ადისონის დაავადება | მკურნალი.გე
  1. ადისონის დაავადება
  2. თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
  3. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
ადისონის დაავადება

ადისონის დაავადების დროს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია დაქვეითებულია, რის გამოც მათი ჰორმონების ნაკლებობა ვითარდება.

  • ადისონის დაავადება შეიძლება ავტოიმუნური რეაქციის, ავთვისებიანი სიმსივნის, ინფექციის ან სხვა პათოლოგიის შედეგი იყოს;

  • ადისონის დაავადების მქონე ადამიანები უჩი-

ვიან სისუსტეს, დაღლილობას, წოლის ან ჯდომის შემდეგ წამოდგომისას თავბრუხვევას. ამ დროს შესაძლოა კანზე მუქი ლაქებიც გაჩნდეს;

  • დიაგნოსტიკისთვის ექიმები სისხლში განსაზღვრავენ ნატრიუმისა და კალიუმის, კორტიზოლისა და კორტიკოტროპინის დონეს;

  • მკურნალობა მოიცავს კორტიკოსტეროიდებისა და სითხეების მიღებას.

ადისონის დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს და იგი თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში. შემთხვევათა 70%-ში დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, თირკმელზედა ჯირკვლებს ავტოიმუნური რეაქცია აზიანებს, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა თავს ესხმის და ანადგურებს ამ ორგანოს ქერქოვან შრეს. დანარჩენ 30%-ში თირკმელზედა ჯირკვლების დაზიანების მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნე, ინფექცია (მაგ., ტუბერკულოზი) ან სხვა დიაგნოსტირებადი დაავადებაა. ჩვილებსა და ბავშვებში დაავადება შეიძლება ამ ორგანოების გენეტიკურმა დეფექტმა გამოიწვიოს.

თირკმელზედა ჯირკვლების მეორეული უკმარისობა ადისონის დაავადების მსგავსი პათოლოგიაა. ამ დროს ორგანოების ფუნქცია იმიტომ კი არაა დაქვეითებული, რომ ისინი დაზიანებულია ან ვერ მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ ჰიპოფიზი ვერ ასტიმულირებს მათ.

თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მოშლის დროს მათი ყველა ჰორმონის ნაკლებობა ვითარდება. შესაბამისად, ადისონის დაავადების დროს წყლის, ნატრიუმისა და კალიუმის ბალანსთან ერთად დარღვეულია არტერიული წნევის რეგულაციისა და სტრესთან გამკლავების უნარიც. ამასთანავე, ანდროგენების, მაგ. დეჰიდროეპიანდროსტერონის (დჰეა) კარგვამ შეიძლება ქალებში სხეულზე თმის გაცვენა გამოიწვიოს. მამაკაცებში ამ დანაკლისს სათესლე ჯირკვლებიდან გამოყოფილი ტესტოსტერონი ანაზღაურებს. დჰეა-ს შესაძლოა სხვა ისეთი ეფექტებიც ჰქონდეს სხეულში, რაც ანდროგენებთან არ არის დაკავშირებული.

თირკმელზედა ჯირკვლის ინფექციით ან ავთვისებიანი სიმსივნით დაზიანების დროს ტვინოვანი შრის ფუნქციაც მოიშლება და ორგანიზმი კარგავს ადრენალინის (ეპინეფრინის) წყაროს, თუმცა ეს სიმპტომებს არ იწვევს.

ალდოსტერონის ნაკლებობა დიდი რაოდენობით ნატრიუმის გამოყოფასა და კალიუმის შეკავებას იწვევს, რის გამოც სისხლში ნატრიუმის სიმცირე და კალიუმის სიჭარბე ვითარდება. თირკმლებს აღარ შეუძლიათ შარდის კონცენტრირება. შესაბამისად, ადისონის დაავადების მქონე ადამიანმა დიდი რაოდენობით წყალი თუ მიიღო ან ბევრი ნატრიუმი დაკარგა, ამ ელემენტის დონე სისხლში ეცემა. შარდის კონცენტრირების უნარის დაკარგვა მისი დიდი რაოდენობით გამოყოფასა და გაუწყლოვნებას იწვევს. მძიმე გაუწყლოვნება და ნატრიუმის ნაკლებობა ამცირებს სისხლის მოცულობას და საბოლოოდ შოკი შეიძლება განვითარდეს.

კორტიკოსტეროიდების სიმცირე ინსულინისადმი ზედმეტ მგრძნობელობას იწვევს, რის გამოც სისხლში შაქრის დონე შესაძლოა სახიფათოდ დაეცეს (ჰიპოგლიკემია). ამ ჰორმონების ნაკლებობის გამო ორგანიზმი ვეღარ ახერხებს ცილისგან ნახშირწყლების წარმოქმნას, ინფექციებთან ბრძოლასა და ანთების გაკონტროლებას. კუნთები და ზოგჯერ გულიც კი სუსტდება, რის გამოც სისხლის გადატუმბვა აღარ შეუძლია. ამასთანავე, არტერიული წნევა შესაძლოა სახიფათო ნიშნულამდე დაეცეს.

ადისონის დაავადების მქონეთა ორგანიზმში სტრესის დროს კორტიკოსტეროიდები დამატებით ვეღარ წარმოიქმნება. შესაბამისად, ამ ადამიანებში ძალიან დიდია მძიმე სიმპტომებისა და გართულებების რისკი რაიმე დაავადების, ძლიერი დაღლილობის, სერიოზული ტრავმის, ოპერაციის ან დიდი ფსიქოლოგიური სტრესის დროსაც კი.

