სისხლის გადასხმის სახეები | მკურნალი.გე
  1. სისხლის გადასხმის სახეები
  2. სისხლის გადასხმა
  3. სისხლის დაავადებები
სისხლის გადასხმის სახეები

დონორისგან აღებული სისხლი უმეტესწილად კომპონენტებად (ფრაქციებად) იყოფა, ანუ ცალ-ცალკე ათავსებენ წითელ უჯრედებს, თრომბოციტებს, შედედების ფაქტორებს, პლაზმას, ანტისხეულებს (იმუნოგლობულინებს) და თეთრ უჯრედებს. საჭიროებისამებრ, ადამიანს შეიძლება გადაესხას მხოლოდ სისხლის უჯრედები, მხოლოდ შედედების ფაქტორები ან სისხლის სხვა რომელიმე შემადგენელი ნაწილი. ასეთი შერჩევითი გადასხმა მიზანმიმართული მკურნალობისთვის არის საჭირო, ამცირებს გვერდითი მოვლენების ალბათობას, ჩაბარებული სისხლის ერთი ულუფის სხვადასხვა ნაწილის რამდენიმე ადამიანისთვის გამოყენებას ხდის შესაძლებელს.

სისხლის წითელი უჯრედები: სისხლის შემადგენელი ნაწილებიდან პაციენტებს ყველაზე ხშირად წითელ უჯრედებს, ანუ ერითროციტულ მასას უსხამენ, რაც ორგანიზმში სისხლის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარს ზრდის. ერითროციტული მასა გამოიყენება სისხლდენის ან მძიმე ანემიის დროს. მის მოსამზადებლად ჰერითროციტებს სისხლის თხევადი ნაწილის (პლაზმის), სხვა უჯრედული და უჯრედისმაგვარი ნაწილებისგან გამოყოფენ. ამის შედეგად მათი კონცენტრაცია იზრდება, რის გამოც უფრო ნაკლებ მოცულობას იკავებენ და ამიტომ ერითროციტულ მასას ერითროკონცენტრატსაც უწოდებენ. მას მაცივარში 42 დღემდე ინახავენ. განსაკუთრებულ გარემოებებში, მაგალითად, სისხლის იშვიათი ჯგუფის შენახვის საჭიროებისას ერითროციტული მასის გაყინვა 10 წლამდე დროითაც შეიძლება.

თრომბოციტები: ეს უჯრედები სისხლის შედედების უნარს აუმჯობესებს. მათ, როგორც წესი, თრომბოციტების მძიმე ნაკლებობის (თრომბოციტოპენიის) დროს უსხამენ ადამიანს, ვინაიდან ამ დარღვევის დროს შესაძლებელია ძალიან იოლად განვითარდეს ძლიერი სისხლდენა. თრომბოციტული მასა მხოლოდ 5-7 დღე ინახება.

სისხლის შედედების ფაქტორები: შედედების ფაქტორები სისხლის პლაზმაში არსებული ცილებია, რომლებიც თრომბოციტებთან ერთად შედედებას უზრუნველყოფს. შედედების ფაქტორები შეიძლება პლაზმიდან გამოიყოს ან ხელოვნურად მომზადდეს რეკომბინანტული შედედების ფაქტორების სახით. ამ ცილების გარეშე ამა თუ იმ დაზიანებით შეპირობებული სისხლდენის შეჩერება შეუძლებელია. ზოგჯერ პაციენტს ესაჭიროება რომელიმე კონკრეტული შედედების ფაქტორის კონცენტრატის გადასხმა; მაგალითად, მემკვიდრეობითი, სისხლდენით მიმდინარე დაავადებების – ჰემოფილიის ან ფონ-ვილებრანდის ავადმყოფობის დროს, აგრეთვე იმ პაციენტებს, რომელთაც რაიმე მიზეზის გამო შედედების ფაქტორების წარმოქმნის უნარი დაქვეითებული აქვთ (მაგალითად, მძიმე ინფექციის ან ღვიძლის დაავადების დროს).

პლაზმა: პლაზმა სისხლის თხიერი კომპონენტია, რომელიც ცილებს, მათ შორის შედედების ფაქტორებსაც, შეიცავს. მას სისხლდენით მიმდინარე დაავადებების დროს იყენებენ, თუ არ არის ცნობილი, რომელი შედედების ფაქტორის ნაკლებობა აქვს პაციენტს ან ვერ ხერხდება კონკრეტული საჭირო ფაქტორის გადასხმა. პლაზმის გადასხმას მაშინაც მიმართავენ, როცა სისხლდენას ყველა ან რამდენიმე შედედების ფაქტორის ნაკლებობა იწვევს სხეულში, მაგალითად, მძიმე ინფექციის ან ღვიძლის უკმარისობის დროს. დონორის სისხლის უჯრედებისგან განცალკევებისთანავე გაყინული პლაზმის (ე.წ. ახალგაყინული პლაზმა) შენახვა 1 წლამდე შეიძლება.

ანტისხეულები: ანტისხეულების (იმუნოგლობულინები) დანიშნულებაა ინფექციებთან ბრძოლა, ამიტომ ზოგჯერ პაციენტს დროებითი იმუნიტეტის შესაქმნელად უსხამენ იმ შემთხვევებში, თუ დასნებოვნებულია ამა თუ იმ მიკრობით ან ანტისხეულების დონე ორგანიზმში დაქვეითებული აქვს. ანტისხეულების გადასხმა შეიძლება ჩუტყვავილას, ჰეპატიტის, ცოფისა და ტეტანუსის დროს. ანტისხეულების მისაღებად დონორისგან სპეციალურად ამ მიზნით აღებულ პლაზმას იყენებენ.

სისხლის თეთრი უჯრედები: ლეიკოციტებს უსხამენ პაციენტებს, რომელთაც სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია აქვთ სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირების ან მათი ფუნქციის დაქვეითების გამო. სადღეისოდ ლეიკოციტების გადასხმის საჭიროების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირებულია ანტიბიოტიკებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების გამო. სისხლის თეთრ უჯრედებს ჰემაფერეზის გზით იღებენ, მათი შენახვა 24 საათის განმავლობაში შეიძლება.

სისხლის ჩამნაცვლებლები: სისხლის ჩამნაცვლებლები სპეციალურ ნივთიერებებს ან ჰემოგლობინის (ჟანგბადის გადამტანი ცილა წითელ უჯრედებში) ხსნარს შეიცავს ჟანგბადის შესაკავშირებლად და ქსოვილებისთვის მისაწოდებლად. ჩამნაცვლებლების შენახვა ოთახის ტემპერატურაზე 2 წლამდე შეიძლება, რაც ხელსაყრელია ამ ხსნარების ტრავმირებული პაციენტებისთვის გამოსაყენებლად ან ტრანსპორტირებისთვის სამხედრო მოქმედებების დროს. მათ გამოყენებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ჯერ კიდევ შესასწავლია.