რიკეტსიული და მასთან დაკავშირებული ინფექციები | მკურნალი.გე
  1. რიკეტსიული და მასთან დაკავშირებული ინფექციები
  2. ინფექციები
რიკეტსიული და მასთან დაკავშირებული ინფექციები

რიკეტსიული და მასთან დაკავშირებული ინფექციები (როგორიცაა, მაგ. ერლიქიოზი და ქუ ცხელება) გამოწვეულია ბაქტერიების უჩვეულო სახეობით, რომელსაც მხოლოდ სხვა ორგანიზმში ცხოვრება შეუძლია.

  • ინფექციების უმეტესობას ავრცელებენ ტკიპები, ჯღიბები, რწყილები და ტილები;

  • ვითარდება ცხელება, თავის ძლიერი ტკივილები და ჩვულებრივ, გამონაყარიც. ადამიანები თავს გრძნობენ შეუძლოდ;

  • სიმპტომები სავარაუდოს ხდის დიაგნოზს და ექიმები იყენებენ განსაკუთრებულ კულტივირებასა და სისხლის ანალიზებს მის დასადასტურებლად;

  • ანტიბიოტიკების მიცემა იწყება მაშინვე, როდესაც ექიმი ეჭვს მიიტანს რომელიმე ამ ინფექციაზე.

რიკეტსიები მიეკუთვნებიან უჩვეულო ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ რამდენიმე დაავადებას, მათ შორის კლდოვანი მთების ლაქოვან დაავადებასა და ენდემურ ტიფს. რიკეტსიები განსხვავდებიან სხვა ბაქტერიებისგან იმით, რომ მათ ცხოვრება და გამრავლება მხოლოდ სხვა ორგანიზმის (მასპინძლის) უჯრედებში შეუძლიათ და თავისით გარემოში ვერ გადარჩებიან. ერლიქიის ბაქტერია და კოქსიელა ბურნეტიის ბაქტერია ჰგვანან რიკეტსიებს და იწვევენ მსგავს დაავადებებს.

ადამიანია ამ ბაქტერიების ზოგიერთი სახეობის მთავარი მასპინძელი. თუმცა, სახეობების უმეტესობისთვის, ჩვეული მასპინძლები ცხოველები არიან. ასეთ ცხოველებს ინფექციის რეზერვუარებს უწოდებენ. რეზერვუარი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდნენ ან არ დაინფიცირდნენ ამ დაავადებით. ჩვეულებრივ, რიკეტსიები გადაეცემათ ადამიანებს ტკიპების, ჯღიბების, რწყილებისა და ტილების ნაკბენების მეშვეობით, რომლებიც მანამდე იკვებებოდნენ დაინფიცირებულ ცხოველზე. ამ ორგანიზმებს ეწოდებათ ვექტორები, რადგანაც მათ გადააქვთ დაავადების გამომწვევი ორგანიზმები. კოქსიელა ბურნეტიით გამოწვეული ქუ ცხელება შეიძლება გადაეცეს ჰაერისა ან საკვების მეშვეობით. რიკეტსიის თითოეულ სახეობას და მასთან დაკავშირებულ ბაქტერიას ჰყავს თავისი საკუთარი მასპინძელი და ვექტორი.

ადამიანებში რიკეტსიები აინფიცირებენ მცირე სისხლძარღვების ამომფენ უჯრედებს, რაც იწვევს სისხლძარღვების ანთებას ან დაცობას ან სისხლის ახლომდებარე ქსოვილში ჩაღვრას. იმის მიხედვით, თუ სად მოხდება ეს დაზიანება და როგორ უპასუხებს ამ დაზიანებას ორგანიზმი, სიმპტომები განსხვავებულია.

სიმპტომები

რიკეტსიულ ინფექციებს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • ცხელება

  • თავის ძლიერი ტკივილი

  • დამახასიათებელი გამონაყარი

  • საერთო სისუსტე (ავად ყოფნის შეგრძნება)

იმის გამო, რომ გამონაყარი ხშირად არ ჩნდება რამდენიმე დღის განმავლობაში, ადრეული რიკეტსიული ინფექცია ხშირად ერევათ ფართოდ გავრცელებულ ვირუსულ ინფექციაში, როგორიცაა, მაგ. გრიპი.

