1. სეზონური ალერგიები
  2. ალერგიული რეაქციები
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
სეზონური ალერგიები

სეზონური ალერგია ჰაერში არსებულ ნივთიერებებზე (მაგალითად, მცენარის მტვერზე) ვითარდება, მხოლოდ წლის გარკეულ პერიოდში.

  • სეზონური ალერგია იწვევს კანის ქავილს, სურდოს, თვალების დაწყლიანებასა და ჩასისხლიანებას, ცემინებას;

  • დიაგნოზს ადასტურებს სიმპტომების სეზონურობა. კანის სინჯებით ალერგიის გამომწვევის დადგენაა შესაძლებელი;

  • ანტიჰისტამინური, შეშუპების საწინააღმდეგო წამლები და კორტიკოსტეროიდი შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს სიმპტომების შესამსუბუქებლად.

სეზონური ალერგია (თივის ცხელებას უწოდებენ) გავრცელებული პათოლოგიაა. ის წელიწადის მხოლოდ გარკვეულ დროს, სახელდობრ, გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე ვითარდება, იმის მიხედვით, თუ რაზე აქვს პაციენტს ალერგია. სიმპტომები, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ცხვირის ამომფენ მემბრანას ალერგიული სურდოს სახით ან ქუთუთოების ამომფენ მემბრანას და კონიუნქტივას, ალერგიული კონიუნქტივიტის სახით.

ტერმინი თივის ცხელება გარკვეულად დამაბნეველია, რადგან მხოლოდ ზაფხულში, თივის შეგროვებისას არ ვითარდება სიმპტომები და, გარდა ამისა, არც ცხელება ახასიათებს. თივის ცხელება არის რეაქცია მცენარის მტვერსა და ბალახზე. თივის ცხელების გამომწვევი მცენარის მტვერი განსხვავებულია სეზონის მიხედვით:

  • გაზაფხული: ხეები (როგორიცაა მუხა, თელა, ნეკერჩხალი, მურყანი, არყი, ღვია და ზეთისხილი)

  • ზაფხული: ბალახები (ბერმუდა, ტიმოთი, გაზაფხულის ტკბილი, ხეხილის ბაღი და ჯონსონის ბალახი) და სარეველა (რუსული ბრტყელეკალა და ინგლისური მრავალძარღვა)

  • შემოდგომა: ამბროზია

ისიც აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მცენარის მტვერი სხვადასხვა დროს განსხვავებულად არის ჰაერში შეწონილი. შეერთებული შტატების დასავლეთში დეკემბრიდან მარტამდე ხის მტვრის ძირითადი წყარო მთის კედარია (ღვია). მშრალ სამხრეთ-დასავლეთში ბალახების დამტვერვა გაცილებით დიდხანს გრძელდება და შემოდგომაზე თივის ცხელება შეიძლება სარეველებმა გამოიწვიოს, სახელდობრ, მწარე აბზინდამ და რუსულმა ბრტყელეკალამ. ადამიანს შესაძლოა რეაქცია ჰქონდეს ერთი ან მეტი მცენარის მტვერზე. ამდენად, ალერგიის სეზონი ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე შეიძლება გაგრძელდეს. სეზონურ ალერგიას იწვევს სოკოს სპორებიც, ჰაერში გაფანტული ხანგრძლივი დროის განმავლობაში – გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე.

ალერგიული კონიუქტივიტი მაშინ ვითარდება, თუ მცენარის მტვერს უშუალო კონტაქტი აქვს თვალთან.

სიმპტომები

თივის ცხელება იწვევს ცხვირის, სასის, ყელის და თვალების ქავილს. ქავილი შეიძლება დაიწყოს თანდათანობით ან მოულოდნელად. ცხვირიდან გამოიყოფა გამჭვირვალე, წყლისებრი გამონადენი, ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია. ბავშვებში ცხვირის გაჭედვამ შესაძლოა, ყურის ინფექცია გამოიწვიოს. ცხვირის ლორწოვანი შეშუპებულია და მოლურჯო-მოწითალო ფერისაა.

