1. სხივური თერაპია
  2. ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია და მკურნალობა
  3. ავთვისებიანი სიმსივნეები
სხივური თერაპია

რადიაცია ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც გამოასხივებს რადიოაქტიური ნივთიერება, მაგალითად, კობალტი ან სპეციალური მოწყობილობა, როგორიცაა ატომური ნაწილაკების წრფივი ამაჩქარებელი.

გამოსხივება კონკრეტულად იმ უჯრედებს კლავს, რომლებიც სწრაფად იყოფა და რომლებსაც უჭირთ თავისი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (ბირთვის ნივთიერება) აღდგენა. ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები უფრო მაღალი სიჩქარით მრავლდება, ვიდრე ნორმალური უჯრედები და ხშირად არ შეუძლია იმ დაზიანების აღდგენა, რაც მათი დასხივებით არის გამოწვეული. შესაბამისად, რადიაცია ავთვისებიან უჯრედებს უფრო ადვილად კლავს, ვიდრე ნორმალურს. ამის მიუხედავად, უჯრედები მაინც განსხვავებულად მგროძნობიარენი არიან გამოსხივების მიმართ – ზოგი ავთვისებიანი უჯრედი ძალიან მდგრადია და სხივური თერაპიით მათი განადგურება ძნელია.

სხივური თერაპიის ტიპები

სხივური თერაპიის ყველაზე ხშირი ტიპია გარეგანი დასხივება გამა გამოსხივებით, რომელსაც წრფივი ამაჩქარებელი წარმოქმნის. უფრო იშვიათად გამოიყენება ელექტრონული ან პროტონული სხივები. პროტონული გამოსხივების მიმართვა რომელიმე უბნისკენ ძალიან ზუსტად შეიძლება და ის ეფექტურია სიმსივნეების სამკურნალოდ ისეთ ადგილებში, სადაც ნორმალური ქსოვილის დაზიანება სახიფათოა, მაგალითად, თვალში, თავის ან ზურგის ტვინში. გარეგანი დასხივების ყველა სახის დროს სხივები მიმართულია სხეულის რომელიმე ნაწილისკენ ან ორგანოსკენ, რომელშიც სიმსივნური წარმონაქმნი მდებარეობს. ნორმალური ქსოვილის დასხივების თავიდან ასაცილებლად სხივების რამდენიმე მიმართულება გამოიყენება და დასხივების უბნის გარშემო ადგილები მაქსიმალურად იფარება. გარეგანი დასხივების უფრო ახალი მეთოდია ე.წ. სხივური თერაპია ინტენსიურობის მოდულირებით (IMRT), რომელიც უფრო კარგად იცავს მახლობლად მდებარე ქსოვილებს და ავთვისებიანი უჯრედების უფრო მაღალი დოზით დასხივების საშუალებას აძლევს ექიმებს.

გარეგანი სხივური თერაპია პაციენტს უტარდება თანაბრად დანაწევრებული დოზებით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს ზრდის დასხივების სასიკვდილო ზეგავლენას სიმსივნურ უჯრედებზე და ამცირებს ტოქსიკურ ზემოქმედებას ნორმალურ ქსოვილებზე. ამ უკანასკნელის მიზეზი ის არის, რომ ნორმალურ უჯრედებს სწრაფად შეუძლია მიღებული დაზიანების აღდგენა დასხივებებს შორის პერიოდში, მაშინ, როცა სიმსივნურ ქსოვილს ამისი უნარი არ აქვს. სხივური თერაპიის დროს, როგორც წესი, პაციენტი იღებს გამოსხივების ყოველდღიურ დოზას 6-8 კვირის განმავლობაში. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ადგილი დასხივდეს, ადამიანს ზუსტად იმავე პოზაში ამყოფებენ სპეციალური ფიქსატორების ან სხვა მოწყობილობების მეშვეობით.

სხივური თერაპიის ერთ-ერთი სხვა მეთოდის დროს რადიოაქტიური ნივთიერება ვენაში შეჰყავთ, რათა მან სიმსივნის ლოკალიზაციის ადგილს მიაღწიოს (მაგალითად, რადიოაქტიური იოდი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება). ზოგ შემთხვევაში რადიოაქტიური ნივთიერების პატარა მარცვლები პირდაპირ სიმსივნურ წარმონაქმნში თავსდება (მაგალითად, რადიოაქტიური პალადიუმი წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს). ეს ჩანერგილი ნაწილაკები საკმაოდ ინტენსიურად დაასხივებს სიმსივნეს ისე, რომ გარშემო მყოფ ნორმალურ ქსოვილებამდე რადიაციის მხოლოდ მცირე რაოდენობა აღწევს. მარცვლები შეიცავს ხანმოკლე ნახევარდაშლის პერიოდის მქონე ნივთიერებას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ გამოსხივებას წყვეტს.

