1. ბაქტერიემია (ბაქტერიემია, სეფსისი და სეპტიკური შოკი)
  2. ბაქტერიემია, სეფსისი და სეპტიკური შოკი
  3. ინფექციები
ბაქტერიემია (ბაქტერიემია, სეფსისი და სეპტიკური შოკი)

ბაქტერიემია გულისხმობს ბაქტერიების სისხლში არსებობას.

  • ბაქტერიემია შესაძლოა განვითარდეს ჩვეულებრივი მოქმედებების (როგორიცაა, მაგ. კბილების გამოხეხვა), სამედიცინო ან სტომატოლოგიური პროცედურების ან ინფექციების (როგორიცაა, მაგ. პნევმონია ან საშარდე ტრაქტის ინფექცია) დროს;

  • ხელოვნური სახსრის, გულის ხელოვნური სარქვლის ან გულის სარქვლის პათოლოგიების არსებობა ზრდის იმის რისკს, რომ ბაქტერიემია გახანგრძლივდება ან გამოიწვევს პრობლემებს;

  • ბაქტერიემია ჩვეულებრივ არ იწვევს სიმპტომებს, მაგრამ ზოგჯერ ბაქტერიები გროვდებიან გარკვეულ ქსოვილებში ან ორგანოებში და იწვევენ სერიოზულ ინფექციებს;

  • ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ბაქტერიემიით გამოწვეული გართულებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, ეძლევათ ანტიბიოტიკები გარკვეული სამედიცინო და სტომატოლოგიური პროცედურების წინ.

ჩვეულებრივ, ბაქტერიემია, თუ ის გამოწვეულია ყოველდღიური საქმიანობების დროს, არ იწვევს ინფექციებს იმიტომ, რომ ბაქტერიები წარმოდგენილნი არიან მხოლოდ მცირე რაოდენობით და იმუნური სისტემა მათ სწრაფად აშორებს სისხლის მიმოქცევიდან. თუმცა, თუ ბაქტერიები სისხლის მიმოქცევაში საკმაოდ დიდი რაოდენობითა და საკმაოდ ხანგრძლივი დროს განმავლობაში არიან, განსაკუთრებით კი დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, ბაქტერიემიამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა ინფექციები და ზოგჯერ ბიძგი მისცეს სერიოზული, მთელი ორგანიზმის მომცველი პასუხის განვითარებას, რომელსაც სეფსისი ეწოდება.

ბაქტერიები, რომლებსაც იმუნური სისტემა ვერ აშორებს, შეიძლება დაგროვდნენ ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში, რითიც გამოიწვევენ ინფექციებს ისეთ ადგილებში, როგორებიცაა:

  • თავის ტვინის მფარავი ქსოვილები (მენინგიტი)

  • გულის გარშემო არსებული ტომარა (პერიკარდიტი)

  • გულისა და გულის სარქვლების ამომფენი უჯრედები (ენდოკარდიტი)

  • ძვლები (ოსტეომიელიტი)

  • სახსრები (ინფექციური ართრიტი)

ბაქტერიემიის დროს ბაქტერიები მიდრეკილნი არიან ისეთ სტრუქტურებზე დაგროვებისკენ, როგორიცაა გულის ანომალიური სარქვლები და სხეულში არსებული ნებისმიერი ხელოვნური მასალა, როგორიცაა ინტრავენური კათეტერები, ხელოვნური (პროთეზი) სახსრები და გულის სარქვლები. ბაქტერიების ეს გროვები (კოლონიები) შეიძლება დარჩნენ მიმაგრებულნი ამ ადგილებზე და მუდმივად ან პერიოდულად გადაუშვან ბაქტერიები სისხლის მიმოქცევაში.

