ავთვისებიანი სიმსივნეების რისკ-ფაქტორები | მკურნალი.გე
  1. ავთვისებიანი სიმსივნეების რისკ-ფაქტორები
  2. ზოგადი საკითხები
  3. ავთვისებიანი სიმსივნეები
ავთვისებიანი სიმსივნეების რისკ-ფაქტორები

ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობაზე მრავალი გენეტიკური და გარემო ფაქტორი ზემოქმედებს. თუმცა, კანცეროგენების ან სხვა რისკ-ფაქტორების ზემოქმედებით ავთვისებიანი სიმსივნით ყველა არ ავადდება.

ოჯახური ისტორია და გენეტიკური ფაქტორები: ზოგი ოჯახის წევრებს შორის ამა თუ იმ ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია. ზოგჯერ ამისი მიზეზი ერთი გენის მუტაციაა, სხვა შემთხვევაში კი მრავალი დეფექტური გენის ურთიერთქმედება. გარემო ფაქტორებმა, რომლებიც საერთოა ოჯახის ყველა წევრისთვის, შეიძლება შეცვალოს ზემოხსენებული ურთიერთქმედება და ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება გამოიწვიოს.

დაავადებების რისკს ზრდის ზედმეტი ან დეფექტური ქრომოსომის არსებობაც. მაგალითად, დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს შორის, რომელთაც 21-ე წყვილი ქრომოსომა ორის ნაცვლად სამი აქვთ, მწვავე ლეიკემიის განვითარების რისკი 12-20-ჯერ მეტია.

ასაკი: ზოგი სიმსივნე, მაგალითად, ვილმსის სიმსივნე, რეტინობლასტომა და ნეირობლასტომა თითქმის ყოველთვის ბავშვებს შორის გვხვდება. ამისი მიზეზი ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ სიმსივნეებს, სავარაუდოდ, მემკვიდრეობით მიღებული ან ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში განვითარებული მუტაცია იწვევს. თუმცაღა, ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობით უფრო ხშირად მოხუცები ავადდებიან. ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმსივნეების 60%-ზე მეტი 65 წელზე მეტი ასაკის პირებზე მოდის. სიხშირის ზრდა, სავარაუდოდ, ორი ფაქტორის კომბინაციით არის შეპირობებული: კანცეროგენების უფრო ხანგრძლივი ზემოქმედება და ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტება.

გარემო ფაქტორები: ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს მრავალი გარემო ფაქტორი ზრდის.

თამბაქოს კვამლი შეიცავს კანცეროგენებს, რომლებიც ფილტვის, პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის, თირკმლების და შარდის ბუშტის კიბოთი დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურება სამრეწველო გამონაბოლქვით და სიგარეტის კვამლით. მრავალი ქიმიური ნივთიერების კანცეროგენობა დადასტურებულია, ბევრი სხვა კი ჯერჯერობით მხოლოდ საეჭვოდ ითვლება. მაგალითად, აზბესტმა შესაძლოა ფილტვის კიბო და მეზოთელიომა (პლევრის ავთვისებიანი სიმსივნე) გამოიწვიოს, განსაკუთრებით მწეველებს შორის. ორგანიზმზე პესტიციდების ხანგრძლივი ზემოქმედებისას ზოგი სიმსივნის აღმოცენების რისკი იზრდება (მაგალითად, ლეიკემიისა და არაჰოჯკინის ლიმფომის). ქიმიურ ნივთიერებასთან ორგანიზმის კონტაქტსა და სიმსივნის განვითარებას შორის დროის პერიოდი შესაძლოა მრავალ წელს მოიცავდეს.

ავთვისებიანი სიმსივნის აღმოცენების რისკ-ფაქტორია გამოსხივებაც. ულტრაიისფერი სხივების (ძირითადად მზის) ხანგრძლივი ზემოქმედება კანის კიბოს იწვევს. მაიონიზებელი რადიაცია განსაკუთრებით ძლიერი კანცეროგენია. ნიადაგიდან გამოთავისუფლებული რადიოაქტიური აირის, რადონის ზემოქმედება ფილტვის კიბოთი დაავადების ალბათობას ზრდის. ჩვეულებრივ, ეს ნივთიერება სწრაფად იფანტება ატმოსფეროში და მავნე არ არის, მაგრამ თუ შენობა რადონის მაღალი შემცველობის მქონე ნიადაგზეა აშენებული, ზოგჯერ ჰაერში მისი კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ ორგანიზმისთვის საზიანოა. რადონი ფილტვებში შესუნთქვისას ხვდება და დროთა განმავლობაში კიბოს განვითარებას იწვევს. მწეველებისთვის რისკი უფრო მაღალია.

სადღეისოდ მრავალი სხვა ნივთიერება შეისწავლება, როგორც ავთვისებიანი სიმსივნის რისკის ფაქტორი.

გეოგრაფიული მდებარეობა: ავთვისებიანი სიმსივნის აღმოცენების ალბათობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაც განსხვავებულია, თუმცა ამის მიზეზები საკმარისად შესწავლილი არ არის. ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობის კავშირზე გეოგრაფიულ გარემოსთან, სავარაუდოდ, მრავალი ფაქტორის ერთობლიობა მოქმედებს, სახელდობრ გენეტიკის, საკვებისა და გარემო პირობების კომბინაცია.

