მძიმე ჯაჭვის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. მძიმე ჯაჭვის დაავადებები
  2. პლაზმური უჯრედების დაავადებები
  3. სისხლის დაავადებები
მძიმე ჯაჭვის დაავადებები

მძიმე ჯაჭვის დაავადებები პლაზმურუჯრედოვანი ავთვისებიანი სიმსივნეებია; მათი არსებობისას პლაზმური უჯრედების კლონი დიდი რაოდენობით წარმოქმნის პათოლოგიური ანტისხეულის ნაწილს – მძიმე ჯაჭვს.

ეს დაავადებები იყოფა იმის მიხედვით, თუ რომელი მძიმე ჯაჭვი წარმოიქმნება – ალფა, გამა თუ მიუ.

ალფა მძიმე ჯაჭვის დაავადება ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ან ხმელთაშუაზღვის რეგიონიდან გამოსულ ახალგაზრდებს შორის გვხვდება. ავთვისებიანი პლაზმური უჯრედების შეჭრა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედლებში ხელს უშლის საკვებით მიღებული ნივთიერებების შეწოვას (მალაბსორბცია), რაც მძიმედ მიმდინარე ფაღარათს და წონაში კლებას იწვევს. ალფა მძიმე ჯაჭვების დაავადება სწრაფად პროგრესირებს და პაციენტთა ნახევარი 1 წლის განმავლობაში კვდება. ციკლოფოსფამიდით, პრედნიზონით (კორტიკოსტეროიდი) და ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შესაძლოა შეანელოს მისი პროგრესირება და რემისია განვითარდეს.

გამა მძიმე ჯაჭვის დაავადება შედარებთ უფროსი ასაკის ადამიანებს შორის გვხვდება. ზოგ მათგანს სიმპტომები საერთოდ არ აქვს. ავთვისებიანი პლაზმური უჯრედების ძვლის ტვინში შეჭრა იწვევს თეთრი უჯრედების შემცირებით შეპირობებულ ხშირ ინფექციებს, რაც ცხელებითა და შემცივნებით ვლინდება. გარდა ამისა, აღინიშნება სისუსტე ანემიის გამო. სიმსივნური პლაზმური უჯრედების შეჭრის შედეგად შესაძლოა ღვიძლი და ელენთა გადიდდეს. ამ სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის ეფექტურია ქიმიოთერაპიული საშუალებები, კორტიკოსტეროიდები და სხივური თერაპია.

მიუ მძიმე ჯაჭვის დაავადება ზემოხსენებულებთან შედარებით იშვიათია; ზოგჯერ ღვიძლისა და ელენთის ზომაში მომატებას იწვევს, მუცლის ლიმფური კვანძების გადიდებასთან ერთად. სიცოცხლის ხანგრძლივობა და ქიმიოთერაპიული საშუალებების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.