ჰიპერალდოსტერონიზმის დროს ალდოსტერონის ჭარბად წარმოქმნა სითხის შეკავებას, არტერიული წნევის მატებას, სისუსტესა და იშვიათად, დროებითი დამბლის ეპიზოდებს იწვევს.
ალდოსტერონი ჰორმონია, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებს. იგი, თავის მხრივ, თირკმლების მიერ შარდში ნაკლები ნატრიუმისა და მეტი კალიუმის გამოყოფას ასტიმულირებს. ალდოსტერონის წარმოქმნას ნაწილობრივ ჰიპოფიზიდან გამოყოფილი კორტიკოტროპინი აკონტროლებს, ნაწილობრივ კი – რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა. რენინი თირკმლებში წარმოიქმნება და მისი ზემოქმედებით ანგიოტენზინი აქტივირდება, რომელიც, თავის მხრივ, თირკმელზედა ჯირკვლებში ალდოსტერონის გამომუშავებას ასტიმულირებს.
ჰიპერალდოსტერონიზმის მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნე (ხშირად კეთილთვისებიანი ადენომა) თირკმელზედა ჯირკვალში (ამ დაავადებას კონის სინდრომი ეწოდება). ზოგჯერ დაავადების მიზეზი ორივე ჯირკვლის ჭარბი გააქტიურებაა. ხანდახან ჰიპერალდოსტერონიზმი ზოგიერთი დაავადების საპასუხოდ ვითარდება, მაგ., ძალიან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ან თირკმლების მკვებავი ერთ-ერთი არტერიის შევიწროების გამო.
ალდოსტერონის სიჭარბე კალიუმის ნაკლებობას იწვევს. ეს ხშირად სიმპტომებით არ ვლინდება, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს სისუსტე, ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების სპაზმები და დროებითი დამბლები. ზოგ პაციენტს ძლიერი წყურვილი და ხშირი შარდვაც აწუხებს. ჰიპერალდოსტერონიზმზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ექიმები პირველ რიგში სისხლში ნატრიუმისა და კალიუმის დონეს საზღვრავენ. შესაძლოა, ალდოსტერონის შემცველობაც შეაფასონ. ამ უკანასკნელის სიჭარბის შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა დაენიშნოს სპირონოლაქტონი ან ეპლერენონი – ალდოსტერონის ეფექტის დამთრგუნავი წამლები, რის შემდეგაც ექიმი აკვირდება, ნატრიუმისა და კალიუმის დონე ნორმას უბრუნდება თუ არა. კონის სინდრომის დროს რენინის შემცველობა ძალიან დაბალია.
ალდოსტერონის ჭარბად წარმოქმნის შემთხვევაში თირკმელზედა ჯირკვალს იკვლევენ მასში კეთილთვისებიანი სიმსივნის, ადენომის აღმოსაჩენად. ამისათვის სასარგებლოა კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. თუმცა, ზოგჯერ საჭირო ხდება ორივე თირკმელზედა ჯირკვლიდან სისხლის აღება, რათა დადგინდეს, რომელი მათგანი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით ჰორმონს.
სიმსივნის პოვნის შემთხვევაში, როგორც წესი, შესაძლებელია მისი ქირურგიული ამოკვეთა. ამის შემდეგ პაციენტთა 70%-ში არტერიული წნევა ნორმას უბრუნდება და სიმპტომებიც ქრება. თუკი სიმსივნის აღმოჩენა ვერ მოხერხდა და ორივე ჯირკვალი ზედმეტად აქტიურია, მათი ნაწილობრივ ამოჭრით არტერიული წნევა შეიძლება არ დარეგულირდეს, სრულიად ამოკვეთა კი ადისონის დაავადებასა და მთელი სიცოცხლე მკურნალობის საჭიროებას გამოიწვევს. თუმცა, როგორც წესი, სიმპტომების შემსუბუქება სპირონოლაქტონითა და ეპლერენონით ხერხდება და არტერიული წნევის წამლებით მკურნალობაც რთული არ არის. ორივე თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთა იშვიათად ხდება საჭირო.