ასე მაგალითად, მსხვილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკი იაპონიაში დაბალია, თუმცა იმ იაპონელებს შორის, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადიან საცხოვრებლად, რისკი იზრდება და საბოლოოდ უთანაბრდება ამერიკის მოსახლეობისას. ამის საპირისპიროდ, იაპონიაში ძალიან ხშირია კუჭის კიბო. იაპონელების აშშ-ში ემიგრაციის და დასავლურ საკვებზე გადასვლის შემთხვევაში ეს რისკი მცირდება და უთანაბრდება ამერიკის მოსახლეობისთვის დამახასიათებელს, თუმცა ეს ცვლილება შესაძლოა მხოლოდ მომდევნო თაობაში გახდეს თვალსაჩინო.

კვების რაციონი: საკვებთან ერთად მიღებულ ნივთიერებებსაც შეუძლია გაზარდოს ავთვისებიანი სიმსივნის აღმოცენების რისკი. ასე მაგალითად, ცხიმით მდიდარი საკვების მიღებასთან დაკავშირებულია მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის და, სავარაუდოდ, წინამდებარე ჯირკვლის კიბო. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების შემთხვევაში ბევრად მაღალია საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი. შებოლილი და მარინადში ჩადებული საკვები, შემწვარი ხორცის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის კუჭის კიბოს რისკს. ჭარბწონიან ან მსუქან ადამიანებში მაღალია მკერდის, საშვილოსნოს ამომფენი გარსის (ენდომეტრიუმის), მსხვილი ნაწლავის, თირკმლებისა და საყლაპავის კიბოს რისკი.

მედიკამენტები და სხვა სამკურნალო საშუალებები: ზოგი მედიკამენტი და სამკურნალო საშუალება ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ალბათობას. მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებში შემავალმა ესტროგენებმა შესაძლოა მცირედ გაზარდოს მკერდის კიბოს განვითარების რისკი, მაგრამ ეს უკანასკნელი დროთა განმავლობაში თანდათან იკლებს. ჰორმონები – პროგესტერონი და ესტროგენი – მენოპაუზის დროს ენიშნება ქალებს (ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია), რის გამოც იზრდება სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადების რისკი. დიეთილსტილბესტროლის გამოყენება ზრდის მკერდის კიბოს საშიშროებას ქალებში, რომლებიც იღებდნენ ამ მედიკამენტს, აგრეთვე მათ ქალიშვილებში, თუ ეს ნივთიერება ორგანიზმზე დაბადებამდე ზემოქმედებდა. ანაბოლური სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებამ შესაძლოა ღვიძლისა და წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკი გაზარდოს. ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ქიმიოთერაპიული საშუალებებითა და სხივური თერაპიით წლების შემდეგ ასევე იწვევს სხვა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკის მატებას.

ინფექციები: ზუსტად არის დადგენილი, რომ რამდენიმე ვირუსი ადამიანების სიმსივნით დაავადების მიზეზია. ზოგიერთი სხვა ვირუსი, სავარაუდოდ, ანალოგიური ზემოქმედებით ხასიათდება. ადამიანის პაპილომავირუსი (ვირუსი, რომელიც სასქესო ორგანოების მეჭეჭებს იწვევს) ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. B ან C ჰეპატიტის ვირუსებმა შეიძლება ღვიძლის კიბო გამოიწვიოს. ადამიანის ზოგი რეტროვირუსი ლიმფომებსა და სისხლის სხვა სიმსივნეებს იწვევს. არის ისეთი ვირუსებიც, რომლებიც მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაშია ამა თუ იმ სიმსივნის მიზეზი, სხვებში კი არა. ასე მაგალითად, ებშტეინ-ბარის ვირუსი აფრიკაში ბერკიტის ლიმფომას (ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი სახეა) იწვევს, ჩინეთში კი – ცხვირისა და ხახის კიბოს.

ავთვისებიან სიმსივნეს ზოგი ბაქტერიაც იწვევს. Helicobacter Pylori, რომელიც კუჭის წყლულის მიზეზია, სავარაუდოდ, ზრდის კუჭის კიბოსა და ლიმფომის რისკს.

პარაზიტებსაც შეუძლია ავთვისებიანი სიმსივნის გამოწვევა. Schistosoma Haematobium შარდის ბუშტის ქრონიკული ანთების, დანაწიბურებისა და საბოლოოდ კიბოს წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს. კიდევ ერთ პარაზიტულ ორგანიზმს, Opisthorchis sinensis-ს უკავშირებენ პანკრეასისა და სანაღვლე სადინარების კიბოს განვითარებას.

ანთებითი დაავადებები: ანთებითი დაავადებები ხშირად ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეების რისკს. მათ შორის ერთ-ერთია წყლულოვანი კოლიტი, რომელსაც შეუძლია მსხვილი ნაწლავის კიბო გამოიწვიოს.