ალერგია მთელი წლის განმავლობაში | მკურნალი.გე
  1. ალერგია მთელი წლის განმავლობაში
  2. ალერგიული რეაქციები
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
ალერგია მთელი წლის განმავლობაში

ალერგია მთელი წლის განმავლობაში (მრავალი წლის მანძილზე) გამოწვეულია ჰაერში გამუდმებით, წელიწადის დროის მიუხედავად, არსებულ ნივთიერებებთან (მაგალითად, ოთახის მტვერი) კონტაქტით.

  • ცხვირი გაჭედილია, აღინიშნება ქავილი და ზოგჯერ გამონადენი; ქავილი პირისა და ყელის არეშიც;

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს და ალერგიის მაპროვოცირებელი გარემოებების შეფასებას;

  • საუკეთესო საშუალებაა ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა, თუმცა, წამლები, როგორიცაა ანტიჰისტამინური პრეპარატები, სიმპტომებს ამცირებს.

მრავალწლიანი ალერგია წლის ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს, სეზონისგან დამოუკიდებლად; შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდეს.

მრავალწლიანი ალერგია ხშირად ოთახის მტვერზე ვითარდება. ოთახის მტვერი შეიძლება შეიცავდეს ობისა და სოკოს სპორებს, ქსოვილის ბოჭკოებს, ცხოველის ქერცლს, მტვრის ტკიპას და მწერის ნაწილაკებს. ხშირად ალერგიული სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს თავად ტარაკანამ ან მის ზედაპირზე არსებულმა ნივთიერებებმა. ეს ნივთიერებები საცხოვრებელში მთელი წლის განმავლობაშია, თუმცა სიმპტომები უფრო მკვეთრად არის გამოხატული ზამთრის თვეებში, როცა ადამიანი შინ მეტ დროს ატარებს.

მრავალწლიანი ალერგიისთვის დამახასიათებელია ცხვირისმიერი (ალერგიული რინიტი) და არა თვალებთან დაკავშირებული (კონიუნქტივიტი) სიმპტომები. თუმცა, კონიუნქტივიტი შეიძლება განვითარდეს, თუ გარკვეული ნივთიერებები შემთხვევით ან გამიზნულად მოხვდება თვალში. ეს ნივთიერებები შეიძლება იყოს თვალის დაავადების სამკურნალო წამალი, კოსმეტიკური საშუალებები, როგორიცაა თვალის ფანქარი ან სახის პუდრი, თმის საღებავი. საკონტაქტო ლინზის საწმენდმა სითხემ შეიძლება ქიმიური ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

სიმპტომები და დიაგნოზი

ყველაზე ხშირი სიმპტომია ცხვირის გაჭედვა. ცხვირიდან გამოიყოფა გამჭვირვალე, წყლისებრი გამონადენი. აღინიშნება ქავილი ცხვირში, სასაზე და ყელის უკანა კედელზე. ქავილი შეიძლება თანდათან განვითარდეს ან უეცრად დაიწყოს. ხშირია ცემინება.

შეიძლება შეშუპდეს ევსტაქის მილი, რომელიც შუა ყურს ცხვირის უკანა ნაწილთან აკავშირებს. ამის შედეგად, განსაკუთრებით ბავშვებში, სმენა ქვეითდება. ბავშვებში ხშირია ყურის ქრონიკული ანთება. ზოგ ადამიანს აქვს დანამატი წიაღის მორეციდივე ინფექციები (ქრონიკული სინუსიტი), გამონაზარდები ცხვირში (ცხვირის პოლიპები). თუ თვალებიც დაზიანდა, აღინიშნება თვალიდან გამონადენი და ქავილი. თვალები დაწითლებულია. ქუთუთოებიც შეიძლება გაწითლდეს და შეშუპდეს.

მრავალწლიანი ალერგიის მქონე ბევრ ადამიანს ასთმაც აქვს, რაც სავარაუდოდ, იმავე ალერგენით არის გამოწვეული, რომელმაც რინიტი და ალერგიული კონიუნქტივიტი გამოიწვია.

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს და იმ გარემოებების შეფასებას, რომლებშიც სიმპატომები აღმოცენდება (მაგალითად, კატის მოფერება).

პრევენცია

რეკომენდებულია, შეძლებისამებრ, ალერგენთან კონტაქტისთვის თავის არიდება, რაც სიმპტომების თავიდან აცილების ალბათობას ზრდის.

ოთახის ალერგიის შემთხვევაში სიმპტომების პრევენცია ან შემცირება შესაძლებელია გარემოში განხორციელებული გარკვეული ცვლილებებით:

  • მტვრის შემაკავებელი ელემენტების, როგორიცაა სამშვენისები, გაზეთები და წიგნები, მოშორება

  • რბილი ავეჯის მოშორება ან მტვერსასრუტით ხშირი წმენდა

  • ფარდების შეცვლა ჟალუზებით

  • ხალიჩების მოშორება ან მათი ჩანაცვლება ფარდაგით

  • ლეიბებისა და ბალიშების დაფარვა ისეთი ბოჭკოიანი ქსოვილით, რომელშიც ვერ შეაღწევს მტვრის ტკიპა და ალერგენის ნაწილაკები

  • სინთეზურბოჭკოიანი ბალიშების გამოყენება

  • ოთახებში მტვრის ხშირი წმენდა და სველი წესით დალაგება

  • სახლში ტენიანობის შესამცირებლად კონდიციონერებისა და გამაშრობლების გამოყენება, რადგან მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს მტვრის ტკიპების გამრავლებას

  • მაღალეფექტური ჰაერის ფილტრის დაყენება

ცხოველის ქერცლზე ალერგიის არსებობის შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს ცხოველის შესვლა ოთახებში; თუ შესაძლებელია, ცხოველი სახლს გარეთ უნდა იყოს დაბინავებული. სასურველია კვირაში ერთხელ ცხოველის დაბანა.

მკურნალობა

გამოიყენება იგივე წამლები, რაც სეზონური ალერგიის დროს. ესენია ანტიჰისტამინური პრეპარატები, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები და კორტიკოსტეროიდები.

ქრონიკული სინუსიტისა და ცხვირის პოლიპების არსებობისას ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა დანამატი წიაღის დრენაჟის გასაუმჯობესებლად და ინფექციის კერის მოსაცილებლად ან პოლიპების მოსაკვეთად, ქირურგიულ ჩარევამდე და მის მერე კარგი ეფექტი აქვს თბილი მარილიანი წყლით (ფიზიოლოგიური ხსნარი) წიაღების რეგულარულ გამორეცხვას. ამ მეთოდს დანამატი წიაღის ირიგაცია ეწოდება.