1. სეფსისი და სეპტიკური შოკი
  2. ბაქტერიემია, სეფსისი და სეპტიკური შოკი
  3. ინფექციები
სეფსისი და სეპტიკური შოკი

სეფსისი წარმოადგენს მთელი სხეულის მომცველ სერიოზულ პასუხს ბაქტერიემიასა და სხვა ინფექციაზე. სეპტიკური შოკი არის სეფსისით გამოწვეული არტერიული წნევის სიცოცხლისთვის საშიშ მაჩვენებლებამდე დაწევა (შოკი).

  • ჩვეულებრივ, სეფსისს იწვევს გარკვეული ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც ხშირად შეძენილია საავადმყოფოში;

  • გარკვეული მდგომარეობების დროს, როგორიცაა, მაგ. დასუსტებული იმუნური სისტემა, გარკვეული ქრონიკული დაავადებები, ხელოვნური სახსარი ან გულის სარქველი და გულის სარქვლების გარკვეული პათოლოგიები, იზრდება სეფსისის განვითარების რისკი;

  • თავდაპირველად ადამიანებს აქვთ სხეულის მაღალი (ზოგჯერ – დაბალი) ტემპერატურა, ზოგჯერ შემცივნებით, კანკალითა და სისუსტით;

  • როდესაც სეფსისი უარესდება, გული ცემს უფრო სწრაფად, სუნთქვაც უფრო სწრაფი ხდება, ადამიანები კარგავენ ცნობიერებას და არტერიული წნევა ვარდება;

  • ექიმებს დიაგნოზზე ეჭვი მიაქვთ სიმპტომებზე დაყრდნობით და ადასტურებენ მას ბაქტერიების სისხლის, შარდისა ან სხვა მასალის ნიმუშებში აღმოჩენით;

  • ადამიანებს დაუყოვნებლივ ენიშნებათ ანტიბიოტიკები. ტოქსიკური შოკის დროს კი ეძლევათ ჟანგბადი, სითხეები და პრეპარატები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას.

ჩვეულებრივ, ორგანიზმის პასუხი ინფექციაზე შემოსაზღვრულია ინფიცირების კონკრეტულ უბანში. მაგრამ სეფსისის დროს ინფექციაზე პასუხი ვითარდება მთელ სხეულში, რასაც სისტემური პასუხი ეწოდება. ეს პასუხი გულისხმობს პათოლოგიურად მაღალ ტემპერატურას (ცხელება), ან ტემპერატურის დაცემას (ჰიპოთერმია), ანდა ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთს ან მეტს:

  • სწრაფი გულისცემა

  • სწრაფი სუნთქვა

  • სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიურად მაღალი ან დაბალი რაოდენობა

როდესაც სეფსისი უარესდება, ორგანოები ვეღარ ფუნქციონირებენ ნორმალურად და არტერიულმა წნევამ შესაძლოა დაიკლოს. სეფსისს მიიჩნევენ მწვავედ, თუ ორგანოები ვეღარ ფუნქციონირებენ. სეპტიკური შოკის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც, მკურნალობის მიუხედავად, არტერიული წნევა რჩება დაბალი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელს დაახლოებით 90 000 ადამიანი (ძირითადად, საავადმყოფოში მყოფი ადამიანები) იღუპება სეპტიკური შოკისგან.

სეფსისი ჩნდება მაშინ, როდესაც ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ტოქსინები აიძულებენ სხეულში არსებულ უჯრედებს ისეთი ნივთიერებების გამოყოფას, რომლებიც ხელს უწყობენ ანთების განვითარებას (ციტოკინები). მიუხედავად იმისა, რომ ციტოკინები ეხმარებიან იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლაში, მათ შესაძლოა ჰქონდეთ მავნე ეფექტებიც:

  • მათ შესაძლოა გამოიწვიონ სისხლძარღვების გაფართოება (დილატაცია), რითიც ამცირებენ არტერიულ წნევას;

  • მათ შესაძლოა გამოიწვიონ ორგანოების შიგნით არსებულ მცირე სისხლძარღვებში სისხლის შედედება.

