1. საკვებისმიერი ალერგია
  2. ალერგიული რეაქციები
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
საკვებისმიერი ალერგია

საკვებისმიერი ალერგია არის ალერგიული რეაქცია გარკვეულ საკვებზე.

  • საკვებისმიერი ალერგია, ჩვეულებრივ, ვითარდება ნიგოზზე, არაქისზე, მოლუსკებზე, თევზზე, რძეზე, კვერცხზე, ხორბალსა და სოიაზე;

  • სიმპტომები ცვალებადია პაციენტის ასაკის მიხედვით, მოიცავს გამონაყარს, მსტვინავ ხიხინს, ცხვირიდან გამონადენს; მოზრდილებში ზოგჯერ უფრო მძიმედ არის გამოხატული;

  • ალერგიის გამომწვევი საკვების იდენტიფიცირებას ექიმი ახდენს კანის პრიკტესტების (ჩხვლეტითი ტესტები), სისხლის ანალიზისა და საკვების ელიმინაციის მეთოდის გამოყენებით;

  • დიეტიდან საკვების ელიმინაცია მკურნალობის ერთადერთი ეფექტიანი საშუალებაა.

ალერგიული რეაქცია სხვადასხვა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს. ამასთან რეაქცია შეიძლება მძიმე იქნეს, ზოგჯერ ანაფილაქსიური შოკიც კი განვითარდეს. საკვებისმიერი ალერგია შესაძლოა ბავშვობაში დაიწყოს. ის ყველაზე ხშირად იმ ბავშვებს შორის გვხვდება, ვის მშობლებსაც საკვებისმიერი ალერგია, ალერგიული რინიტი ან ალერგიული ასთმა აქვთ. საკვებისმიერი ალერგიის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ალერგია უხშირესად კვერცხზე, რძეზე, ხორბალზე, არაქისსა და სოიაზე აქვთ. ალერგიის პრევენციის მიზნით ბევრი მშობელი არ აძლევს ბავშვებს ამ პროდუქტებს, თუმცა ახალი მტკიცებულებები ასეთ მიდგომას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მასზე პასუხის გასაცემად შემდგომი კვლევებია საჭირო. უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებს შორის ალერგიას უფრო მეტად თხილი და ზღვის პროდუქტები იწვევს. ბავშვებს ასაკის მატებასთან ერთად ალერგია შეიძლება გაუქრეთ. ამდენად, მოზრდილებს შორის საკვებისმიერი ალერგია ნაკლებად ხშირია. ამავე დროს, თუ მოზრდილს აქვს საკვებისმიერი ალერგია, ის მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.

საკვებისმიერ ალერგიას უკავშირებენ ზოგჯერ ისეთი მდგომარეობების განვითარებას, როგორიცაა ჰიპერაქტიურობა ბავშვებში, ქრონიკული დაღლილობა, ართრიტი, ფიზიკური სისუსტე და დეპრესია. თუმცა, ამ კავშირების არსებობა არ არის დადასტურებული.

საკვებზე განვითარებული ზოგიერთი რეაქცია არ არის ალერგიული ბუნების. მაგალითად, საკვების აუტანლობა ალერგიისგან იმითი განსხვავდება, რომ მასში იმუნური სისტემა არ მონაწილეობს. ამ დროს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიმდინარე მოვლენების შედეგად ირღვევა საკვების მონელება. მაგალითად, ზოგ ადამიანს არ აქვს ფერმენტი, რომელიც რძის შაქარს გადაამუშავებს. საკვებზე განვითარებული სხვა რეაქციები შესაძლოა დაბინძურებული ან გაფუჭებული საკვების მიღებით აიხსნას.

ზოგჯერ საკვების დანამატები იწვევს ალერგიულის მსგავს რეაქციას. მაგალითად, ნატრიუმის გლუტამატი, ზოგიერთი კონსერვანტი (როგორიცაა მეტაბისულფიტი) და საღებავი (როგორიცაა ტარტრაზინი, ყვითელი საღებავი, რომელიც გამოიყენება ტკბილეულში, უალკოჰოლო სასმელებსა და სხვა საკვებში) იწვევს ასთმის და თივის ცხელების მსგავს სიმპტომებს. მსგავსად ამისა, ზოგიერთი საკვები, მაგალითად, ყველი, ღვინო და შოკოლადი, შეიძლება შაკიკის მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინოს.

სიმპტომები

ახალშობილებში საკვებისმიერი ალერგიის პირველი სიმპტომები შეიძლება იყოს ეგზემა (ატოპიური დერმატიტი) ან ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი. გამონაყარს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა, ღებინება და დიარეა. 1 წლის ასაკისთვის გამონაყარი ნაკლები სიხშირით აღინიშნება, თუმცა ალერგიის გამომწვევი საკვების მიღებისას ბავშვებს ეწყებათ ხიხინი, ქოშინი ან ცხვირიდან გამონადენი. დაახლოებით 10 წლის ასაკში ყველაზე ხშირად რძეზე, უფრო იშვიათად კვერცხსა და არაქისზე საკვებისმიერი ალერგიის ინტენსიურობა სუსტდება. საკვებისმიერი ალერგიის შესუსტების პარალელურად ვითარდება ალერგია (ასთმა და თივის ცხელება) ჰაერში შეწონილ ნივთიერებებზე.