დანამატი წიაღებიც შეიძლება გაიჭედოს, რაც თავის ტკივილს იწვევს. ხშირია ცემინება.

პაციენტი თვალცრემლიანია, აქვს ქავილი. თვალის თეთრი ნაწილი წითლდება და შუპდება. ქუთუთოებიც გაწითლებული და შეშუპებულია. ლინზებმა შეიძლება თვალები უფრო მეტად გააღიზიანოს.

სხვა სიმპტომებია ხველა, ცემინება და გაღიზიანებადობა. ზოგიერთი პაციენტი დეპრესიული ხდება, მადას კარგავს, ცუდად სძინავს.

სიმპტომების სიმძიმე სეზონის მიხედვით ცვალებადობს.

ალერგიულ რინიტს ხშირად თან ახლავს ასთმა, რაც მსტვინავ ხიხინს იწვევს. მიზეზი შეიძლება იგივე ანტიგენები იყოს, რომლებიც ალერგიულ რინიტსა და კონიუქტივიტს იწვევს.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებისა და მათი აღმოცენების გარემოებების, სახელდობრ, სეზონურობის შეფასებას. ეს უკანასკნელი ექიმს ალერგენის დადგენაშიც ეხმარება.

ცხვირიდან გამონადენში ეოზინოფილების შემცველობა უნდა იქნეს გამოკვლეული (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი, რომელიც ალერგიული რეაქციის დროს ძალიან დიდი რაოდენობით წარმოიქმნება). კანის სინჯი შესაძლოა დაეხმაროს ექიმს დიაგნოზის დადასტურებასა და ალერგენის დადგენაში.

მკურნალობა

ცხვირის სიმპტომები: ძირითადად ანტიჰისტამინური წამლები გამოიყენება. ცხვირის დახშობის დროს ანტიჰისტამინურ წამლებთან ერთად ზოგჯერ შეიძლება დასალევად მიეცეს შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტი, მაგალითად, ფსევდოეფედრინი. ანტიჰისტამინური და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების მრავალი კომბინაცია არსებობს – ერთ ტაბლეტში გაერთიანებული. მაღალი წნევის მქონე პირებმა შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა მიიღონ. ურეცეპტოდ გასაცემი შეშუპების საწინააღმდეგო ცხვირის წვეთების ან აეროზოლის გამოყენება მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება, რადგან ერთი კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში მისი ხმარება აუარესებს და ახანგრძლივებს ცხვირის დახშობას. ეს რეაქცია, რომელიც მოხსნის ეფექტის სახელითაა ცნობილი, ქრონიკულ დახშობას იწვევს. ანტიჰისტამინებს სხვა გვერდითი ეფექტიც აქვს, მაგალითად, ანტიქოლინერგული. ეს უკანასკნელი გულისხმობს ძილიანობას, პირის სიმშრალეს, მხედველობის დაბინდვას, შარდვის გაძნელებას, ცნობიერების დაბინდვას და თავბრუხვევას.

ეფექტურია ცხვირში შესასხურებელი კორტიკოსტეროიდიც. ის შეიძლება დაინიშნოს ანტიჰისტამინური მედიკამენტის ნაცვლად ან მასთან ერთად. მათ უმრავლესობას უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები აქვს, თუმცა, შეიძლება ცხვირიდან სისხლდენა და ცხვირის სიმშრალე გამოიწვიოს.

ზოგჯერ სხვა წამლების გამოყენებაა საჭირო. ქრომოლინი ინიშნება როგორც ცხვირში შესასხურებელი და შეიძლება ეფექტიანი გამოდგეს სურდოს დროს. მისი რეგულარულად გამოყენება შედეგიანია.ზოგჯერ სასარგებლოა აზელასტინი (ანტიჰისტამინური) და იპრატროპიუმი. ორივე ცხვირში შესასხურებელია, გაიცემა რეცეპტით. გასათვალისწინებელია, რომ ამ ორ წამალსაც, პერორალურად მისაღები ანტიჰისტამინური პრეპარატების მსგავსად, აქვს ხოლმე ანტიქოლინერგული ეფექტი, ძირითადად ძილიანობა.