შედარებით ახალი მეთოდია რადიოაქტიური ნივთიერებების შეკავშირება სპეციალურ ცილებთან, მონოკლონურ ანტისხეულებთან, რომლებიც ორგანიზმში პოულობს სიმსივნურ უჯრედებს და მათ უკავშირდება. შესაბამისად, მათზე არსებული რადიოაქტიური ნივთიერება სიმსივნურ ქსოვილში დიდი რაოდენობით გროვდება და ანადგურებს მას.

გამოყენება

სხივურ თერაპიას დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალი სიმსივნის მკურნალობაში. ესენია: ჰოჯკინის ლიმფომა, არაჰოჯკინის ლიმფომის ადრეული სტადია, კისრისა და თავის სკვამოზური უჯრედების კარცინომა, სემინომა (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე), წინამდებარე ჯირკვლის კიბო, სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადია, ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს ზოგი ფორმა და მედულობლასტომა (თავის ან ზურგის ტვინის სიმსივნე). ხორხისა და წინამდებარე ჯირკვლის ადრეული სტადიის კიბოს შემთხვევაში სხივური თერაპიის გამოყენებისას განკურნების მაჩვენებელი ფაქტობრივად იგივეა, რაც ქირურგიული ჩარევით მკურნალობის შემთხვევაში. ზოგჯერ მკურნალობის ამ მეთოდთან ერთად სხვებსაც იყენებენ. ზოგიერთი ქიმიოთერაპიული საშუალება, მაგალითად, ცისპლატინი, აძლიერებს სხივური თერაპიის ეფექტიანობას და ეს მედიკამენტები შეიძლება დასხივებასთან ერთად დაინიშნოს.

სხივური თერაპიით შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება მაშინაც კი, როცა განკურნება ვერ ხერხდება, მაგალითად, მრავლობითი მიელომის ძვლებში მეტასტაზირების დროს და მტკივნეული სიმსივნეების – ფილტვის, საყლაპავის, თავისა და კისრის, კუჭის შორსწასული კიბოს შემთხვევაში. წარმონაქმნის დროებით ზომაში შემცირებით სხივურ თერაპიას შეუძლია შეამსუბუქოს სიმპტომები, რომლებსაც სიმსივნის გავრცელება იწვევს თავის ტვინში ან ძვლებში.

გვერდითი მოვლენები

სამწუხაროდ, სხივური თერაპია სიმსივნის მიმდებარე ნორმალურ ქსოვილებსაც აზიანებს. გვერდითი მოვლენები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ფართობი სხივდება, რა დოზით და რამდენად ახლოსაა წარმონაქმნი მგრძნობიარე ქსოვილებთან. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ისინი, რომელთა უჯრედებიც ნორმაში სწრაფად იყოფა, მაგალითად, კანი, ძვლის ტვინი, თმის ფოლიკულები, პირის ღრუს, საყლაპავისა და ნაწლავების ამომფენი გარსები. გამოსხივებას სათესლე ჯირკვლების ან საკვერცხეების დაზიანებაც შეუძლია. ექიმები ცდილობენ, რაც შეიძლება ზუსტად მიმართონ სხივები, რათა თავიდან აიცილონ ნორმალური ქსოვილების დაზიანება.

სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, სხეულის რომელ ნაწილზე ტარდება სხივური თერაპია. შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობა, პირის ღრუს წყლულები, პრობლემები კანის მხრივ (სიწითლე, ქავილი, აქერცვლა), ტკივილი ყლაპვის დროს, ფილტვების ანთება (პნევმონიტი), ჰეპატიტი, პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, უმადობა, ღებინება, დიარეა) ან შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ (შარდვის გახშირება, წვის შეგრძნება მოშარდვის დროს), სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება. თავისა და კისრის სიმსივნეების დასხივება ხშირად იწვევს მათ ზემოთ მდებარე კანის, პირისა და ყელის ლორწოვანის დაზიანებას. ექიმები ცდილობენ, რაც შეიძლება დროულად გამოავლინონ სიმპტომები და უმკურნალონ მათ, რათა პაციენტი მაქსიმალურად კარგად გრძნობდეს თავს და შეძლოს მკურნალობის გაგრძელება.