სიფრთხილის ღონისძიებები და გვერდითი მოვლენები | მკურნალი.გე
  1. სიფრთხილის ღონისძიებები და გვერდითი მოვლენები
  2. სისხლის გადასხმა
  3. სისხლის დაავადებები
სიფრთხილის ღონისძიებები და გვერდითი მოვლენები

იმისთვის, რომ სისხლის გადასხმის დროს გვერდითი მოვლენების რისკი მინიმალური იყოს, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. გადასხმამდე რამდენიმე საათით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით ადრე სპეციალისტი დონორის სისხლის წვეთსა და რეციპიენტის სისხლს შეურევს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი შეთავსებადია. ამ პროცედურას ინდივიდუალური შეთავსების ანალიზი ეწოდება.

გადასასხმელი სისხლის კონტეინერზე წარწერის ორჯერ შემოწმებისა და იმაში დარწმუნების შემდეგ, რომ ეს ულუფა სწორედ ამ რეციპიენტისთვისაა განკუთვნილი, ექიმი ნელა უსხამს პაციენტს სისხლს. სისხლის თითოეული ერთეულის გადასხმას დაახლოებით 1-2 საათი სჭირდება. იმის გამო, რომ გვერდითი მოვლენები უხშირესად გადასხმის პირველ 15 წუთში ვითარდება, პაციენტს მითითებული დროის განმავლობაში გამუდმებით აკვირდებიან. ამის შემდეგ ექთანი მის მდგომარეობას დროდადრო ამოწმებს და წყვეტს გადასხმას, თუ არასასურველი რეაქცია გამოვლინდა.

სისხლის გადასხმა უმრავლეს შემთხვევაში უსაფრთხოა და გართულებების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა, ზოგჯერ მსუბუქი გვერდითი რეაქციები ვითარდება, იშვიათად კი – მძიმე ან სასიკვდილოც კი. ყველაზე ხშირია ცხელება და ალერგიული რეაქცია (ზემგრძნობელობა), რაც გადასხმის შემთხვევათა 1-2%-ში გვხვდება. ალერგიული რეაქციის სიმპტომებია: ქავილი, სხეულზე გავრცელებული გამონაყარი, შეშუპება, თავბრუხვევა და თავის ტკივილი. უფრო იშვიათია სუნთქვის გაძნელება, მსტვინავი სუნთქვა და კუნთების სპაზმი. ზოგ შემთხვევაში ალერგია იმდენად მძიმეა, რომ არტერიული წნევის დაცემას და შოკს იწვევს. არსებობს კიდევ ერთი იშვიათი რეაქცია, ე.წ. სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული ფილტვების მწვავე დაზიანება, რომელსაც დონორის პლაზმაში არსებული ანტისხეულები იწვევს. ეს გართულება უფრო ხშირია იმ შემთხვევებში, როცა დონორი ქალია, რომელიც ერთხელ მაინც იყო ორსულად. ზოგჯერ მოხსენიებული დაზიანება სუნთქვის ძლიერ გაძნელებას იწვევს. მამაკაცი დონორების პლაზმის უფრო ხშირად გამოყენების გამო ამ გვერდითი მოვლენის სიხშირე შემცირდა.

არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, იმ ადამიანებსაც გადაესხას სისხლი, ვისაც ადრე ალერგიული რეაქცია ჰქონდა. ასეთი პაციენტებისთვის შესაძლებელია ე.წ. გარეცხილი სისხლის წითელი უჯრედების გამოყენება. ამ პროცედურისას დონორის ერითროციტებს აცილებენ ალერგიული რეაქციის გამომწვევ ნაწილაკებს. უფრო ხშირად გადასასხმელ სისხლს ფილტრავენ, რის გამოც მასში ლეიკოციტების რაოდენობა მცირდება. ამისთვის სპეციალური ლეიკოფილტრი გამოიყენება, რომელიც გადასხმის პროცესში მაგრდება სისტემაზე ისე, რომ სისხლმა მასში გაიაროს. ზოგჯერ სისხლს შენახვამდეც ფილტრავენ.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ჯგუფის განსაზღვრა და ინდივიდუალური შეთავსება ძალიან გულმოდგინედ ტარდება, ზოგჯერ მაინც შეუმჩნეველი რჩება მცირედი შეუთავსებლობა დონორისა და რეციპიენტის სისხლს შორის (იშვიათად – შეცდომის შედეგად), რაც გადასხმული წითელი უჯრედების დაშლას (ჰემოლიზურ რეაქციას) იწვევს. ხშირად ეს გართულება იწყება ზოგადი დისკომფორტის შეგრძნებით ან აგზნებით გადასხმის დროს ან მაშინვე მის შემდეგ. ზოგჯერ აღინიშნება სუნთქვის გაძნელება, გულმკერდზე ზეწოლის შეგრძნება, წამოწითლება და ძლიერი წელის ტკივილი. ძალიან იშვიათად გართულება უფრო მძიმეა და სასიკვდილოც კი. ჰემოლიზური რეაქციისა და სისხლის წითელი უჯრედების დაშლის დადასტურება შეიძლება ერითროციტების დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ჰემოგლობინის აღმოჩენით პაციენტის სისხლსა და შარდში.

ზოგჯერ რეციპიენტის ორგანიზმი გადასხმის შედეგად სითხით გადაიტვირთება. ეს უაღრესად სახიფათოა გულის დაავადების მქონე პაციენტებისთვის, ამიტომ მათ უფრო ნელა უსხამენ სისხლს და მეტი ყურადღებით აკვირდებიან.

ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ: ეს ნაკლებად დამახასიათებელი გართულებაა, რომელიც უფრო ხშირია დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებს შორის (მაგალითად, მედიკამენტების მიღების ან დაავადების გამო). ამ პათოლოგიის დროს დონორის სისხლის თეთრი უჯრედები (ტრანსპლანტატი) "თავს ესხმის" რეციპიენტის (მასპინძლის) ორგანიზმის ქსოვილებს. სიმპტომებიდან აღსანიშნავია ცხელება, გამონაყარი კანზე, არტერიული წნევის დაქვეითება, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება, ქსოვილების დაზიანება და შოკი. ეს გვერდითი მოვლენა შეიძლება ფატალურად დასრულდეს; მისი თავიდან აცილება შესაძლებელია სისხლის შემადგენელი იმ ნაწილების დასხივებით, რომლებიც დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტს უნდა გადაესხას.