1. ანტიბიოტიკები
  2. ინფექციები
ანტიბიოტიკები

  • მიუხედავად იმისა, რომ ექიმები იყენებენ ანტიბიოტიკებს სპეფიციკური ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგოდ, მათ შესაძლოა დაიწყონ ანტიბიოტიკებით მკურნალობა იმ გამოკვლევის შედეგების გარეშეც, რომლებიც აღმოაჩენენ სპეციფიკურ ბაქტერიებს;

  • ბაქტერიებს შესაძლოა განუვითარდეთ რეზისტენტობა ანტიბიოტოიკების მიმართ;

  • ანტიბიოტიკების მითითებების მიხედვით მიღება, მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები ქრება, აუცილებელია ინფექციის განკურნებისა და რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების თავიდან აცილების მიზნით;

  • ანტიბიოტიკებს შესაძლოა ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კუჭის გაღიზიანება, ფაღარათი და ქალებში – საშოს სოკოვანი ინფექცია;

  • ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია გარკვეული ანტიბიოტიკების მიმართ.

ანტიბიოტიკები (ანტიბაქტერიულები) არის მედიკამენტები, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ მიიღება ბაქტერიებისგან ან ობის სოკოსგან და გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. მათი გამოყენება უეფექტოა ვირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ. ანტიბიოტიკები ან კლავენ მიკროორგანიზმებს, ან აჩერებენ მათ გამრავლებას, რითიც ეხმარებიან ორგანიზმის დაცვის ბუნებრივ მექანიზმებს მათ მოცილებაში.

ანტიბიოტიკების შერჩევა

თითოეული ანტიბიოტიკი ეფექტურია მხოლოდ გარკვეული ბაქტერიის წინააღმდეგ. ინფექციის მქონე ადამიანის მკურნალობის მიზნით ანტიბიოტიკის შერჩევისას ექიმები აფასებენ, თუ რომელია ინფექციის გამომწვევი სავარაუდო ბაქტერია. მაგ. ზოგიერთი ინფექცია გამოწვეულია მხოლოდ გარკვეული სახეობის ბაქტერიებით. თუ ერთი ანტიბიოტიკი სავარაუდოდ ეფექტური იქნება ყველა ამ ბაქტერიის საწინააღმდეგოდ, დამატებითი გამოკვლევები საჭიროა აღარაა. თუ ინფექციები შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების ბევრმა სახეობამ ან ისინი, სავარაუდოდ, არ არიან მგრძნობიარენი ანტიბიოტიკებისადმი, ლაბორატორიას ევალება სისხლის, შარდისა ან ადამიანიდან აღებული ქსოვილის ნიმუშში დამაინფიცირებელი ბაქტერიის აღმოჩენა. შემდეგ ხდება დამაინფიცირებელი ბაქტერიების მთელი რიგი ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობაზე გამოკვლევა. ამ გამოკვლევების პასუხებს ჩვეულებრივ, სჭირდება ერთი-ორი დღე და ამიტომ ის ვერ დაგვეხმარება პირველი ანტიბიოტიკის არჩევაში.

ანტიბიოტიკები, რომლებიც ეფექტურია ლაბორატორიაში, არ არის აუცილებელი, რომ მუშაობდეს დაინფიცირებულ ადამიანშიც. მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად შეიწოვება წამალი სისხლის მიმოქცევაში, რა რაოდენობის წამალი აღწევს ინფექციის ადგილს და რამდენად სწრაფად გამოყოფს ორგანიზმი ამ წამალს. ეს ფაქტორები შესაძლოა განსხვავებული იყოს თითოეულ ადამიანში, რაც დამოკიდებულია სხვა მიღებულ პრეპარატებზე, სხვა არსებულ დაავადებებსა და ადამიანის ასაკზე. ანტიბიოტიკის არჩევისას ექიმები ითვალისწინებენ დაავადების ბუნებასა და სიმძიმის ხარისხს, ალერგიის არსებობის შესაძლებლობას ან სხვა სერიოზულ რეაქციებს წამლის მიღებაზე და წამლის ღირებულებას.

ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების კომბინაციები:

  • მწვავე ინფექციები, განსაკუთრებით კი პირველი დღეების განმავლობაში, როდესაც ბაქტერიების მგრძნობელობა ანტიბიოტიკებისადმი უცნობია;

  • გარკვეული ინფექციები – გამოწვეული ისეთი ბაქტერიებით, რომლებსაც სწრაფად უვითარდებათ რეზისტენტობა ერთი ანტიბიოტიკის მიმართ;

  • ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ერთზე მეტი ბაქტერიით, თუ თითოეული სახეობა მგრძნობიარეა სხვადასხვა ანტიბიოტიკის მიმართ.

რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ

ბაქტერიები, როგორც ყველა დანარჩენი ცოცხალი ორგანიზმი, ცვლის თავის პასუხს გარემოს გამოწვევებზე. ანტიბიოტიკების ფართოდ გამოყენებისა და არასწორი გამოყენების გამო, ბაქტერიები მუდმივ შეხებაში არიან ამ წამლებთან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბაქტერია იღუპება ანტიბიოტიკთან კონტაქტის შემდეგ, ზოგიერთ მათგანს უვითარდება რეზისტენტობა წამლის ეფექტების მიმართ. მაგ. 50 წლის წინ ოქროსფერი სტაფილოკოკი (კანის დაავადებების ხშირი გამომწვევი) იყო ძალზე მგრძნობიარე პენიცილინის მიმართ. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ამ ბაქტერიის შტამებმა გამოიმუშავეს ფერმენტი, რომელსაც შეუძლია პენიცილინის დაშლა, რაც წამალს უეფექტოს ხდის. მკვლევრებმა გამოიგონეს პენიცილინის ისეთი ფორმა, რომელსაც ფერმენტი ვეღარ დაშლიდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ბაქტერია ადაპტირდა და გახდა რეზისტენტული მოდიფიცირებული პენიცილინის მიმართაც. სხვა ბაქტერიებმა ასევე განივითარეს რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ.

გრძელდება სამედიცინო გამოკვლევები ისეთი წამლების გამოგონების მიზნით, რომლებიც შეებრძოლებიან ბაქტერიებს. მაგრამ პაციენტებსა და ექიმებს შეუძლიათ ბაქტერიების რეზისტენტობის თავიდან აცილება. ანტიბიოტიკების მხოლოდ საჭიროების დროს მიღება შეიძლება დაგვეხმაროს. ეს გულისხმობს, რომ ადამიანებმა უნდა მიიღონ ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიებითა და არა ვირუსებით გამოწვეული (როგორიცაა, მაგ. გაციება ან გრიპი) ინფექციების დროს. რეზისტენტობის განვითარებას ხელს უშლის ანტიბიოტიკების სრულად მიღება, როგორც ის გამოწერა ექიმმა.

ანტიბიოტიკების მიღება

მწვავე ბაქტერიული ინფექციების დროს ანტიბიოტიკებს თავდაპირველად აძლევენ ინექციის სახით (ჩვეულებრივ, ვენაში, ზოგჯერ კი –კუნთში). როდესაც ინფექცია მართვადია, შესაძლებელი ხდება ანტიბიოტიკების დალევა (პერორალურად მიღება). ნაკლებად მძიმე ინფექციების დროს, ანტიბიოტიკები თავიდანვე დასალევად ინიშნება.

საჭიროა ანტიბიოტიკების მიღება მანამ, სანამ დამაინფიცირებელი ბაქტერია არ მოსცილდება ორგანიზმს, რაც შესაძლებელია მოხდეს სიმპტომების გაქრობიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამის გამო ადამიანებმა უნდა მიიღონ ანტიბიოტიკები ზუსტად იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც ექიმმა გამოუწერა, სიმპტომების არსებობა-არარსებობას მნიშვნელობა არა აქვს. ანტიბიოტიკები იშვიათად ეძლევათ 5 დღეზე ნაკლები დროის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს საშარდე ტრაქტის გარკვეული, გაურთულებელი ინფექციები. მკურნალობის დროზე ადრე დასრულებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის ხელახალი გაჩენა ან ანტიბიოტიკ-რეზისტენტული ბაქტერიების განვითარება.

