ოპერაციული ჩარევა ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის ტრადიციული მეთოდია. შემთხვევების უმრავლესობაში ის ყველაზე ეფექტურია მანამ, სანამ მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში ან სიმსივნისგან მოშორებულ სხეულის ნაწილებში გავრცელდება. ზოგჯერ მხოლოდ ოპერაცია ტარდება, ზოგჯერ კი ოპერაციასთან ერთად მკურნალობის სხვა მეთოდებიც გამოიყენება, სახელდობრ, სხივური ან ქიმიოთერაპია. თუ სიმსივნე მეტასტაზირებული არ არის, ქირურგიული ჩარევით ადამიანი შესაძლოა განიკურნოს კიდეც. თუმცაღა, ყოველთვის ვერ ხერხდება ოპერაციამდე იმის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, არის თუ არა სიმსივნე სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელებული. ქირურგიული ჩარევის დროს ექიმები მიმდებარე ლიმფურ კვანძებსაც ამოკვეთენ ხოლმე, რათა დადგინდეს, ხომ არ არის სიმსივნე მათში გადასული. ასეთ შემთხვევაში მაღალია დაავადების პროგრესირების ალბათობა, რომლის თავიდან ასაცილებლად, ოპერაციის შემდეგ, ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპიაა საჭირო.
სიმსივნის მეტასტაზირების შემდეგ ქირურგიული ჩარევა აღარ არის მკურნალობის მთავარი მეთოდი. თუმცა, ის ხანდახან სიმსივნური წარმონაქმნის ზომაში შესამცირებლად ტარდება, რათა სხივური ან ქიმიოთერაპია უფრო ეფექტური აღმოჩნდეს ან შემსუბუქდეს სიმპტომები, მაგალითად, ძლიერი ტკივილი ან ნაწლავის სანათურის დახშობა. მეტასტაზების ქირურგიულად ამოკვეთით განკურნება იშვიათად მიიღწევა, რადგან ძნელია ყველა მათგანის პოვნა. სიმსივნის დარჩენილი ნაწილები, როგორც წესი, აგრძელებენ ზრდას. თუმცაღა, ზოგი ავთვისებიანი სიმსივნის დროს მეტასტაზების რაოდენობა ძალიან მცირეა, განსაკუთრებით ღვიძლში, თავის ტვინში ან ფილტვში, შესაბამისად, მათი ამოკვეთა ეფექტიანი შეიძლება გამოდგეს.
ქირურგიული ჩარევა ყველა შემთხვევაში არ არის მკურნალობის საუკეთესო მეთოდი ადრეულ სტადიაზე. ზოგჯერ წარმონაქმნი ისეთ ადგილზე ვითარდება, რომ მისი ამოკვეთა შეუძლებელია. ხანდახან სიმსივნესთან ერთად მნიშვნელოვანი ორგანოს ამოჭრაც აუცილებელი ხდება ან ოპერაცია არღვევს მის ფუნქციონირებას. ამ შემთხვევაში შესაძლოა უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს სხივური თერაპია ქიმიოთერაპიასთან ერთად ან მის გარეშე.