მიზეზები

ყოველდღიური საქმიანობა ზოგჯერ იწვევს ბაქტერიემიას ჯანმრთელ ადამიანებში. მაგ. კბილების ენერგიულმა გამოხეხვამ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიემია, რადგან კბილების გარშემო, ღრძილებზე არსებული ბაქტერიები გადადიან სისხლის მიმოქცევაში. ბაქტერიები შეიძლება მოხვდნენ სისხლის მიმოქცევაში ნაწლავებიდან მონელების დროს. ბაქტერიემია, რომელიც ვითარდება ყოველდღიური საქმიანობის დროს, იშვიათად იწვევს ინფექციებს.

სამედიცინო ან სტომატოლოგიურმა პროცედურებმა შესაძლოა გამოიწვიონ ბაქტერიემია. სტომატოლოგიური პროცედურების დროს (როგორიცაა, მაგ. კბილების გაწმენდა სტომატოლოგის მიერ) ღრძილებზე მცხოვრები ბაქტერიები შეიძლება გადაადგილდნენ და შეაღწიონ სისხლის მიმოქცევაში. ბაქტერიემია შესაძლოა განვითარდეს შარდის ბუშტში – კათეტერის, ან საჭმლის მომნელებელ ან საშარდე სისტემაში – მილების ჩადგმის დროს. ბაქტერია შესაძლოა არსებობდეს ჩადგმის ადგილას (როგორიცაა შარდის ბუშტი ან ნაწლავი). მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება სტერილური მეთოდები, ამ პროცედურებმა შეიძლება გამოიწვიონ ბაქტერიების სისხლის მიმოქცევაში გადანაცვლება. დაინფიცირებული ჭრილობების, აბსცესებისა და ნაწოლების ქირურგიულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების გადაადგილება დაინფიცირებული ადგილიდან, რაც იწვევს ბაქტერიემიას.

ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის დროს, როგორებიცაა მაგ. პნევმონია და კანის აბსცესები, ბაქტერიებმა შესაძლოა დროდადრო შეაღწიონ სისხლის მიმოქცევაში და გამოიწვიონ ბაქტერიემია. ბავშვთა ასაკის ხშირმა ბაქტერიულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ბაქტერიემია.

ნარკოტიკების ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიემია იმიტომ, რომ ნემსები, ჩვეულებრივ, დაბინძურებულია ბაქტერიებით.

სიმპტომები და დიაგნოზი

ჩვეულებრივ, ბაქტერიემია, რომელიც გამოწვეულია ჩვეული მოვლენებით, როგორებიცაა, მაგ. სტომატოლოგიური პროცედურები, მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ბაქტერიემია, რომელიც გამოწვეულია სხვა მდგომარეობებით, ზოგჯერ იწვევს ცხელებას. თუ ადამიანებს ბაქტერიემიით აქვთ ცხელება, სწრაფი გულისცემა და სწრაფი სუნთქვა, სავარაუდოა სეფსისი.

თუ ეჭვი მიაქვთ ბაქტერიემიაზე, ექიმები ჩვეულებრივ აკეთებენ სისხლის ანალიზებს ლაბორატორიაში ბაქტერიების გაზრდის (კულტივირება) მცდელობის მიზნით.

დიაგნოზი და მკურნალობა

ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან ბაქტერიემიით გამოწვეული გართულებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ (მაგ. ისინი, რომელთაც აქვთ გულის ხელოვნური სარქვლები ან გულის სარქვლების გარკვეული ანომალიები ან ხელოვნური სახსრები), ხშირად ეძლევათ ანტიბიოტიკები იმ პროცედურების წინ, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ბაქტერიემია. ამ პროცედურებს მიეკუთვნება:

  • სტომატოლოგიური პროცედურები

  • დაინფიცირებული ჭრილობების ქირურგიული მკურნალობა

  • შარდის ბუშტის კათეტერების ჩადგმა.

ანტიბიოტიკები გვეხმარება ბაქტერიემიის თავიდან აცილებაში და ამით თავიდან გვაცილებს ინფექციებისა და სეფსისის განვითარებასაც.

თუ განვითარდა ინფექცია ან სეფსისი, ხდება მისი მკურნალობა.