მონტელუკასტი, ლეიკოტრიენის მოდიფიკატორი, ანთებას ამცირებს და შვებას ჰგვრის პაციენტს სურდოს დროს. თუმცა, დაუდგენელია, არის თუ არა ის საუკეთესო საშუალება. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სხვა მეთოდები უეფექტოა, ინიშნება ომალიზუმაბი. ეს წამალი უკავშირდება იმუნოგლობულინ E-ს, ანტისხეულს, რომელიც ალერგიული რეაქციების დროს დიდი რაოდენობით გამომუშავდება. მონტელუკასტი და ომალიზუმაბი რეცეპტით გაიცემა.

თბილი მარილიანი წყლით (ფიზიოლოგიური ხსნარით) ცხვირის დანამატი წიაღების რეგულარული გამორეცხვა ამცირებს ლორწოს, ატენიანებს ცხვირის ამომფენ გარსებს. ამ მეთოდს ცხვირის დანამატი წიაღის ირიგაცია ეწოდება.

თუ მკურნალობის ეს საშუალებები უეფექტოა, ინიშნება სტეროიდი დასალევად ან ინექციის სახით, მცირე ხნის განმავლობაში (ჩვეულებრივ 10 დღით). დასალევი ან საინექციო კორტიკოსტეროიდის უფრო დიდხანს მიღებამ შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.

თვალის სიმპტომები: თვალის გამოსარეცხი წვეთების (როგორიცაა ხელოვნური ცრემლი) გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს გაღიზიანება. საჭიროა ყველა იმ ნივთიერების მოშორება, რამაც ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს. კონიუნქტივიტის დროს თვალის ლინზების გამოყენება არ შეიძლება.

ეფექტიანია ანტიჰისტამინური წამლისა და ისეთი ნივთიერებების შემცველი თვალის წვეთები, რომლებიც სისხლძარღვებს ავიწროებს. ასეთი თვალის წვეთები ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა, რეცეპტით გასაცემ თვალის წვეთებთან შედარებით, ის შესაძლოა ნაკლებად სასარგებლო აღმოჩნდეს და გვერდითი ეფექტებიც უფრო მეტი ჰქონდეს. ქრომოლინის შემცველი თვალის წვეთები, რომელიც რეცეპტით გაიცემა, უფრო კონიუნქტივიტის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება, ვიდრე სამკურნალოდ. ეს წვეთები იმ შემთხვევებში იხმარება, როცა ალერგენთან კონტაქტია მოსალოდნელი. თუ სიმპტომები ძალიან მძიმეა, შეიძლება რეცეპტით გასაცემი კორტიკოსტეროიდების შემცველი თვალის წვეთებით მკურნალობა. თვალის წვეთების ხმარების დროს წნევის მომატებისა და ინფექციის განვითარების დროულად აღმოსაჩენად აუცილებელია ოფთალმოლოგის რეგულარული მეთვალყურეობა.

ალერგენით იმუნოთერაპია: ზოგჯერ, მკურნალობის სხვა მეთოდების უეფექტობის შემთხვევაში, კარგ შედეგს იძლევა ალერგენით იმუნოთერაპია. ეს უკანასკნელი შემდეგ შემთხვევებში ტარდება:

  • თუ სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული

  • თუ რინიტისა და კონიუნქტივიტის სამკუნალო წამლები უეფექტოა

  • თუ ასთმა ვითარდება

ალერგენით იმუნოთერაპია, თივის ცხელების შემთხვევაში, მცენარის მტვრის სეზონის დასრულების შემდეგ იწყება, მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად. სეზონის პერიოდში დაწყების შემთხვევაში იმუნოთერაპიას მეტი გვერდითი ეფექტები აქვს, რადგან ალერგენები იმუნურ სისტემას ააქტიურებს. იმუნოთერაპია მაქსიმალურად ეფექტურია, როცა ის მთელი წლის განმავლობაში გრძელდება.