სხვა ორგანოთა ტრანსპლანტაცია | მკურნალი.გე
  1. სხვა ორგანოთა ტრანსპლანტაცია
  2. თირკმლის ტრანსპლანტაცია
  3. ტრანსპლანტაცია (იმუნური სისტემის დაავადებები)
  4. იმუნური სისტემის დაავადებები
სხვა ორგანოთა ტრანსპლანტაცია

კანის დიდი ფართობის დაზიანების შემთხვევაში, მაგ. ინტენსიური დამწვრობის დროს, კანის ტრანსპლანტაცია გამოიყენება. კანის გადანერგვა ყველაზე ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი კანი სხეულის ერთი ადგილიდან მეორეზე ინერგება. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ, როგორც დროებითი საშუალება, გამოიყენება დონორისგან ან ცხოველისგან (მაგ., ღორისგან) აღებული ტრანსპლანტატი. ასეთი ტრანსპლანტატი მხოლოდ ცოტა ხანს ძლებს, თუმცა, ნორმალური კანით ჩანაცვლებამდე, ის დროებით დაცვას განაპირობებს. გადასანერგი კანის ფართი შეიძლება გაიზარდოს ქსოვილოვან კულტურაში ადამიანის კანის პატარა ნაჭრების კულტივირებით ან გადასანერგ კანზე ბევრი პატარა განაკვეთის გაკეთებით, რის შემდეგაც გაჭიმული კანი გაცილებით დიდ ფართს დაფარავს.

ხრტილის წარმატებული გადანერგვა იმუნოსუპრესიის გამოყენების გარეშეც შეიძლება. გადანერგილ ხრტილს, სხვა ქსოვილებთან შედარებით, იმუნური სისტემა გაცილებით ნაკლები ინტენსივობით უტევს. ბავშვებში ჩვეულებრივ ხრტილი გამოიყენება ყურისა და ცხვირის დეფექტების დასაფარავად. მოზრდილებში ის გამოიყენება დაზიანებული სახსრების აღსადგენად, ზოგჯერ ართრიტების დროს.

რქოვანა, თვალის ზედაპირზე არსებული გამჭვირვალე გუმბათი, ჩვეულებრივ, წარმატებით გადაინერგება იმუნოსუპრესიის გარეშე.

სხეულის ერთი ადგილიდან აღებული ძვლის გამოყენება შეიძლება სხეულის სხვა ადგილზე ძვლის ჩასანაცვლებლად. სხვა ადამიანიდან აღებული ძვალი მხოლოდ მცირე ხანს ცოცხლობს. თუმცა, ის ასტიმულირებს ახალი ძვლის ზრდას, იწვევს გარემოს სტაბილიზებას ახალი ძვლის ფორმირებამდე და წარმოქმნის კარკასს, რომელსაც ახალი ძვალი ავსებს.

წვრილი ნაწლავის ტრანსპლანტაცია იმ შემთხვევაში კეთდება, თუ დაზიანებული ნაწლავი საკვებ ნივთიერებებს ვერ შეიწოვს, ან ის ამოკვეთილია, დაზიანებისა თუ დაავადების გამო, ან სახეზეა კვების დარღვევის სხვა ფორმა. გადანერგილი ნაწლავი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ინფექციებისა და მოცილების მიმართ და 1 წელზე მეტხანს მხოლოდ 80%-ზე ნაკლები ძლებს. იმის გამო, რომ წვრილი ნაწლავი დიდი რაოდენობით ლიმფურ ქსოვილს მოიცავს, ახალი ნაწლავის ქსოვილი ისეთ უჯრედებს წარმოქმნის, რომლებიც რეციპიენტის უჯრედებს უტევს და იწვევს დაავადებას – ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ.

პარკინსონის დაავადების მკურნალობა რეციპიენტის ტვინში დონორის თირკმელზედა ჯირკვლის ქსოვილის გადანერგვით შეიძლება. ამ მიზნით შესაძლებელია ასევე აბორტული მასალიდან აღებული ტვინის გამოყენება. ორივე პროცედურა ამცირებს სიმპტომებს, თუმცა, აბორტული მასალის გამოყენების ეთიკური საკითხი ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებს ემყარება.

აბორტის ან შეწყვეტილი ორსულობით მიღებული ნაყოფის თიმუსის ჯირკვალი (მკერდუკანა ჯირკვალი) შეიძლება გადაენერგოს ბავშვს, რომელსაც თიმუსი არ აქვს (დი ჯორჯის სინდრომი). მკერდუკანა ჯირკვლის გარეშე იმუნური სისტემა სუსტდება, რადგან თიმუსში მწიფდება სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც იმუნური სისტემის მიერ უცხო ნივთიერებათაგან დაცვაში სასიცოცხლო როლს ასრულებენ. ასეთ ბავშვებში თიმუსის გადანერგვა დაზიანებულ იმუნურ სისტემას აღადგენს. თუმცა, ახალმა მკერდუკანა ჯირკვალმა შეიძლება ისეთი უჯრედები წარმოქმნას, რომლებიც, რეციპიენტის უჯრედებზე შეტევის შედეგად, გამოიწვევს დაავადებას – ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ.

ერთი ადამიანიდან მეორეში იშვიათად შეიძლება გადაინერგოს კიდური ან სახე, თუმცა ამ მცდელობებს ექსპერიმენტული ხასიათი აქვს.


1საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ყველა ქვეყანაში, ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების დონაციისათვის ანაზღაურების მიცემა აკრძალულია. თუმცა, დასაშვებია კომპენსაციის გაცემა დროისა და სხვა სახის ხარჯების ასანაზღაურებლად.