ადისონის დაავადების დროს ჰიპოფიზი უფრო მეტ კორტიკოტროპინს წარმოქმნის, რადგან ცდილობს, ასტიმულიროს თირკმელზედა ჯირკვლები. ეს ჰორმონი მელანინის გამომუშავებას იწვევს, ასე რომ, კანი და პირის ღრუს ლორწოვანი ხშირად მუქ შეფერილობას იღებს.

სიმპტომები

ადისონის დაავადების განვითარებიდან მალევე ვლინდება სისუსტე, დაღლილობა და თავბრუხვევა ჯდომის ან წოლის შემდეგ ადგომისას. ეს პრობლემები შესაძლოა თანდათან და შეუმჩნევლად წარმოიშვას. კანზე მუქი ლაქები ჩნდება. ისინი ერთი შეხედვით ნარუჯს ჰგავს, თუმცა ისეთ ადგილებში ვითარდება, რომლებსაც მზის სინათლე არც კი მოხვედრია. ჭარბი პიგმენტაცია მუქი კანის მქონე ადამიანებშიც შეიძლება განვითარდეს, თუმცაღა, ეს უფრო ძნელი შესამჩნევია. შუბლზე, სახესა და მხრებზე შავი ჭორფლები ჩნდება, დვრილების, ტუჩების, პირის, ყითას, სათესლე პარკისა და საშოს გარშემო კანმა შესაძლოა მოლურჯო-მოშავო შეფერილობა მიიღოს.

დაავადებულთა უმრავლესობა იკლებს წონაში, ვითარდება გაუწყლოვნება, უმადობა, კუნთების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა და სიცივის აუტანლობა. თუკი დაავადება ძალიან მძიმე არ არის, სიმპტომები შეიძლება მხოლოდ სტრესის დროს გამოვლინდეს. დროდადრო ვითარდება ჰიპოგლიკემია, აგზნებითა და მარილიანი საკვების მიღების ძლიერი სურვილით, განსაკუთრებით ბავშვებში.

მკურნალობის გარეშე დაავადება მუცლის ძლიერი ტკივილს, გამოხატულ სისუსტეს, არტერიული წნევის დაცემას, თირკმლის უკმარისობასა და ზოგჯერ შოკსაც იწვევს (ადისონის კრიზი). თირკმელზედა ჯირკვლების კრიზი მაშინ ვითარდება, თუ ორგანიზმზე ძლიერი სტრესი მოქმედებს, მაგ. ავარია, ტრავმა, ოპერაცია ან მძიმე ინფექცია. ადამიანი შეიძლება ძალიან სწრაფად დაიღუპოს.

დიაგნოზი

იმის გამო, რომ სიმპტომები შეიძლება ნელ-ნელა და შეუმჩნევლად გამოვლინდეს და დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა რომელიმე ერთი კვლევით შეუძლებელია, ექიმებს დასაწყისში ადისონის დაავადებაზე ეჭვი იშვიათად მიაქვთ ხოლმე. ზოგჯერ ძლიერი სტრესის გამო სიმპტომები უფრო მკვეთრად ვლინდება და კრიზი ვითარდება.

სისხლის ანალიზით დგინდება ნატრიუმის ნაკლებობა და კალიუმის სიჭარბე, რაც მიანიშნებს, რომ თირკმლები კარგად არ ფუნქციონირებს. ადისონის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში სისხლში კორტიზოლის დონეს განსაზღვრავენ. იგი შეიძლება დაბალი იყოს, კორტიკოტროპინის შემცველობა კი – მაღალი. თუმცა, დიაგნოზის დასადასტურებლად მაინც საჭიროა კორტიზოლის დონის განსაზღვრა კორტიკოტროპინის შეყვანამდე და შემდეგ. კორტიზოლის ნაკლებობის შემთხვევაში დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, სიმპტომების მიზეზი ადისონის დაავადებაა თუ თირკმელზედა ჯირკვლების მეორეული უკმარისობა.

მკურნალობა

მიზეზის მიუხედავად, ადისონის დაავადება სიცოცხლისთვის საშიშია და აუცილებელია მისი მკურნალობა კორტიკოსტეროიდებითა და ვენაში სითხეების გადასხმით. თავიდან, როგორც წესი, ჰიდროკორტიზონი ან პრედნიზოლონი (ხელოვნურად სინთეზირებული კორტიკოსტეროიდი) ინიშნება დასალევად. თუმცა, ძალიან მძიმე პაციენტებს საწყის ეტაპზე კორტიზოლი შეიძლება ვენაში ან კუნთში გაუკეთდეთ და შემდეგ დაინიშნოს ჰიდროკორტიზონის აბები. იმის გამო, რომ ორგანიზმში ნორმაში კორტიზოლი ძირითადად დილით გამოიყოფა, ჰიდროკორტიზონის დოზა უნდა გაიყოს და მისი დიდი ნაწილი დილას დაინიშნოს. ეს წამალი ადამიანმა ყოველდღე უნდა მიიღოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სტრესის დროს ჰიდროკორტიზონის დოზა იზრდება, განსაკუთრებით კი ავადმყოფობის შემთხვევაში. თუკი პაციენტს დიარეა ან ღებინება აქვს, წამალი შეიძლება ინექციით გაკეთდეს.

დაავადებულთა უმრავლესობას ფლუდროკორტიზონის ყოველდღიური მიღებაც სჭირდება, რათა ორგანიზმში ნატრიუმისა და კალიუმის ნორმალური გამოყოფა აღდგეს. ტესტოსტერონის დამატებით მიღება, როგორც წესი, საჭირო არ არის; თუმცა, არსებობს მტკიცებულებები, რომ დჰეა-ს ჩანაცვლება სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებს. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, პროგნოზი ძალიან კარგია.