რკინადეფიციტური ანემია | მკურნალი.გე
  1. რკინადეფიციტური ანემია
  2. ანემია (სისხლის დაავადებები)
  3. სისხლის დაავადებები
რკინადეფიციტური ანემია

ვინაიდან რკინა აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად, სხეულში მისი მარაგის შემცირება ან ამოწურვა რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს.

  • ყველაზე ხშირი მიზეზი ზომაგადასული სისხლდენაა;

  • პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს სისუსტე, ქოშინი, სიფერმკრთალე;

  • სისხლის ანალიზებით შესაძლებელია რკინის ნაკლებობის აღმოჩენა;

  • რკინის მარაგის აღსადგენად მისი შემცველი მედიკამენტები გამოიყენება.

რკინადეფიციტური ანემია ხშირად თანდათან, ნელა ვითარდება, რადგან ორგანიზმში რკინის მარაგის ამოწურვას რამდენიმე თვე სჭირდება. რკინის რაოდენობის შემცირებასთან ერთად ძვლის ტვინი სისხლის წითელი უჯრედების სულ უფრო ნაკლებ რაოდენობას წარმოქმნის. რკინის მარაგის ამოწურვის შემდეგ არა მხოლოდ ერითროციტების რაოდენობა, მათი ზომაც შემცირებულია.

რკინის ნაკლებობა ანემიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ზრდასრულებში რკინის რაოდენობის შემცირება უხშირესად სისხლდენის შედეგია. მამაკაცებსა და ქალებში (მენოპაუზის შემდგომ პერიოდში) რკინის ნაკლებობის მიზეზი ხშირად საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენაა. მენოპაუზამდე კი ქალებში რკინის უკმარისობა ყველაზე ხშირად ჭარბი მენსტრუაციის გამო ვითარდება. რკინის ნაკლებობა საკვებით მისი მცირე რაოდენობის მიღების შედეგიც შეიძლება იყოს, განსაკუთრებით ჩვილებში, პატარა ბავშვებში, მოზარდ გოგონებსა და ორსულებში.

სიმპტომები და დიაგნოზი

რკინადეფიციტური ანემიის სიმპტომები თანდათან ვითარდება და სხვა სახის ანემიებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მსგავსია. სპეციფიკური სიმპტომია გემოვნების გაუკუღმართება; პაციენტს უჩნდება ისეთი ნივთიერებების მიღების მოთხოვნილება, რომლებიც საკვებად არ გამოიყენება, მაგალითად, ყინულის (ყველაზე ხშირად), მიწის, თიხის ან ცარცის.

ანემიის დიაგნოზის დადგენის შემდეგ ტარდება ანალიზები სისხლში რკინის შემცველობის განსაზღვრის მიზნით. რკინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის და ფერმკრთალი ერითროციტები. სისხლში განისაზღვრება რკინისა და ტრანსფერინის (ცილა, რომელსაც ერითროციტების გარეთ არსებული რკინა გადააქვს) დონე. რკინის ნაკლებობის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია სისხლში ფერიტინის (რკინის შემნახველი ცილის) რაოდენობა. მისი დაბალი შემცველობა რკინის დეფიციტზე მიუთითებს. მხედველობაშია მისაღები, რომ, ზოგჯერ, ღვიძლის დაზიანების, ანთების, ინფექციის ან კიბოს დროს ის მომეტებულად გამომუშავდება, რის გამოც სისხლის ანალიზში ნორმალური სიდიდე ფიქსირდება. ამ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზომოს იმ ცილის შემცველობა ორგანიზმში, რომელიც უჯრედების ზედაპირზეა მოთავსებული და ტრანსფერინს უკავშირდება.

მკურნალობა

რკინის ნაკლებობის ყველაზე ხშირი მიზეზი სისხლდენაა, ამიტომ უპირველესი მიზანი სისხლდენის წყაროს პოვნაა.

ნორმაში საკვებით მიღებული რკინის რაოდენობა ხშირად ვერ ანაცვლებს ქრონიკული სისხლდენით დაკარგულს; შესაბამისად, ორგანიზმში რკინის მარაგი შემცირებულია. ამიტომ რკინის დაკარგვა მისი შემცველი მედიკამენტების მიღებით უნდა ანაზღაურდეს.

ზემოხსენებულის გამოყენებით რკინადეფიციტური ანემიის გამოსწორებას, სისხლდენის შეწყვეტის შემდეგ, 3-6 კვირა სჭირდება. მედიკამენტებს, როგორც წესი, დასალევად ნიშნავენ. ისინი ყველაზე კარგად საუზმემდე 30 წუთით ადრე მიღებისას შეიწოვება. ამ უკანასკნელს ხელს უწყობს წამლის მიღება C ვიტამინის წყაროსთან ერთად (ფორთოხლის წვენი ან ამ ვიტამინის შემცველი მედიკამენტი). სისხლის ანალიზში ნორმალური მაჩვენებლების მიღწევის შემდეგ რკინის შემცველების მიღება, როგორც წესი, კიდევ 6 თვე გრძელდება, რათა რკინის მარაგი სრულიად შეივსოს. დროდადრო განმეორებით ტარდება სისხლის ანალიზი იმაში დასარწმუნებლად, რომ მიღებული რკინის რაოდენობა საკმარისია. რკინის შემცველობის ნორმალიზაციასთან ერთად გემოვნების გაუკუღმართება ქრება.