1. ქიმიოთერაპია
  2. ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია და მკურნალობა
  3. ავთვისებიანი სიმსივნეები
ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპიისთვის გამოიყენება ისეთი მედიკამენტები, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. იდეალური წამალი მხოლოდ ავთვისებიან უჯრედებს მოკლავდა, ნორმალურებს კი ხელუხლებლად დატოვებდა. სამწუხაროდ, ქიმიოთერაპიული საშუალებების უმრავლესობა ასე შერჩევითად არ მოქმედებს. ისინი ისეა შექმნილი, რომ უფრო ძლიერად ავთვისებიანი ქსოვილი დააზიანოს, ვიდრე ნორმალური. ეს ძირითადად უჯრედების ზრდის უნარზე ზემოქმედებით მიიღწევა. უკონტროლო და სწრაფი ზრდა სიმსივნის თვისებაა. თუმცა, ზრდა ნორმალურ ქსოვილებსაც ახასიათებს და ზოგჯერ საკმაოდ სწრაფიც კი (მაგალითად, ძვლის ტვინს, პირის ღრუსა და ნაწლავის ამომფენ გარსს). სწორედ ამის გამოა, რომ ყველა ქიმიოთერაპიული საშუალება ნორმალურ უჯრედებზეც მოქმედებს და გვერდით მოვლენებს იწვევს.

არსებობს უფრო ახალი მიდგომაც, რომლითაც არასასურველი ეფექტების შემცირება და ეფექტიანობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ამისთვის ე.წ. "მოლეკულური სამიზნის" მქონე წამლებს იყენებენ. ეს მედიკამენტები კონკრეტულად სიმსივნურ უჯრედებს კლავს, რადგან თრგუნავს მათი გადარჩენისა და ზრდისთვის საჭირო პროცესებს და სპეციფიკურ სასიგნალო გზებს. მაგალითად, სიმსივნურ უჯრედებს ესაჭიროებათ სისხლძარღვები, რომლებიც მათ საკვებსა და ჟანგბადს მიაწვდის. ზოგ მედიკამენტს შეუძლია დათრგუნოს ახალი სისხლმილების წარმოქმნა სიმსივნეში ან მთავარი სასიგნალო გზები, რომლებიც უჯრედთა ზრდაზეა პასუხისმგებელი. იმატინიბი პირველი ასეთი წამალია; ის საკმაოდ ეფექტურია ქრონიკული მიელოციტური ლეიკემიისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზოგი სიმსივნის დროს. ერლოტინიბისა და გეფიტინიბის სამიზნე ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს უჯრედებზე მოთავსებული რეცეპტორებია. მოლეკულური სამიზნის მქონე მედიკამენტების ეფექტურობა მრავალი სხვა სიმსივნის შემთხვევაშიც არის დამტკიცებული, მათ შორის სარძევე ჯირკვლისა და თირკმლის კიბოს დროს.

ყველა ავთვისებიანი წარმონაქმნი არ არის ქიმიოთერაპიისადმი მგრძნობიარე. სიმსივნის ტიპი განსაზღვრავს იმას, თუ რომელი საშუალების გამოიყენებაა მიზანშეწონილი, რა კომბინაციაში და რა დოზით. ქიმიოთერაპია შეიძლება დაინიშნოს ცალკე ან სხივურ თერაპიასთან, ოპერაციასთან ან ორივესთან ერთად.

ქიმიოთერაპია მაღალი დოზებით: ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მათი დოზა შეიძლება გაიზარდოს, სამკურნალო კურსებს შორის დროის მონაკვეთი კი შემცირდეს (შემჭიდროებული ქიმიოთერაპია). სწორედ ეს მეთოდი, დოზებს შორის პაუზების ხანგრძლივობის შემცირება, გამოიყენება სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს. მაღალდოზიან ქიმიოთერაპიას ხშირად მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტული დოზით მკურნალობის შემდეგ სიმსივნე ხელახლა განვითარდა, განსაკუთრებით კი მიელომის, ლიმფომის ან ლეიკემიის დროს. გასათვალისწინებელია, რომ მაღალდოზიან ქიმიოთერაპიას შეუძლია ძვლის ტვინის სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება გამოიწვიოს. ამის გამო, თერაპიის დაწყებამდე, ე.წ. "ძვლის ტვინის გადასარჩენი მეთოდები" გამოიყენება; ძვლის ტვინის უჯრედებს იღებენ და ინახავენ ქიმიოთერაპიის ჩამთავრებამდე, რის შემდეგაც ორგანიზმში უკან აბრუნებენ. ზოგჯერ, ნაცვლად ძვლის ტვინის აღებისა, ღეროვანი უჯრედებს გამოყოფენ სისხლიდან. ქიმიოთერაპიის შემდეგ პაციენტს უჯრედები უკან გადაესხმება.

