ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება | მკურნალი.გე
  1. ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება
  2. ალერგიული რეაქციები
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება

ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, კანისმხრივი რეაქციაა, რომელსაც ახასიათებს წითელი არშიით გარშემორტყმული და მკვეთრად შემოსაზღვრული, უფერული, კანის ზედაპირს ოდნავ აცილებული შეშუპება (ბუშტუკი).

ანგიონევროზული შეშუპება არის კანქვეშა ქსოვილის დიდი ფართის შეშუპება, რომელიც ზოგჯერ სახესა და ყელზეა გამოხატული.

  • ხშირად გამოწვეულია მწერის ნაკბენით ან დანესტვრით, აგრეთვე საკვებით, როგორიცაა კვერცხი, მოლუსკი, არაქისი და კაკალი;

  • ჭინჭრის ციებას ახასიათებს ქავილი. ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება მოიცავდეს სახეს, ყელსა და ჰაერგამტარ გზებს;

  • მწერის კბენაზე ან დანესტვრაზე რეაქციის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია;

  • მსუბუქი სიმპტომები შეიძლება მოიხსნას ანტიჰისტამინური წამლებით, მაგრამ თუ ანგიონევროზული შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას იწვევს, გადაუდებელი დახმარებაა საჭირო.

ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება ერთდროულად განვითარდეს და მძიმედ მიმდინარეობდეს. ძირითადი გამომწვევებია წამლები, მწერის დანესტვრა და კბენა, ალერგენების ინექციები (ალერგენით იმუნოთერაპია) და ზოგიერთი საკვები, სახელდობრ, კვერცხი, თევზი, მოლუსკი, კაკალი და ხილი. ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება ზოგჯერ შეიძლება უეცრად, გარკვეული საკვების ძალიან მცირე რაოდენობით მიღებისთანავე განვითარდეს. სხვა საკვების შემთხვევაში (როგორიცაა მარწყვი), ასეთი რეაქციები მხოლოდ დიდი რაოდენობით გამოყენების შემდეგ ვითარდება. ჭინჭრის ციება შეიძლება განვითარდეს ისეთი ვირუსული ინფექციების დროსაც, როგორიცაა ჰეპატიტი, ინფექციური მონონუკლეოზი და გერმანული წითელა.

ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება იყოს ქრონიკული, კვირებისა და თვეების მანძილზე მორეციდივე მიმდინარეობით. უმეტეს შემთხვევაში სპეციფიკური მიზეზის დადგენა არ ხერხდება. გამომწვევი შეიძლება იყოს უნებლიეთ მიღებული ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა პენიცილინი რძეში ან კონსერვანტი, ან საღებავი საკვებში. ჭინჭრის ციება ხშირად უვითარდებათ აუტოიმუნური თიროიდული პათოლოგიის მქონე პირებს. ქრონიკული ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება გამოწვიოს ასპირინმა და სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა. ჭინჭრის ციების გარეშე განვითარებული ქრონიკული ანგიონევროზული შეშუპება შეიძლება მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპების გამოვლინება იყოს.

სიმპტომები

ჭინჭრის ციება ქავილით იწყება, ამის შემდეგ სწრაფად ვითარდება შეშუპება. შეშუპება, ჩვეულებრივ, მცირე ზომის (1,3 სმ) ფართობზეა გამოხატული. დიდი ზომის შეშუპებებს (დაახლოებით 10,2 სმ) მკრთალი ფერის ცენტრის მქონე წითელი რგოლის შესახედაობა აქვს. შეშუპებები, როგორც წესი, ჩნდება და ქრება. ერთი ლაქა რამდენიმე საათი რჩება, შემდეგ ქრება და მოგვიანებით სხვა ადგილზე მეორე ჩნდება. შეშუპებების გაქრობის შემდეგ კანი სრულიად ნორმალურად გამოიყურება.

ანგიონევროზულმა შეშუპებამ შეიძლება მოიცვას ხელები, ფეხები, ქუთუთოები, ენა, ტუჩები, სასქესო ორგანოები, ნაწილობრივ ან მთლიანად. ზოგჯერ შეიძლება შეშუპდეს პირის, ყელის ან სასუნთქი გზების ამომფენი ლორწოვანი გარსი, რაც სუნთქვას აძნელებს.

დიაგნოზი

გამომწვევი ხშირად თვალსაჩინოა და იშვიათად ხდება საჭირო გამოკვლევების ჩატარება, რადგან რეაქცია ქრება და აღარ მეორდება. როდესაც ბავშვს უეცრად უვითარდება ურტიკარია, რომელიც სწრაფად გაქრა და აღარ გამეორებულა, მას ექიმის გასინჯვა არ სჭირდება, რადგან გამომწვევი, ჩვეულებრივ, ვირუსული ინფექციაა.

თუ გამომწვევი ფუტკრის დანესტვრაა, ექიმის კონსულტაციაა საჭირო რჩევების მისაღებად იმის თაობაზე, რა მკურნალობა უნდა ჩატარდეს განმეორებით კბენის შემთხვევაში. თუ ანგიონევროზული შეშუპება და ჭინჭრის ციება აშკარა მიზეზის გარეშე ვითარდება, მაშინაც ექიმის კონსულტაციაა საჭირო.

მკურნალობა

თუ ჭინჭრის ციება უეცრად ჩნდება, ის ყოველგვარი მკურნალობის გარეშე რამდენიმე დღეში ან, ზოგჯერ, რამდენიმე წუთში ქრება. თუ მიზეზი ცნობილია, ადამიანი შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოს ალერგენს. თუ მიზეზი არ არის ცნობილი, რეკომენდებულია გამონაყარის გაქრობამდე შეწყდეს ყველა არააუცილებელი წამლის მიღება.

ანტიჰისტამინური მედიკამენტები ჭინჭრის ციებისა და მსუბუქი ანგიონევროზული შეშუპების დროს ნაწილობრივ ხსნის ქავილს და შეშუპებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები მძიმეა და ყველა სხვა სამკურნალო მეთოდი უეფექტო აღმოჩნდა, კორტიკოსტეროიდი ინიშნება დასალევად, რაც შეიძლება ხანმოკლედ. თუ მისი მიღება 3-4 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, შეიძლება სერიოზული გვერდითი ეფექტი განვითარდეს. კორტიკოსტეროიდის შემცველი კრემი ამ დროს უეფექტოა.

ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პირთა დაახლოებით ნახევარს სიმპტომები მკურნალობის გარეშე 2 წლის მანძილზე უქრება. მოზრდილებში ზოგჯერ კარგი შედეგი აქვს ანტიდეპრესანტ დოქსეპინს, რომელსაც ანტიჰისტამინური ეფექტიც აქვს.

მძიმე ანგიონევროზული შეშუპების დროს, როდესაც გაძნელებულია ყლაპვა ან სუნთქვა, ან კოლაფსი ვითარდება, გადაუდებელი მკურნალობაა საჭირო. ასეთი რეაქციის მქონე პირმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს ეპინეფრინის ავტოინექტორი და ანტიჰისტამინური ტაბლეტები, რათა დაუყოვნებლივ შეძლოს მათი გამოყენება. მძიმე ალერგიული რეაქციის შემდეგ პირმა აუცილებლად უნდა მიაკითხოს კლინიკის მიმღებ განყოფილებას, სადაც შეამოწმებენ და სათანადო მკურნალობას ჩაუტარებენ.