საკვებისმიერი ალერგია მოზრდილებს შორის იწვევს პირში ქავილს, ჭინჭრის ციებას, ეგზემას,ზოგჯერ ცხვირიდან გამონადენს და ასთმას. ამ დაავადების მქონეთა შორის საკვების ძალიან მცირე რაოდენობა შეიძლება გახდეს ძლიერი რეაქციის მიზეზი; შეიძლება გამონაყარი მთელ სხეულზე გავრცელდეს, ყელი შეშუპდეს, ჰაერგამტარი გზები შევიწროვდეს და სუნთქვა გაძნელდეს. ზოგჯერ ეს რეაქცია სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. მას ანაფილაქსიური რეაქცია ეწოდება.

ზოგ ადამიანს საკვებზე ალერგიული რეაქცია (განსაკუთრებით ხორბალსა და ნიახურზე) მხოლოდ იმ შემთხვევაში უვითარდება, როცა ჭამის დასრულებისთანავე ივარჯიშებს. ზოგისთვის ესა თუ ის საკვები შაკიკის მაპროვოცირებელი ან მისი მიმდინარეობის გაუარესების მიზეზია.

დიაგნოზი

საკვებისმიერ ალერგიაზე ეჭვი იბადება ადამიანის სამედიცინო ისტორიის მონაცემების საფუძველზე. დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ტარდება კანის ჩხვლეტითი სინჯი სხვადასხვა საკვების ექსტრაქტების გამოყენებით. თითოეული ექსტრაქტის წვეთი თავსდება კანზე, რომელიც წვეთის მოთავსების ადგილზე ნემსით იჩხვლიტება. საკვებზე კანის რეაქცია ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ადამიანს ამ საკვებზე აქვს ალერგია, თუმცა, თუ კანის რეაქცია არ არის გამოხატული, ალერგია ამ საკვებზე უნდა გამოირიცხოს. ალტერნატივის სახით შეიძლება ჩატარდეს რადიოალერგოსორბენტული ტესტი (რასტ); სისხლის ნიმუშში იზომება E იმუნოგლობულინი (IgE) – იმ ტიპის ანტისხეული, რომელიც სხვადასხვა ალერგენს უკავშირდება. თუ რომელიმე ამ ალერგენის საწინააღმდეგო IgE-ს დონე ძალიან მაღალია, ის უნდა ჩაითვალოს ალერგიის გამომწვევად.

თუ გამოკვლევის შედეგად რომელიმე კონკრეტულ საკვებზეა ეჭვი მიტანილი, დიაგნოზის დასადასტურებლად პროვოკაციული ტესტი გამოიყენება: ადამიანს აძლევენ სხვა საკვების, მაგალითად, რძის ან ვაშლის პიურეს ორ ულუფას: ერთში არის საეჭვო საკვები, მეორეში – არა. ექიმი აკვირდება, როგორ იღებს პაციენტი საკვებს:

  • თუ საეჭვო საკვების მიღებას სიმპტომების განვითარება არ მოჰყვება, ადამიანს ამ საკვებზე ალერგია არ აქვს;

  • თუ სიმპტომები საეჭვო საკვების მიღების შემდეგ განვითარდა და არა მეორე ულუფის მიღებისას, პაციენტს ამ საკვებზე აქვს ალერგია.

საკვებისმიერი ალერგიის იდენტიფიცირების მეორე გზაა ელიმინაციური დიეტა. ერთი კვირის განმავლობაში პირი წყვეტს იმ საკვების მიღებას, რომელმაც შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს. ექიმი პაციენტისთვის შეიმუშავებს დიეტას.ცდის პირმა უნდა მიიღოს მხოლოდ დიეტით განსაზღვრული საკვები და სითხეები, რომლებიც სუფთა პროდუქტებისგან არის მომზადებული. ასეთი დიეტის დაცვა არ არის იოლი, რადგან ბევრი პროდუქტი ისეთ ინგრედიენტს შეიცავს, რომლის არსებობაც საკვებში თვალსაჩინო არ არის და მოულოდნელია. მაგალითად, ჭვავის პური ხშირად შეიცავს ხორბლის ფქვილს. არ შეიძლება რესტორანში კვება, რადგან ექიმმა და პაციენტმა ყველა კერძში შემავალი ინგრედიენტებიუნდა იცოდეს. სიმპტომების არარსებობისას დიეტას თითო საკვები პროდუქტი ემატება. ყოველ დამატებულ პროდუქტს პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში ან სიმპტომების გამოჩენამდე იღებს და ამ გზით ხდება ალერგენის იდენტიფიცირდება. ექიმმა შეიძლება შესთავაზოს პაციენტს საკვები მცირე რაოდენობით მიიღოს მის ოფისში; ექიმი აკვირდება საკვებზე რეაქციას.

მკურნალობა

საკვებისმიერი ალერგიის მქონე პირმა კვების რაციონიდან უნდა გამორიცხოს ის საკვები, რომელიც ალერგიას იწვევს.

არაეფექტურია დესენსიბილიზაცია, რომელიც გულისხმობს ჯერ საკვების ელიმინაციას, შემდეგ კი მისი მცირე რაოდენობის მიღებას ან ენის ქვეშ საკვების ექსტრაქტის მოთავსებას.

ანტიჰისტამინური წამლები მხოლოდ ჭინჭრის ციების ან შეშუპების მოსახსნელად გამოიყენება. სიმპტომები შეიძლება შეამციროს ქრომოლინის მიღებამ. ქრომოლინის ეს ფორმა მხოლოდ რეცეპტით გაიცემა.

მძიმე საკვებისმიერი ალერგიის შემთხვევაში ადამიანს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს ანტიჰისტამინური მედიკამენტი, რომელიც რეაქციის პირველი ნიშნების გამოჩენისთანავე უნდა მიიღოს. მას ასევე თან უნდა ჰქონდეს ეპინეფრინის ავტოინექტორიც, მძიმე რეაქციის შემთხვევაში გამოსაყენებლად.