ექიმი, მედდა ან ფარმაცევტი ხსნიან, როგორ მიიღება გამოწერილი ანტიბიოტიკი და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს მას. ზოგიერთი ანტიბიოტიკი უნდა დაილიოს მშიერ კუჭზე, ხოლო ზოგიერთი – საკვებთან ერთად. მეტრონიდაზოლი – ანტიბიოტიკი, რომელიც ხშირად გამოიყენება, იწვევს არასასიამოვნო რეაქციას ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. აგრეთვე, ზოგიერთმა ანტიბიოტიკმა შეიძლება იმოქმედოს პაციენტის მიერ მიღებულ სხვა პრეპარატებზე. ამ ურთიერთქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკის ან სხვა წამლების ეფექტურობის შემცირება და მათი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

ანტიბიოტიკები ზოგჯერ გამოიყენება დაავადებების თავიდან აცილების მიზნით (პროფილაქტიკა). ანტიბიოტიკები შესაძლოა მიეცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც კონტაქტში იმყოფებოდნენ მენინგიტიან პაციენტთან, მენინგიტის განვითარების თავიდან აცილების მიზნით. ზოგიერთი ადამიანი ხელოვნური ან პათოლოგიური გულის სარქვლებით იღებს ანტიბიოტიკებს სტომატოლოგიური ან ოპერაციული პროცედურების წინ, რათა თავიდან აიცილოს დაზიანებული ან ხელოვნური სარქვლების დაინფიცირება (ამ პროცედურების დროს ბაქტერიებმა შესაძლოა შეაღწიონ სხეულში). როდესაც ადამიანი საჭიროებს ოპერაციას, რომლის დროსაც არსებობს ინფექციის განვითარების მაღალი რისკი (როგორიცაა, მაგ. მნიშვნელოვანი ორთოპედიული ან შინაგან ორგანოებზე ჩასატარებელი ოპერაცია), მას შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით გაუკეთდეს ანტიბიოტიკები ოპერაციის წინ. ეფექტურობისთვის და ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, ექიმები პრევენციულ ანტიბიოტიკებს ნიშნავენ მხოლოდ ცოტა ხნის განმავლობაში. ანტიბიოტიკები შესაძლოა მიეცეთ პაციენტებს დასუსტებული იმუნური სისტემით, როგორებიც არიან ადამიანები ლეიკემიით; ადამიანები, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგოდ უტარდებათ ქიმიოთერაპია ან შიდსით დაავადებული ადამიანები, რადგანაც ისინი სერიოზული ინფექციებისადმი მეტად მოწყვლადნი არიან. მათ შესაძლოა მოუწიოთ ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა მიღებამ.

ანტიბიოტიკებით მკურნალობა სახლში

ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკებს ნიშნავენ დასალევად და მკურნალობის ხანგრძლივობა არ იწვევს პრობლემებს. თუმცა, ზოგიერთი ინფექცია, როგორიცაა მაგ. ძვლების (ოსტეომიელიტი) ან გულის (ენდოკარდიტი) ინფექციები, საჭიროებენ ინტრავენურ ანტიბიოტიკოთერეპიას დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ 4-6 კვირაც კი. თუ ადამიანებს არ აქვთ რაიმე სხვა პრობლემები, რომლებიც საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას და ისინი თავს შედარებით უკეთესად გრძნობენ, შესაძლებელია სახლში ინტრავენური ანტიბიოტიკების გაკეთება.

როდესაც საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიცემა, იდაყვის ან მტევნის მცირე ზომის ვენაში ჩადგმული მოკლე ინტრავენური კათეტერები (IV), რომლებიც რუტინულად გამოიყენება საავადმყოფოში, არ არის მიზანშეწონილი. ეს კათეტერები ფუნქციონირებს მხოლოდ 3 დღე. სანაცვლოდ, დიდ ცენტრალურ ვენაში, ჩვეულებრივ, კისერსა ან გულმკერდში, იდგმება სპეციალური ინტრავენური კათეტერი.

