ფიზიკური ალერგია | მკურნალი.გე
  1. ფიზიკური ალერგია
  2. ალერგიული რეაქციები
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
ფიზიკური ალერგია

ფიზიკური სტიმულით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციას ფიზიკური ალერგია ეწოდება.

ფიზიკური ალერგია სხვა ალერგიებისგან იმით განსხვავდება, რომ მას ფიზიკური სტიმული იწვევს. ფიზიკური სტიმულებია:

  • სიცივე

  • მზის გამოსხივება

  • სიცხე ან სხვა ისეთი სტიმული, რომელიც ოფლიანობას იწვევს (როგორიცაა ემოციური სტრესი ან ვარჯიში)

  • ვიბრაცია

  • მცირე დაზიანება (მაგალითად, ფხანის შედეგად)

  • ფიზიკური ზეწოლა

ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები მხოლოდ ფიზიკური სტიმულის საპასუხოდ უვითარდება, ზოგს კი, ვისაც სხვა სახის ალერგია აქვს, ფიზიკური სტიმულის შემდეგ სიმპტომები გაუუარესდება ხოლმე.

არ არის ცნობილი, რა იწვევს ამ სახის ალერგიის განვითარებას. ერთი თეორიის თანახმად, ფიზიკური სტიმული კანში ცილების ცვლილებას იწვევს. იმუნური სისტემა შეცდომით ამ ცილას უცხოდ აღიქვამს და თავს ესხმის მას. ამისი მაგალითია ზემგრძნობელობა მზის გამოსხივების მიმართ (ფოტოსენსიტიურობა). ულტრაიისფერი გამოსხივება კანში ცვლის ცილებს, ისინი უცხოდ აღიქმება და მათზე შეტევა ხორციელდება. ფოტოსენსიტიურობას ზოგჯერ იწვევს წამალი (როგორიცაა ანტიბიოტიკები), ზოგი კოსმეტიკური საშუალება (როგორიცაა კანის კრემი, ლოსიონი და ზეთები) ან სხვა ნივთიერებები.

სიცივის მიმართ მგრძნობიარე ზოგიერთ ადამიანს სისხლში შეცვლილი ცილები (ეწოდება კრიოგლობულინი ან კრიოფიბრინოგენი) აქვს. ასეთი ცილების არსებობა ზოგჯერ სერიოზული დაავადების – კიბოს, შემაერთებელქსოვილოვანი დაზიანების ან ქრონიკული ინფექციის – არსებობაზე მიუთითებს.

სიმპტომები

ყველაზე ხშირი სიმპტომებია: ქავილი, კანზე ლაქები, ჭინჭრის ციება და კანქვეშა შეშუპება. სიმპტომები ფიზიკური სტიმულის ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთში ვითარდება.

როდესაც სითბოს მიმართ მგრძნობიარე ადამიანი სითბოს ზეგავლენას განიცდის ან ისეთ აქტივობას ასრულებს, რომელიც ოფლიანობას იწვევს, მას ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი უვითარდება, რომელიც წითელი რგოლებით არის შემოსაზღვრული და ქავილი ახასიათებს. ამ მდგომარეობას ქოლინერგული ურტიკარია ეწოდება.

როცა სიცივის მიმართ მგრძნობიარე ადამიანი ცივ გარემოში ხვდება, მას უვითარდება ჭინჭრის ციება, ასთმა, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედვა ან ანგიოედემა. იშვიათად შეიძლება ანაფილაქსიური რეაქცია განვითარდეს.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და მათ აღმოცენებასთან დაკავშირებული გარემოებების ანალიზს. სიცივით გამოწვეული რეაქციების დასადგენად ექიმი პაციენტს კანზე ადებს ყინულის ნატეხს 4 წუთის განმავლობაში და მისი აღების შემდეგ ჭინჭრის ციებისთვის დამახასიათებელი მოვლენების განვითარებას აკვირდება. ადამიანებს შეიძლება მიეცეს რჩევა, შეწყვიტონ კოსმეტიკური საშუალებების და კანის კრემების, ლოსიონებისა და ზეთების გამოყენება, რათა დადგინდეს, რომელი მათგანი იწვევს ალერგიის სიმპტომების გაუარესებას.

მკურნალობის საუკეთესო მეთოდია იმ ფაქტორთან კონტაქტის შეწყვეტა, რომელიც ფიზიკურ ალერგიას იწვევს. მაგალითად, ვისაც მაღალი მგრძნობელობა აქვს მზის გამოსხივებაზე, ის მაქსიმალურად უნდა ერიდოს მზეს და იხმაროს მზისგან დამცავი საშუალებები.

ანტიჰისტამინური წამალი, ჩვეულებრივ, ხსნის ქავილს. სიცივით გამოწვეული ჭინჭრის ციების დროს ყველაზე ეფექტურია ციპროჰეპტამინი, სითბოთი ან ემოციით გამოწვეულის დროს კი – ჰიდროქსიზინი.