როდესაც მწვავე რიკეტსიული ინფეცია პროგრესირებს, ადამიანები ჩვეულებრივ, იბნევიან და გრძნობენ ძლიერ სისუსტეს – ხშირად ხველებით, სუნთქვის გართულებებით, ზოგჯერ ღებინებითა და ფაღარათით. ზოგიერთ ადამიანს უდიდდება ღვიძლი და ელენთა, ერღვევა თირკმლების ფუნქციონირება და სისხლის არტერიული წნევა ეცემა სიცოცხლისთვის საშიშ დონემდე. შესაძლოა ადამიანი დაიღუპოს.

დიაგნოზი

იმის გამო, რომ რიკეტსიები გადაეცემა ტკიპების, ჯღიბების, რწყილებისა და ტილების მეშვეობით, ანამნეზში ამ ვექტორთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე მათგანის ნაკბენის არსებობა წარმოადგენს მნიშვნელოვან მინიშნებას – განსაკუთრებით, იმ გეოგრაფიულ ადგილებში, სადაც რიკეტსიული ინფექციები ხშირია. თუმცა, ბევრი ადამიანი ვერ იხსენებს ასეთი ნაკბენის არსებობას.

ხშირად, ექიმები სწრაფად ვერ ადასტურებენ რიკეტსიულ ინფექციას, იმიტომ, რომ რიკეტსიების აღმოჩენა შეუძლებელია ფართოდ გავრცელებული ლაბორატორიული გამოკვლევების მეშვეობით. რიკეტსიების აღმოსაჩენად განკუთვნილი სპეციალური კულტურები და სისხლის ანალიზები არის რუტინულად ხელმისაწვდომი და მათ დამუშავებას სჭირდება დიდი დრო, ამიტომ საჭიროა მკურნალობის დაწყება მანამ, სანამ ხელმისაწვდომი იქნება ანალიზების პასუხები. ექიმები თავის გადაწყვეტილებას, დაიწყონ მკურნალობა, აფუძნებენ ადამიანის სიმპტომებსა და ბაქტერიასთან შესაძლო კონტაქტის არსებობაზე.

გამოსადეგ გამოკვლევებს მიეკუთვნება იმუნოფლუოროსცენციული ანალიზი და პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქცია (PCR), რომელთა დროს გამოიყენება გამონაყარის ან სისხლის ნიმუში. ეს გამოკვლევები აადვილებენ ბაქტერიების აღმოჩენას. იმუნოფლუოროსცენციული ანალიზების დროს ხდება ბაქტერიების მიერ გამოყოფილი უცხო ნივთიერებების (ანტიგენები) ფლუოროსცენციული საღებავებით მონიშვნა, რაც აადვილებს ბაქტერიების აღმოჩენას. PCR ზრდის ბაქტერიის დნმ-ის რაოდენობას.

მკურნალობა

რიკეტსიული ინფექციები დაუყოვნებლივ პასუხობენ ისეთი ანტიბიოტიკებით ადრეულ მკურნალობას, როგორებიცაა დოქსიციკლინი (მას ენიჭება უპირატესობა), ქლორამფენიკოლი ან ტეტრაციკლინი. ეს ანტიბიოტიკები ადამიანებს ეძლევათ დასალევი ფორმით, თუ ადამიანები არ არიან ძალიან ავად. ამ შემთხვევაში, ადამიანებს ანტიბიოტიკები ეძლევათ ინტრავენურად. ადამიანების უმეტესობის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება ერთ ან ორ დღეში და ცხელება ჩვეულებრივ ქრება ორ-სამ დღეში. ადამიანები იღებენ ანტიბიოტიკს მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, ცხელების გახანგრძლივების შემთხვევაში კი – უფრო დიდხანს. როდესაც მკურნალობას იწყებენ გვიან, გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ნელია და ცხელება უფრო მეტხანს გრძელდება. თუ ინფექცია არანამკურნალებია ან თუ მკურნალობა დაიწყო ძალზე გვიან, ადამიანი შეიძლება დაიღუპოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი დაავადებულია ეპიდემიური ტიფით ან კლდოვანი მთების ლაქოვანი დაავადებით.

შესაძლებელია ციპროფლოქსაცინის და სხვა მსგავსი ანტიბიოტიკების ზოგიერთი რიკეტსიული დაავადების სამკურნალოდ გამოყენება.