ანემია ქრონიკული დაავადებების დროს | მკურნალი.გე
  1. ანემია ქრონიკული დაავადებების დროს
  2. ანემია (სისხლის დაავადებები)
  3. სისხლის დაავადებები
ანემია ქრონიკული დაავადებების დროს

ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს გამოიყოფა ცილები – ციტოკინები, რომლებიც აფერხებენ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, რის გამოც ანემია ვითარდება.

ქრონიკული დაავადებები ხშირად იწვევს ანემიას, განსაკუთრებით ხანდაზმულებს შორის. ინფექცია, ანთება და ავთვისებიანი სიმსივნე ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას თრგუნავს, თუმცა, ხშირად არცთუ ძალიან ძლიერად, ამიტომ ანემია ნელა ვითარდება და მხოლოდ ზემოხსენებული დაავადებების ხანგრძლივად არსებობის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. ორგანიზმის მიერ რკინის გამოყენების დარღვევაც უწყობს ხელს ამ პათოლოგიის განვითარებას. იმის გამო, რომ ძვლის ტვინს აღარ შეუძლია რკინის არსებული მარაგის მოხმარება წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად, ანემიის ამ სახეს ხშირად რკინის ხელახალი გამოყენების (რკინის რეუტილიზაციის) ანემიას უწოდებენ.

დაავადება ნელა ვითარდება და ბევრ შემთხვევაში მსუბუქია, შესაბამისად, სიმპტომები მცირედ გამოხატულია ან საერთოდ არ აქვს პაციენტს. ჩივილების მიზეზი ხშირად ანემიის გამომწვევი დაავადებაა და არა თავად ანემია. სპეციფიკური კვლევის მეთოდები არ არსებობს, ამიტომაც დიაგნოზი სხვა შესაძლო მიზეზების გამორიცხვის შემდეგ დასტურდება.

იმის გამო, რომ ანემიის ამ სახის სამკურნალო მეთოდები არ არის შემუშავებული, ექიმები მის გამომწვევ დაავადებაზე ზემოქმედებას ცდილობენ. რკინის ან ვიტამინების დამატებით მიღება ეფექტური არ არის. ზოგჯერ, თუ ანემია ძალიან დამძიმდა, შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა ან ძვლის ტვინში წითელი უჯრედების წარმოქმნის მასტიმულირებელი მედიკამენტების, სახელდობრ, ერითროპოეტინისა და დარბეპოეტინის გამოყენება.