დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება | მკურნალი.გე
  1. დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება
  2. სისხლდენით და სისხლის შედედების დარღვევებით მიმდინარე დაავადებები
  3. სისხლის დაავადებები
დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება

დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების დროს მთელ სხეულში სისხლში პატარა თრომბები აღმოცენდება და წვრილ სისხლძარღვებს ახშობს. შედედების პროცესის ასეთი გააქტიურების გამო თრომბოციტებისა და შედედების ფაქტორების მარაგი გამოიფიტება, რაც შემდეგ ჭარბ სისხლდენას იწვევს.

  • სავარაუდო მიზეზი მრავალია, მათ შორის ინფექცია და ქირურგიული ჩარევა;

  • ზომაგადასულ შედედებას ჭარბი სისხლდენა მოჰყვება;

  • საჭიროა გამომწვევი დაავადების მკურნალობა.

დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება (დსშ) თრომბების ჭარბად წარმოქმნით იწყება. ამას ხშირად ესა თუ ის ნივთიერება იწვევს, რომელიც სისხლში გადადის ამა თუ იმ დაავადების (მაგალითად, ინფექციის ან ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთი ფორმის), მშობიარობის გართულების, ორგანიზმში მკვდარი ნაყოფის ხანგრძლივად არსებობის ან ქირურგიული ჩარევის დროს. რისკი მაღალია თავის მძიმე ტრავმის ან შხამიანი გველის ნაკბენის შემთხვევაშიც. შედედების ფაქტორებისა და თრომბოციტების მარაგის ამოწურვის შემდეგ ჭარბი სისხლდენა ვითარდება.

სიმპტომები და დიაგნოზი

უეცრად განვითარებული დსშ ხშირად იწვევს საკმარისად უხვ სისხლდენას. თუ ეს მდგომარეობა ოპერაციას ან მშობიარობას მოჰყვა, სისხლდენას ზოგჯერ ვერც კი აჩერებენ. ის ვითარდება ვენაში ინექციის ადგილიდან ან ტვინში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, კანში, კუნთებსა და სხეულის ღრუებში.

თუ დსშ უფრო ნელა განვითარდა, მაგალითად, ავთვისებიანი სიმსივნის დროს, ვენებში თრომბების წარმოქმნა უფრო ხშირია, ვიდრე სისხლდენა.

სისხლის ანალიზით ვლინდება თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, შედედების დროის გახანგრძლივება. დსშ-ის დიაგნოზი დასტურდება, თუ აღმოჩნდა რომ შედედების ფაქტორების რაოდენობაც შემცირებულია, ხოლო სხეულში თრომბების დაშლის შედეგად წარმოქმნილი ცილების (ფიბრინის დაშლის პროდუქტების) შემცველობა მაღალია.

მკურნალობა

საჭიროა გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მკურნალობა, იქნება ეს სამეანო გართულება, ინფექცია თუ ავთვისებიანი სიმსივნე. მკურნალობის შედეგად შედედების პროცესის დარღვევა გამოსწორდება.

უეცრად განვითარებული დსშ სიცოცხლისთვის საშიშია და მას მკურნალობენ როგორც გადაუდებელ მდგომარეობას. პაციენტს უსხამენ თრომბოციტებს და შედედების ფაქტორებს, რათა ჩაანაცვლონ დახარჯული და შეაჩერონ სისხლდენა. ქრონიკულად მიმდინარე და მსუბუქი დსშ-ის დროს კი, როცა თრომბების წარმოქმნა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე სისხლდენა, შედედების შესამცირებლად ჰეპარინი გამოიყენება.