დონაციის სპეციალური პროცედურები | მკურნალი.გე
  1. დონაციის სპეციალური პროცედურები
  2. სისხლის გადასხმა
  3. სისხლის დაავადებები
დონაციის სპეციალური პროცედურები

თრომბოციტოფერეზი (თრომბოციტების გამოცალკევება): ამ დროს დონორს სპეციალური აპარატის გამოყენებით უღებენ სისხლს, რომლისგანაც გამოყოფენ თრომბოციტებს, ხოლო დანარჩენ უჯრედებსა და პლაზმას უკან აბრუნებენ დონორის სხეულში. იმის გამო, რომ ადამიანს საკუთარი სისხლის დიდი ნაწილი უკან უბრუნდება, ერთ ჯერზე შესაძლებელია 8-10-ჯერ მეტი თრომბოციტის მიღება, ვიდრე მთლიანი სისხლის აღების დროს. პროცედურას 1-2 საათი სჭირდება, სისხლის აღების 10-წუთიანი პროცედურისგან განსხვავებით.

სისხლის ავტოლოგიური გადასხმა: ავტოლოგიური გადასხმის დროს ადამიანი დონორიცაა და რეციპიენტიც, ანუ მას საკუთარ სისხლს უსხამენ. მაგალითად, ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე პაციენტი აბარებს სისხლის გარკვეულ მოცულობას, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, მასვე გადაუსხამენ ქირურგიული ჩარევის დროს ან მის შემდეგ. სისხლის დონაციის მერე ადამიანი რკინის შემცველ აბებს იღებს, რათა ოპერაციამდე ორგანიზმმა უფრო ადვილად შეძლოს ახალი უჯრედების წარმოქმნა დაკარგულის ჩასანაცვლებლად. ამასთან, ზოგჯერ ქირურგიული ჩარევის ან ტრავმის დროს დაკარგული სისხლი გროვდება და იმავე პირს გადაესხმება (სისხლის ინტრაოპერაციული ავტოტრანსფუზია). გადასხმის ეს სახე უსაფრთხოა, რადგან არ არსებობს შეუთავსებლობის ან რაიმე დაავადების გადაცემის ალბათობა.

მიზანმიმართული დონაცია: ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეუძლიათ ერთმანეთისთვის გაიღონ სისხლი, თუ დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფი და რეზუსი ერთმანეთს ემთხვევა. ზოგჯერ ადამიანები უფრო მშვიდად გრძნობენ თავს, როცა იციან, ვის სისხლს უსხამენ მათ. თუმცაღა, ოჯახის წევრის სისხლის გამოყენება სულაც არ ნიშნავს უსაფრთხოების უფრო მაღალ ხარისხს, ვიდრე უცნობი ადამიანის სისხლის ტრანსფუზია. ნათესავის სისხლი გადასხმამდე ისევე მოწმდება, როგორც უცხო პირისა, შემდეგ სხივდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადება "ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ". ეს საკმაოდ იშვიათი გართულებაა, უფრო ხშირი მაშინ, როცა რეციპიენტი და დონორი სისხლით ნათესავები არიან.

ღეროვანი უჯრედების გამოცალკევება: ამ დროს დონორი მხოლოდ ღეროვან უჯრედებს (უმწიფარი უჯრედები, რომლებსაც ნებისმიერი უჯრედის წარმოქმნა შეუძლია) გასცემს და არა სისხლს. დონაციამდე ადამიანისთვის სპეციალური ცილა – ზრდის ფაქტორი შეჰყავთ, რომელიც ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების სისხლში გადმოსვლას უწყობს ხელს. ამის შემდეგ დონორს უღებენ სისხლს, მისგან სპეციალური აპარატით გამოყოფენ ღეროვან უჯრედებს, სისხლის დანარჩენ ნაწილს კი ისევ უკან უბრუნებენ დონორს. ამ შემთხვევაში ღეროვანი უჯრედის დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფების თავსებადობაზე უფრო მნიშვნელოვანია ლიმფოციტების ტიპების თავსებადობა (ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენი), ანუ ზოგიერთი უჯრედის ზედაპირზე მოთავსებული ცილების თავსებადობა. ღეროვან უჯრედებს ზოგჯერ ლეიკემიის, ლიმფომის ან სისხლის სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ იყენებენ, რასაც ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ეწოდება. ხანდახან ამისთვის დონორის ღეროვანი უჯრედები გამოიყენება, ზოგ შემთხვევაში კი – თავად რეციპიენტისა.