პრევენცია (საფუძვლები) | მკურნალი.გე
  1. პრევენცია (საფუძვლები)
  2. საფუძვლები
პრევენცია (საფუძვლები)

ტრადიციულად, სამედიცინო მომსახურება ფოკუსირებულია ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე იმ პრობლემების იდენტიფიცირებისა და მკურნალობის გზით, რომლებიც უკვე გამოვლინდა ამა თუ იმ სიმპტომის ან გართულების სახით. მითითებულისგან განსხვავებით, პრევენციული მედიცინის მიზანია დაავადებების თავიდან აცილება, აგრეთვე, დაავადების დიაგნოსტირება მისი განვითარების ადრეულ სტადიაზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი სიმპტომები ან გართულებები, ჯერ კიდევ მაღალია გამოჯანსაღების ალბათობა. სათანადოდ განხორციელებული პრევენცია აუმჯობესებს საყოველთაო ჯანმრთელობას და ამცირებს დანახარჯებს ჯანდაცვაზე.

პრევენციის ზოგადი მიზანია ადამიანის ავად გახდომის ან ქმედუნარიანობის დაქვეითების, ან უდროოდ სიკვდილის ალბათობის შემცირება. პრევენციული სამედიცინო ღონისძიებები არ არის ერთ თარგზე მოჭრილი. პრევენციის სპეციფიკური მიზნები დამოკიდებულია ინდივიდის მახასიათებლებზე და გამიზნულია მისთვის. სპეციფიკურ მიზნებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის რისკების პროფილი, ანუ რამდენად აქვს პირს რისკი, განუვითარდეს დაავადება, რომლის საფუძველია ისეთი ფაქტორები როგორიცაა ასაკი, სქესი, გენეტიკური თავისებურებები, ცხოვრების წესი, ფიზიკური და სოციალური გარემო. ფაქტორებს, რომელნიც ზრდიან ავად გახდომის ალბათობას, ეწოდება რისკის ფაქტორები.

ზოგიერთი რისკის ფაქტორი არ ექვემდებარება კონტროლს. ასეთებია ასაკი, სქესი და ოჯახური ანამნეზი. სხვა რისკის ფაქტორები, როგორიცაა ადამიანის ცხოვრების წესი, ფიზიკური და სოციალური გარემო, შეიძლება შეიცვალოს, რაც ამცირებს დაავადებების განვითარების ალბათობას. გარდა ამისა, რისკი შეიძლება შემცირდეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით.

ახალშობილების, ბავშვების, ახალგაზრდების სამედიცინო მომსახურებაში ლომის წილი მოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ამოცნობასა და მათ პრევენციაზე (კონკრეტულად, ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვა). ამის მაგალითია ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების ადრეული ნიშნების ამოცნობაზე ყურადღების გამახვილება. ვაქცინაციების უდიდესი ნაწილი ბავშვობაში ტარდება. სამედიცინო პერსონალი კონსულტაციას უტარებს მშობლებს ბავშვებსა და მოზარდებს შორის უბედური შემთხვევების და დაზიანებების თავიდან ასაცილებლად.