თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
  2. ენდოკრინული სისტემის დაავადებები
თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები

ორგანიზმში ორი თირკმელზედა ჯირკვალია და ორივე თითოეული თირკმლის ზემოთ მდებარეობს. ამ ორგანოების შიგნითა ნაწილი (ტვინოვანი შრე) გამოიმუშავებს ჰორმონებს, როგორიცაა ადრენალინი (ეპინეფრინი), რომელიც არტერიულ წნევას, გულისცემის სიხშირეს, ოფლის გამოყოფასა და სიმპათიკური ნერვული სისტემის მიერ რეგულირებულ სხვა პროცესებს აკონტროლებს. გარეთა ნაწილი (ქერქოვანი შრე) რამდენიმე სხვადასხვა ჰორმონს გამოყოფს, მათ შორის კორტიკოსტეროიდებს (კორტიზონის მსგავს ჰორმონებს, მაგ. კორტიზოლს) და მინერალოკორტიკოიდებს (მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალდოსტერონი, რომელიც არტერიულ წნევასა და ორგანიზმში ნატრიუმისა და კალიუმის დონეს არეგულირებს). თირკმელზედა ჯირკვალი მონაწილეობას იღებს ანდროგენების (ტესტოსტერონისა და მსგავსი ჰორმონების) წარმოქმნის სტიმულაციაშიც.

თირკმელზედა ჯირკვლების მუშაობას ნაწილობრივ თავის ტვინი არეგულირებს. ჰიპოთალამუსი, ტვინის პატარა ნაწილი, რომელსაც ჰორმონების კონტროლი ევალება, კორტიკოტროპინ-რილიზინგ ჰორმონსა და ანტიდიურეზულ ჰორმონს წარმოქმნის. ეს ორი ნივთიერება ჰიპოფიზიდან კორტიკოტროპინის (იგივე ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი ანუ აკტჰ) გამოთავისუფლებას იწვევს. ეს ჰორმონი კი, თავის მხრივ, ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვალში კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას. რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემას ძირითადად თირკმელი არეგულირებს და მისი მოქმედებით თირკმელზედა ჯირკვლებში მეტი ან ნაკლები ალდოსტერონი წარმოიქმნება.

ორგანიზმში კორტიკოსტეროიდების დონე საჭიროების მიხედვით იცვლება. მათი შემცველობა ბევრად მაღალია ადრე დილით, ვიდრე საღამოს. სტრესის დროს, ავადმყოფობის გამო იქნება ეს თუ სხვა მიზეზით, კორტიკოსტეროიდების დონე მკვეთრად იმატებს.