გვერდითი მოვლენები

ქიმიოთერაპია ხშირად იწვევს გულისრევას, ღებინებას, უმადობას, წონაში კლებას, დაღლილობას, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას. ამ უკანასკნელის გამო ანემია ვითარდება და იზრდება ინფექციების რისკი. ქიმიოთერაპიის დროს პაციენტებს ხშირად სცვივათ თმა; სხვა გვერდითი მოვლენები თავად წამალზეა დამოკიდებული.

გულისრევა და ღებინება: ამ სიმპტომების თავიდან აცილება ან შემსუბუქება ხშირად მედიკამენტებით – ანტიემეზური (ღებინების საწინააღმდეგო) საშუალებები არის შესაძლებელი. გულისრევას ამცირებს საკვების მცირე ულუფებად მიღება და ბოჭკოებით მდიდარი, აირების წარმომქმნელი, ძალიან ცხელი ან ცივი საჭმლის შეზღუდვა.

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება: ციტოპენია სისხლის ერთი ან მეტი სახის უჯრედის ნაკლებობაა და შეიძლება განვითარდეს ქიმიოთერაპიული საშუალებების ძვლის ტვინზე (სწორედ აქ წარმოიქმნება სისხლის უჯრედები) მავნე ზემოქმედების გამო. მაგალითად, ორგანიზმში შეიძლება ძალიან შემცირდეს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა (ანემია), თეთრი უჯრედების რიცხვი (ნეიტროპენია ან ლეიკოპენია), განვითარდეს თრომბოციტების ნაკლებობა (თრომბოციტოპენია). თუ ანემია მძიმეა, პაციენტს შეიძლება დაენიშნოს სპეციალური ზრდის ფაქტორები, მაგალითად, ერითროპოეტინი ან დარბეპოეტინი, რომლებიც ზრდის წითელი უჯრედების წარმოქმნას. გარდა ამისა, შესაძლოა ერითროციტული მასის გადასხმაც გახდეს საჭირო. მძიმე თრომბოციტოპენიის შემთხვევაში, სისხლდენის რისკის შესამცირებლად, პაციენტს თრომბოციტულ მასას უსხამენ.

ნეიტროპენიის დროს ინფექციების განვითარების რისკი მაღალია. ნეიტროფილების ნაკლებობის მქონე პაციენტისთვის სხეულის ტემპერატურის 38°C-ზე მეტად მომატება გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა ინფექციის არსებობაზე, შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების დანიშვნა ან ჰოსპიტალიზაციაც კი. სისხლის თეთრ უჯრედებს იშვიათად უსხამენ პაციენტებს, რადგან ისინი მხოლოდ რამდენიმე საათს ცოცხლობს და შეიძლება მრავალი გვერდითი მოვლენა გამოიწვიოს. ამის ნაცვლად შესაძლებელია ორგანიზმში ზოგი ნივთიერების, მაგალითად, გრანულოციტური კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორის, შეყვანა, რომელიც უჯრედების წარმოქმნას აძლიერებს.

სხვა ხშირი გვერდითი მოვლენები: ბევრ პაციენტს ლორწოვანი გარსების ანთება ან წყლულებიც კი უვითარდება, მაგალითად, პირის ღრუში. ისინი საკმაოდ მტკივნეულია და ჭამას აძნელებს. ამ შემთხვევაში ეფექტიანი შეიძლება იყოს გამოსავლები ხსნარები (ხშირად შეიცავენ ანტაციდს, ანტიჰისტამინს ან ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას). იშვიათად, პაციენტებს კვებაში დახმარებაც ესაჭიროებათ, კუჭში, წვრილ ნაწლავში ან ვენაში ჩადგმული მილით. სხვადახვა მედიკამენტს შეუძლია მუცლის ღრუს სხივური თერაპიით გამოწვეული ფაღართის შემსუბუქება.

ორგანოების დაზიანება და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები: ზოგჯერ ქიმიოთერაპიული საშუალებები სხვა ორგანოებსაც აზიანებს, სახელდობრ, ფილტვებს, გულს ან ღვიძლს. ანთრაციკლინები, მაღალი საერთო დოზით გამოყენებისას გულის დაზიანებას იწვევს.

ქიმიოთერაპიული საშუალებებით, განსაკუთრებით მაალკილირებელი ნაერთებით, მკურნალობის შემდეგ, პაციენტებს შორის ლეიკემიის განვითარების რისკი იმატებს რამდენიმე წლის შემდეგ. არის ისეთი წამლებიც, მათ შორის ზემოხსენებული ნაერთები, რომლებიც უშვილობას იწვევს ზოგჯერ ქალებში, ხშირად – მამაკაცებში.