ჰორმონებსაც, დიდი დოზებით, რათა დაითრგუნოს დარჩენილი ქსოვილის ზრდა.
ფოლიკულური კარცინომა: ფოლიკულური კარცინომა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების 15%-ს შეადგენს და უფრო ხშირია მოხუცებულებში. იგი შედარებით მეტად ქალებში გვხვდება.
ეს სიმსივნე პაპილარულ კარცინომაზე ბევრად უფრო აგრესიულია და სისხლით ვრცელდება (მეტასტაზირებს), რის გამოც ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში გადაიტანება.
ფოლიკულური კარცინომის სამკურნალოდ საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის მაქსიმალურად ამოკვეთა და რადიოაქტიური იოდით დარჩენილი ქსოვილის, ასევე მეტასტაზების (მათი არსებობის შემთხვევაში) განადგურება. ეს სიმსივნე ხშირად იკურნება, მაგრამ უფრო იშვიათად, ვიდრე პაპილარული კარცინომა.
ანაპლაზიური კარცინომა: ანაპლაზიური კარცინომა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების 5%-ს შეადგენს და ყველაზე ხშირად ასაკოვან ქალებში გვხვდება. იგი ძალიან სწრაფად იზრდება და კისერზე დიდი ზომის წარმონაქმნის განვითარებას იწვევს. სიმსივნეს მთელ ორგანიზმში გავრცელებაც ახასიათებს.
ანაპლაზიური კარცინომით დაავადებულთა 80% ერთ წელში იღუპება, მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში განკურნებაც შეიძლება ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის დახმარებით ოპერაციამდე და მის შემდეგ. სიმსივნის ამ სახეობის საწინააღმდეგოდ რადიოაქტიური იოდი არ გამოდგება.
მედულური კარცინომა: მედულური კარცინომა საკმაოდ იშვიათია. იგი ფარისებრ ჯირკვალში წარმოიშობა, მაგრამ არა იმ უჯრედებიდან, რომლებიც თირეოიდულ ჰორმონებს წარმოქმნიან. სიმსივნე C უჯრედებიდან ვითარდება. ისინი მთელ ფარისებრ ჯირკვალში არიან გაბნეულნი და ჰორმონ კალციტონინს გამოყოფენ. მედულური კარცინომა დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ამ ნივთიერებას. მას სხვა ჰორმონების წარმოქმნაც შეუძლია, ამიტომ შეიძლება უჩვეულო სიმპტომებით გამოვლინდეს.
სიმსივნე სისხლის გზით ვრცელდება (მეტასტაზირებს) ღვიძლში, ფილტვებსა და ძვლებში. მედულური კარცინომა სხვა სახის ენდოკრინულ სიმსივნეებთან ერთად შეიძლება განვითარდეს, რასაც მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების სინდრომი ეწოდება.
მკურნალობისთვის საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა. შეიძლება დამატებითი ოპერაცია გახდეს აუცილებელი იმის დასადგენად, სიმსივნე მახლობელ ლიმფურ კვანძებში ხომ არაა გავრცელებული. იმ ადამიანთა ორ მესამედზე მეტი, რომლებშიც მედულური კარცინომა მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის სინდრომის გამო განვითარდა, განიკურნება. თუკი ეს სიმსივნე დამოუკიდებლად წარმოიშვა ორგანიზმში, გადარჩენის შანსი შედარებით ნაკლებია.