ნეიტროფილური ლეიკოციტოზი | მკურნალი.გე
  1. ნეიტროფილური ლეიკოციტოზი
  2. სისხლის თეთრი უჯრედების დაავადებები
  3. სისხლის დაავადებები
ნეიტროფილური ლეიკოციტოზი

ნეიტროფილური ლეიკოციტოზი არის სისხლშინეიტროფილების პათოლოგიური სიჭარბე.

ნეიტროფილები ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლასა და დაზიანებების შეხორცებაში ეხმარება. მათი რაოდენობა ზოგიერთი დააავადების ან მდგომარეობის საპასუხოდ შესაძლოა გაიზარდოს. ხშირად ნეიტროფილების სიჭარბე ორგანიზმის აუცილებელი რეაქციაა, რომლითაც ის დაზიანების აღდგენას ან შემოჭრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნივთიერებების მოშორებას ცდილობს. ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული და პარაზიტული ინფექციები სისხლში ამ უჯრედების რაოდენობის ზრდას იწვევს. იგივე ხდება ტრავმის დროსაც, მაგალითად, ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას ან დამწვრობის დროს. ანთებითი დაავადებებიც, მათ შორის ავტოიმუნური დარღვევები, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი, ნეიტროფილების რაოდენობისა და აქტივობის მომატებას იწვევს. იგივე ხდება ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, კორტიკოსტეროიდების მიღებისას. მიელოციტური ლეიკემიაც შეიძლება იყოს უმწიფარი ან მწიფე ნეიტროფილების რაოდენობის ზრდის მიზეზი.

ექიმი ნიშნავს სისხლის ანალიზებს, მათ შორის სისხლის საერთო ანალიზს, თუ პაციენტს სიმპტომები აღენიშნება, მაგალითად, გახანგრძლივებული ცხელება, წონაში კლება ან დაღლილობა. ნეიტროფილების სიჭარბისას სისხლის ნიმუში მიკროსკოპით შეისწავლება, რათა განისაზღვროს, ძვლის ტვინიდან სისხლში უმწიფარი ნეიტროფილები (მიელობლასტები) ხომ არ გადმოდის. ეს უკანასკნელი შესაძლოა ძვლის ტვინის დაავადებაზე, მაგალითად, ლეიკემიაზე მიუთითებდეს. შესაბამისად, ექიმი ძვლის ტვინის ნიმუშსაც იღებს შესასწავლად.

მწიფე ნეიტროფილების რაოდენობის ზრდა სისხლში თავისთავად პრობლემა არ არის; ასეთ შემთხვევებში გამომწვევი დაავადების ან მდგომარეობის მკურნალობაა საჭირო.