ანაფილაქსიური რეაქციები | მკურნალი.გე
  1. ანაფილაქსიური რეაქციები
  2. ალერგიული რეაქციები
  3. იმუნური სისტემის დაავადებები
ანაფილაქსიური რეაქციები

ანაფილაქსიური რეაქცია (ანაფილაქსია) უეცარი, სისტემური, პოტენციურად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა.

  • რეაქცია იწყება მოუსვენრობით, რასაც თან სდევს ჩხვლეტის შეგრძნება და თავბრუხვევა;

  • ამის შემდეგ სწრაფად ვითარდება მძიმე სიმპტომები, როგორიცაა გენერალიზებული ქავილი და ჭინჭრის ციება, ხიხინი და სუნთქვის გაძნელება, გულის წასვლა ან ამ სიმპტომების კომბინაცია, აგრეთვე ალერგიის სხვა სიმპტომები;

  • ამ სიმპტომებმა შესაძლოა ძალიან სწრაფად სიცოცხლისთვის საშიში ხასიათი მიიღოს;

  • საუკეთესო მიდგომა გამომწვევთან კონტაქტისთვის თავის არიდებაა;

  • ამ რეაქციის ერთხელ განვითარების შემდეგ ადამიანს ყოველთვის თან უნდა ჰქონდეს ანტიჰისტამინური პრეპარატი და ეპინეფრინის ავტოინექტორი;

  • ანაფილაქსიური რეაქცია გადაუდებლად მოითხოვს მკურნალობას.

ანაფილაქსიურ რეაქციებს იწვევს:

  • წამლები (როგორიცაა პენიცილინი)

  • მწერის დანესტვრა

  • გარკვეული საკვები (განსაკუთრებით კვერცხი, ზღვის პროდუქტები და კაკალი)

  • ალერგენების ინექციები (ალერგენით იმუნოთერაპია)

  • ლატექსი

ანაფილაქსიური რეაქციის გამოწვევა ნებისმიერ ალერგენს შეუძლია. ის, სხვა ალერგიული რეაქციების მსგავსად, ალერგენთან პირველი კონტაქტისას არ ვითარდება. მისი აღმოცენებისთვის ალერგენთან განმეორებითი შეხებაა საჭირო, თუმცა ბევრს ალერგენთან პირველი კონტაქტის შესახებ ინფორმაცია არც კი აქვს. თუ ალერგენმა ერთხელ გამოიწვია ანაფილაქსიური რეაქცია, მოსალოდნელია, რომ ის რეაქციას გამოიწვევს განმეორებითი კონტაქტის შემთხვევაშიც, თუ პრევენციული ზომები არ იქნა მიღებული.

სიმპტომები და დიაგნოზი

ანაფილაქსიური რეაქცია ალერგენთან კონტაქტის შემდეგ 1-15 წუთში ვითარდება. იშვიათად რეაქცია 1 საათის შემდეგ იწყება. სიმპტომები ცვალებადია, მაგრამ უხშირესად ერთსა და იმავე პაციენტს ყველა შემთხვევაში ერთნაირი სიმპტომები აქვს გამოხატული.

გულისცემა აჩქარებულია. ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, აგზნებულია. სისხლის წნევა ქვეითდება, რაც გულის წასვლას იწვევს. სხვა სიმპტომებია: ჩხვლეტის შეგრძნება, თავბრუხვევა, ქავილი და კანის სიწითლე, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ჭინჭრის ციება და კანქვეშა ქსოვილის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება). სუნთქვა ძნელდება და ზემო სასუნთქი გზების შევიწროების ან შეშუპების გამო ხიხინი იწყება. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და ფაღარათი.

ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება სწრაფად გაღრმავდეს და 1-2 წუთში განვითარდეს კოლაფსი, სუნთქვის გაჩერება, კრუნჩხვა და ცნობიერების დაკარგვა. გადაუდებელი მკურნალობის გარეშე ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს.

ანაფილაქსიური რეაქცია ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, სიმპტომები სიცოცხლისთვის საშიშია, რის გამოც სადიაგნოზო ტესტები ამ დროს არ გამოიყენება.

პრევენცია და მკურნალობა

ალერგენთან კავშირის აღკვეთა პრევენციის გზაა. თუ ეს შეუძლებელია (მაგალითად, მწერის დანესტვრა), ეფექტურია ალერგენით ხანგრძლივი იმუნოთერაპია.

თუ პირს ერთხელ მაინც ჰქონდა ანაფილაქსიური რეაქცია, მან ყოველთვის თან უნდა იქონიოს ეპინეფრინის ავტოინექტორი და ანტიჰისტამინური ტაბლეტები. გამომწვევთან კონტაქტისას (მაგალითად, მწერის კბენისას) ან სიმპტომების აღმოცენებისას ადამიანმა დაუყოვნებლივ თავად უნდა გაიკეთოს ინექცია და მიიღოს ანტიჰისტამინური წამლის ტაბლეტი. ჩვეულებრივ, ეს მკურნალობა თრგუნავს რეაქციას. მიუხედავად ამისა, ძლიერი ალერგიული რეაქციის განვითარებისას ავტოინექტორის გამოყენების შემდეგ ადამიანმა უნდა მიმართოს კლინიკის მიმღებ განყოფილებას, სადაც მას დააკვირდებიან და სათანადო მკურნალობას ჩაუტარებენ. გარდა ამისა, აუცილებელია სამედიცინო სამაჯურის ტარება, რომელზეც აღნიშნულია ალერგენები.

მიმღებში ექიმი აკეთებს ეპინეფრინის ინექციას კანქვეშ, კუნთში ან ვენაში. თუ სუნთქვა ძალიან დარღვეულია, ჰაერგამტარ გზებში (ტრაქეა) პირიდან, ცხვირიდან (ინტუბაცია) ან კანის მცირე განაკვეთიდან სასუნთქი მილი იდგმება. თუ სისხლის წნევა ძალიან დაბალია, სითხეები შეჰყავთ ინტრავენურად, ზოგჯერ წამლებიც, რომლებიც სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს (ვაზოკონსტრიქტორები). სიმპტომების მოხსნამდე ვენაში კეთდება ანტიჰისტამინური წამლები (როგორიცაა დიპენჰიდრამინი) და ჰისტამინ-2 (H2)-ს ბლოკერები (როგორიცაა ციმეტიდინი). ინჰალაციური ბეტა-აგონისტები (როგორიცაა ალბუტეროლი) გამოიყენება ჰაერგამტარი გზების გასაფართოებლად და სუნთქვის გასაიოლებლად.