ელენთის ტრავმა | მკურნალი.გე
  1. ელენთის ტრავმა
  2. ელენთის დაავადებები (სისხლის დაავადებები)
  3. სისხლის დაავადებები
ელენთის ტრავმა

  • ელენთის ტრავმა ხშირად საკმაოდ მტკივნეულია;

  • დიაგნოზისთვის გამოსახულებითი კვლევები, მაგალითად, ულტრაბგერა ან კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება;

  • ელენთის ტრავმის სამკურნალოდ ხშირად სისხლის გადასხმაა საჭირო, ზოგჯერ კი აღდგენა ან ამოკვეთა.

ელენთის თავისებური მდებარეობის გამო, ძლიერმა დარტყმამ მუცელში შეიძლება დააზიანოს ეს ორგანო, გახეთქოს მისი მფარავი გარსი, შიგნით არსებული ქსოვილი ან ორთავე. ჭრილობა შეიძლება პატარა იყოს და სისხლდენაც თავისით შეწყდეს, ან ძალიან დიდი, რის გამოც სისხლდენა სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს. ზოგჯერ ჩაქცეული სისხლი ელენთის კაფსულის ქვეშ ან თავად ორგანოს სისქეში გროვდება (ჰემატომა).

ელენთის დაზიანება ყველაზე ხშირია მუცლის ღრუს ტრავმის (საავტომობილო ავარია, სიმაღლიდან ჩამოვარდნა, სპორტული ტრავმა ან ცემა) შედეგად განვითარებულ მძიმე გართულებებს შორის. ზოგჯერ მუცლის სხვა ორგანოებიც ზიანდება.

ელენთის ჭრილობის ან გასკდომისას სისხლი მუცლის ღრუში იღვრება. სისხლდენის სიმძიმე დაზიანების ზომაზეა დამოკიდებული. ელენთაში სისხლჩაქცევა (ჰემატომა) შეიძლება ტრავმის მიღებიდან პირველივე დღეებში გასკდეს, ზოგჯერ კი თვეების მერე.

სიმპტომები

ელენთის დაზიანების ან გასკდომის დროს მუცლის ტკივილი აწუხებს პაციენტს. ჩაღვრილი სისხლი გაღიზიანებას და ტკივილს იწვევს მუცლის მარცხენა მხარეს, ნეკნთა რკალის ქვემოთ. ზოგჯერ ტკივილი მარცხენა მხარშიც შეიგრძნობა. მუცლის კუნთები რეფლექსურად იკუმშება და იჭიმება. თუ დიდი რაოდენობით სისხლი ჩაიღვარა, არტერიული წნევა ეცემა და ვლინდება თავბრუხვევა, მხედველობისა და ცნობიერების დაბინდვა და გონების კარგვა (გულის წასვლა).

დიაგნოზი

ელენთის დაზიანებაზე ეჭვის მიტანისას ექიმები მუცლის ღრუს ექოსკოპიას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ) ატარებენ. იშვიათად, თუ მძიმე სისხლდენაა სავარაუდო, გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო დიაგნოზისთვის და სისხლდენის შესაჩერებლად. მძიმე სისხლდენის დროს ვენაში სითხეებისა და, ზოგჯერ, სისხლის გადასხმა არის საჭირო.

მკურნალობა

წინათ დაზიანებულ ელენთას ყველა შემთხვევაში ამოკვეთდნენ ხოლმე, რაც ზოგჯერ მოგვიანებით გართულებებს იწვევდა, მათ შორის ინფექციების რისკის გაზრდას. სადღეისოდ მიჩნეულია, რომ ელენთის მცირე და საშუალო ზომის დაზიანებების უმრავლესობა ოპერაციის გარეშეც ხორცდება, თუმცა, ზოგჯერ სისხლის გადასხმა მაინც საჭიროა და პაციენტებს საავადმყოფოში მკურნალობენ. თუ ოპერაცია მაინც აუცილებელია, როგორც წესი, ელენთას მთლიანად ამოკვეთენ ხოლმე (სპლენექტომია). ზოგჯერ ქირურგები ახერხებენ მცირე ზომის დაზიანების აღდგენას.