სისხლის წითელი უჯრედები, თეთრი უჯრედების უმრავლესობა და თრომბოციტები ძვლების ღრუებში მდებარე რბილ, ცხიმოვან ქსოვილში – ძვლის ტვინში – წარმოიქმნება. ლეიკოციტების ორი სახე, T და B ლიმფოციტები, ლიმფურ ჯირკვლებსა და ელენთაშიც გამომუშავდება; T ლიმფოციტების წარმოქმნისა და მომწიფების ადგილი დამატებით მკერდუკანა ჯირკვალიც არის.
ძვლის ტვინში სისხლის ყველა უჯრედი ერთი წინამორბედი, ე.წ. ღეროვანი უჯრედისგან წარმოიშობა. მისი გაყოფისას ჯერ ერითროციტების, ლეიკოციტების ან თრომბოციტების წინამავალი, მოუმწიფებელი უჯრედები წარმოიქმნება. უმწიფარი უჯრედები შემდეგ კვლავ იყოფა, განაყოფები მომწიფდება და საბოლოოდ ჩამოყალიბებული ერითროციტი, ლეიკოციტი ან თრომბოციტი მიიღება.
სისხლის უჯრედების წარმოქმნის სისწრაფე ორგანიზმის საჭიროების მიხედვით იცვლება. სისხლის უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდულია (ნორმაში, რამდენიმე საათი ან დღე თეთრი უჯრედებისთვის, დაახლოებით 10 დღე – თრომბოციტებისთვის და 120 დღე – წითელი უჯრედებისთვის); შესაბამისად, საჭიროა მათი მუდმივი ჩანაცვლება ახლად წარმოქმნილი უჯრედებით. ზოგჯერ ახალი უჯრედების წარმოქმნა გაძლიერებულია. მაგალითად, როცა ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობაა ან სისხლში ერითროციტების რაოდენობაა შემცირებული, თირკმლებში გამომუშავდება და გამოიყოფა ჰორმონი ერითროპოეტინი, რომელიც ძვლის ტვინს ასტიმულირებს – წითელი უჯრედები მეტი რაოდენობით წარმოიქმნება. ინფექციის საპასუხოდ ძვლის ტვინი უფრო დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს თეთრ უჯრედებს, სისხლდენის დროს კი – თრომბოციტებს.