პრევენცია (ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია და მკურნალობა) | მკურნალი.გე
  1. პრევენცია (ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია და მკურნალობა)
  2. ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია და მკურნალობა
  3. ავთვისებიანი სიმსივნეები
პრევენცია (ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია და მკურნალობა)

ზოგი ავთვისებიანი სიმსივნის რისკის შემცირება კვების რაციონისა და ცხოვრების წესის სხვა ცვლილებებით შეიძლება. საშიშროების შემცირების ხარისხი სიმსივნის ტიპზეა დამოკიდებული. ავთვისებიანი სიმსივნეების ერთი მესამედი პირდაპირ კავშირშია თამბაქოს მოხმარებასთან. თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმით და თამბაქოს კვამლისთვის თავის არიდებით მნიშვნელოვნად მცირდება ფილტვის, თირკმლის, შარდის ბუშტის, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების რისკი. თამბაქოს დასაღეჭი ან შესასუნთქი ფორმების მოხმარებაზე უარის თქმა კი ენისა და პირის ღრუს სიმსივნის რისკს ამცირებს.

ცხოვრების წესის სხვა შემადგენლების ცვლილებებიც ამცირებს ზოგი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების საშიშროებას. ასე მაგალითად, ალკოჰოლის ნაკლები რაოდენობის მიღებით ქვეითდება თავისა და კისრის, ღვიძლისა და საყლაპავის სიმსივნეების რისკი. ნაკლებად ცხიმიანი საკვები კი, როგორც ჩანს, მკერდისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს საშიშროებას ამცირებს. მზის სინათლით დასხივების თავიდან აცილებით (განსაკუთრებით შუადღისას) კანის კიბოს რისკი მცირდება. ამისთვის შესაძლოა ეფექტური გამოდგეს კანის დაფარვა და მზისგან დამცავი კრემის ხმარება ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის მაღალი ხარისხით. ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება ამცირებს სწორი და მსხვილი ნაწლავის კიბოს საშიშროებას. პაპანიკოლაუს ტესტით კი საშვილოსნოს ყელის უჯრედებში სიმსივნისწინარე ცვლილებების აღმოჩენაა შესაძლებელი.

ვირუსებით გამოწვეული სიმსივნის ზოგიერთი სახის საწინააღმდეგო აცრაც არის შესაძლებელი. საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზი ბევრ შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, სახელდობრ – ადამიანის პაპილომავირუსის ზოგი შტამი. პირველ სქესობრივ კონტაქტამდე ადამიანის პაპილომავირუსისის საწინააღმდეგო აცრამ შესაძლოა ბევრ შემთხვევაში უზრუნველყოს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია. პაპილომავირუსიზოგჯერ ზრდის ანუსის კიბოს, თავისა და კისრის ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკსაც. კიდევ ერთი მაგალითია B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, რომლის დროსაც ღვიძლის კიბოს საშიშროება იზრდება. მის თავიდან აცილებაში შესაძლოა B ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა გამოდგეს ეფექტიანი.

სიმსივნური ან სიმსივნისწინარე წარმონაქმნების ადრეული აღმოჩენით სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი. 40 წლის ასაკის შემდეგ ყოველწლიურად მამოგრაფიის ჩატარება სარძევე ჯირკვლის კიბოს ჯერ კიდევ განკურნებად სტადიაში აღმოჩენის საშუალებაა. 50 წელზე მეტ ასაკში კი კოლონოსკოპიის (მსხვილი ნაწლავის დათვალიერება დრეკადი მილით) წელიწადში ერთხელ ჩატარებით პოლიპებისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების აღმოჩენა შეიძლება მათი განვითარების ადრეულ სტადიაზე.