1. ვარჯიშით გამოწვეული ალერგიული რეაქციები
  2. ალერგიული რეაქციები
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
ვარჯიშით გამოწვეული ალერგიული რეაქციები

ვარჯიშით გამოწვეული ალერგიული რეაქციები ვარჯიშის დროს ან შემდეგ ვითარდება.

ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს:

  • ასთმა: ვარჯიში ხშირად იწვევს ასთმის შეტევას იმ პირებში, ვისაც ასთმა აქვს. ზოგს შეტევა მხოლოდ ვარჯიშის დროს უვითარდება. ვარჯიშმა შეიძლება ასთმა გამოიწვიოს ან გააუარესოს, რადგან სუნთქვა სწრაფად აცივებს და აშრობს ჰაერგამტარ გზებს. ამის შემდეგ, გათბობასთან ერთად ეს გზები ვიწროვდება. ვარჯიშით გამოწვეული ასთმის შეტევა უფრო მოსალოდნელია ცივი და მშრალი ჰაერის პირობებში. პაციენტს აქვს შებოჭილობა გულმკერდის არეში, ხიხინი, ხველა და სუნთქვის გაძნელება.

  • ანაფილაქსიური რეაქცია: იშვიათად ძლიერმა ვარჯიშმა შესაძლებელია პოტენციურად მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) გამოიწვიოს. ზოგს ასეთი რეაქცია მხოლოდ მაშინ უვითარდება, თუ ვარჯიშის წინ გარკვეულ საკვებს მიიღებს. აღინიშნება სუნთქვის გაძნელება ან სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება, რაც თავბრუხვევასა და კოლაფსს იწვევს. ანაფილაქსიური რეაქცია შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.

ვარჯიშით გამოწვეული სიმპტომები – ასთმა ან ანაფილაქსიური რეაქცია – ენერგიული ვარჯიშის დაწყებიდან 5-10 წუთის შემდეგ ვითარდება. ხშირად სიმპტომები ვარჯიშის დასრულების შემდეგ იჩენს თავს.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს და მათ კავშირს ვარჯიშთან. დიაგნოზისთვის ექიმი ვარჯიშის ტესტს იყენებს. ამ ტესტის დროს ფილტვების ფუნქციას აფასებენ სარბენ ბილიკზე ან სტაციონარულ ველოსიპედზე ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ.

მკურნალობა

ვარჯიშით გამოწვეული ასთმის მქონე პირთა მკურნალობის მიზანია ვარჯიშის შესაძლებლობის აღდგენა შეტევის განვითარების გარეშე. ფიზიკურმა გაჯანსაღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ვარჯიშის დროს სიმპტომების შემსუბუქებას. ბეტა-ადრენერგული მედიკამენტების მიღება (რომლებიც ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება) ვარჯიშის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ხშირად თრგუნავს რეაქციას. შესაძლოა ეფექტიანი აღმოჩნდეს ქრომოლინის ინჰალაცია.

ასთმის მქონე პაციენტების მიერ ასთმის კონტროლისთვის გამოყენებული წამლების მიღება ხშირად ვარჯიშით გამოწვეული სიმპტომების თავიდან აცილებას ხდის შესაძლებელს. ასთმის სამკურნალო პრეპარატების მიღების ფონზე ვარჯიშის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის თანდათანობითი გაზრდა ასთმის მქონე ზოგიერთ პაციენტში ზრდის ტოლერანტობას ვარჯიშის მიმართ.

თუ პაციენტს ჰქონდა ვარჯიშით ინდუცირებული ანაფილაქსიური რეაქცია, ის უნდა ერიდოს ისეთ დატვირთვას, რომელიც შეტევას იწვევს. თუ სიმპტომებს ვარჯიშამდე გარკვეული საკვების მიღება იწვევს, ასეთი პირები ვარჯიშის დაწყებამდე საკვების მიღებას უნდა მოერიდონ. მათ ყოველთვის თან უნდა იქონიონ ეპინეფრინის ავტოინექტორი. რეკომენდებულია ვარჯიში სხვებთან ერთად.