ანტიბიოტიკების შეყვანისთვის განკუთვნილი ზოგიერთი დანადგარი იმდენად მარტივია, რომ პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ მათთან მუშაობის სწავლა. სხვა შემთხვევებში საჭიროა მედდის სახლში მისვლა თითოეული დოზის მისაცემად. ორივე სიტუაციაში, ადამიანებს სიფრთხილით ეძლევათ მითითებები, რომ გააკონტროლონ, მიცემულია თუ არა ანტიბიოტიკი სწორად და ყურადღება მიაქციონ შესაძლო გართულებებისა და გვერდითი მოვლენების გაჩენას.

თუ ადამიანებს ანტიბიოტიკები ეძლევათ სახლში, ინტრავენური კათეტერის მეშვეობით, არსებობს კათეტერის შეყვანის ადგილასა და სისხლის მიმოქცევაში ინფექციის განვითარების რისკი. კათეტერის შეყვანის ადგილას მტკივნეულობა, სიწითლე და ჩირქის გაჩენა ან შემცივნება და ცხელება (შეყვანის ადგილზე პრობლემების გარეშეც კი) შესაძლოა მიუთითებდეს კათეტერთან დაკავშირებულ ინფექციაზე.

გვერდითი მოვლენები და ალერგიული რეაქციები

ანტიბიოტიკების ხშირ გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება კუჭის გაღიზიანება, ფაღარათი და ქალებში – საშოს სოკოვანი ინფექციები. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა არის უფრო მწვავე და დამოკიდებულია ანტიბიოტიკზე. მათ შესაძლოა მიეკუთვნებოდეს თირკმლების, ღვიძლის, ძვლის ტვინისა ან სხვა ორგანოების ფუნქციების დარღვევა. ზოგჯერ გამოიყენება სისხლის გამოკვლევები, რომ განისაზღვროს ეფექტები თირკმლისა და სხვა ორგანოების ფუნქციონირებაზე.

ზოგიერთ ადამიანს, რომელიც იღებს ანტიბიოტიკებს, განსაკუთრებით ცეფალოსპორინებს, კლინდამიცინს ამ ფტორქინოლონებს, უვითარდება კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ანთება. ამ სახის კოლიტს იწვევს ბაქტერია კლოსტრიდიუმ დიფიცილეს მიერ გამოყოფილი ტოქსინები. ეს ბაქტერია რეზისტენტულია ბევრი ანტიბიოტიკის მიმართ და იზრდება ნაწლავებში, როდესაც ნაწლავის სხვა ნორმალურ ბაქტერიებს ხოცავენ ანტიბიოტიკები.

ანტიბიოტიკებმა შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიონ ალერგიული რეაქციებიც. მსუბუქი ალერგიული რეაქციები გამოიხატება ქავილის გამომწვევი გამონაყარით და მსუბუქი ხრიალით. სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი) შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო და ჩვეულებრივ გულისხმობს ხორხის შეშუპებას, სუნთქვის შეუძლებლობას და დაბალ არტერიულ წნევას.

ზოგიერთი ადამიანი ეუბნება თავის ექიმს, რომ ის არის ალერგიული ანტიბიოტიკზე, როდესაც მას გამოუვლინდა მხოლოდ გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ალერგიასთან დაკავშირებული. მათი განსხვავება ერთმანეთისგან მნიშვნელოვანია, რადგანაც ადამიანებს, რომლებიც არიან ალერგიულები ანტიბიოტიკზე, არ უნდა მიეცეთ ეს ანტიბიოტიკი ან მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ანტიბიოტიკი. თუმცა, ადამიანებს, რომელთაც ანტიბიოტიკის მიღებისას გამოუვლინდათ მხოლოდ მსუბუქი გვერდითი ეფექტები, შეუძლიათ მიიღონ იგი ან მასთან დაკავშირებული ანტიბიოტიკი. ექიმებმა უნდა განსაზღვრონ ნებისმიერი უსიამოვნო რეაქციის მნიშვნელობა, რომელიც ადამიანს ანტიბიოტიკის მიღებაზე უვითარდება.