ავთვისებიანი უჯრედები ნორმალური უჯრედებისგან ვითარდება. ამ რთულ პროცესს ავთვისებიან ტრანსფორმაციას (მალიგნიზაციას) უწოდებენ.
ინიციაცია (ამოქმედება): ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბების პირველ, საწყის ეტაპს ინიციაცია (ამოქმედება) ეწოდება. ამ დროს უჯრედის გენეტიკურ მასალაში განვითარებული ცვლილებები უჯრედის ავთვისებიანად გადაგვარებას იწვევს. ეს შეიძლება სპონტანურად, თავისით მოხდეს ან ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი (კანცეროგენული) ფაქტორის ზემოქმედების შედეგი იყო. კანცეროგენული ფაქტორების (კანცეროგენები) რიცხვს მიეკუთვნება მრავალი ქიმიური ნივთიერება, თამბაქო, ვირუსები, რადიაცია და მზის სხივები. თუმცაღა, ყველა უჯრედი ერთნაირად მგრძნობიარე არ არის ამ ფაქტორების მიმართ. გენეტიკური მუტაციის გამო რომელიმე უჯრედი შეიძლება უფრო ადვილად გარდაიქმნას ავთვისებიანად. ზოგჯერ ქრონიკული მექანიკური გაღიზიანებაც იწვევს უჯრედთა მგრძნობელობის გაზრდას კანცეროგენების მიმართთ.
ხელშეწყობა: ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბების მეორე და უკანასკნელი ეტაპია ხელშეწყობა. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს გარემოში არსებული ესა თუ ის ნივთიერება ან ზოგი მედიკამენტიც კი (მაგალითად, ბარბიტურატები). კანცეროგენებისგან განსხვავებით ხელშემწყობი ფაქტორები თავად არ იწვევს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. ისინი უბრალოდ გადაგვარების საშუალებას აძლევს უჯრედს, რომელმაც უკვე გაიარა საწყისი – ინიციაციის ეტაპი. შესაბამისად, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებისთვის რამდენიმე პირობაა საჭირო, სახელდობრ, მოწყვლადი უჯრედისა და კანცეროგენის არსებობა.
ზოგი კანცეროგენი საკმარისად ძლიერია და სიმსივნის განვითარება ხელშეწყობის ეტაპის გარეშეც შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, მაიონიზებელი რადიაცია (რენტგენის სხივები, ატომურ სადგურებზე და ატომური ბომბის აფეთქებისას წარმოქმნილი გამოსხივება) სხვადასხვა ავთვისებიან სიმსივნეებს იწვევს, განსაკუთრებით სარკომას, ლეიკემიას, ფარისებრი ჯირკვლისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს.
გავრცელება: ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება გავრცელდეს როგორც მიმდებარე, ისე მოშორებით მდებარე ქსოვილებში, ორგანოებში. მეტასტაზირება ზოგჯერ ლიმფური სისტემის გზით ხდება. ეს კარცინომებისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, სარძევე ჯირკვლის კიბო ხშირად ჯერ მეზობლად მდებარე ლიმფურ კვანძებში ვრცელდება და მხოლოდ ამის შემდეგ იჭრება პირველადი კერისგან მოშორებულ ნაწილებში. ავთვისებიანი უჯრედები ზოგჯერ სისხლითაც გადაიტანება; ეს განსაკუთრებით სარკომებისთვისაა დამახასიათებელი.