ამ ეფექტებს მივყავართ მთელ რიგ მავნე გართულებებამდე:

  • სისხლის მიდინება სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანოებამდე (როგორებიცაა, მაგ.: თირკმლები, გული და თავის ტვინი) მცირდება;

  • გული ცდილობს კომპენსირებას იმით, რომ იწყებს უფრო ინტენსიურად მუშაობას, ზრდის რა გულისცემის სისწრაფეს და გადატუმბული სისხლის რაოდენობას. საბოლოოდ, ბაქტერიული ტოქსინები და ინტენსიური გადატუმბვით გამოწვეული სამუშაოს გაზრდა ასუსტებს გულს. ამის შედეგად, გული გადატუმბავს ნაკლებ სისხლს და სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები მიიღებენ კიდევ უფრო ნაკლებ სისხლს;

  • როდესაც ქსოვილები არ იღებენ საკმარისი რაოდენობით სისხლს, ისინი სისხლში გამოყოფენ ზედმეტი რაოდენობის რძემჟავას (ნარჩენი პროდუქტი), რაც იწვევს სისხლის მჟავიანობის აწევას.

ყველა ამ ეფექტის ერთობლიობა იწვევს ორგანოთა ფუნქციების გაუარესების მანკიერი წრის ჩამოყალიბებას:

  • თირკმლები გამოყოფენ მცირე რაოდენობით შარდს ან საერთოდ არ გამოყოფენ და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები (როგორიცაა შარდოვანა აზოტი) გროვდება სისხლში;

  • შესაძლოა გაიზარდოს სისხლძარღვების კედლების განვლადობა, რაც ხელს უწყობს სითხის გადასვლას სისხლის მიმოქცევიდან ქსოვილებში და, შესაბამისად, იწვევს შეშუპებას;

  • უარესდება ფილტვის ფუნქციონირება იმის გამო, რომ ფილტვებში არსებული სისხლძარღვებიდან ჟონავს სითხე, რომელიც გროვდება და ართულებს სუნთქვას.

გრძელდება თრომბების ფორმირება და ამისთვის გამოიყენება სისხლში არსებული პროტეინები, რომლებიც წარმოქმნიან თრომბებს (შემადედებელი ფაქტორები). ამის შემდეგ შესაძლოა დაიწყოს ინტენსიური სისხლდენა.

მიზეზები

ყველაზე ხშირად სეფსისის მიზეზია გარკვეული სახეობის ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექცია, უხშირესად ის შეძენილია საავადმყოფოში. იშვიათად, სოკო, როგორიცაა, მაგ. კანდიდა, იწვევს სეფსისს. ინფექციები, რომლებსაც მივყავართ სეფსისამდე, ყველაზე ხშირად იწყება ფილტვებში, მუცელსა და საშარდე ტრაქტში. ადამიანების უმეტესობაში ამ ინფექციებს არ მივყავართ სეფსისამდე. თუმცა, ზოგჯერ ბაქტერიები ვრცელდებიან სისხლის მიმოქცევაში (ასეთ მდგომარეობას ეწოდება ბაქტერიემია). ამის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სეფსისი. თუ პირველადი ინფექციის დროს აღინიშნება ჩირქგროვები (აბსცესები), ბაქტერიემიისა და სეფსისის განვითარების რისკი უფრო მაღალია. ზოგჯერ, სეფსისის მიზეზი უფრო ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინებია, ვიდრე სისხლის მიმოქცევაში შეღწეული ბაქტერია (ბაქტერიემია).

რისკ-ფაქტორები

სეფსისის განვითარების რისკი მომატებულია ადამიანებში, რომლებიც იმყოფებიან ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც შემცირებულია ორგანიზმის უნარი, შეებრძოლოს ინფექციას. ასეთ მდგომარეობებს მიეკუთვნება:

  • ახალშობილობის პერიოდი

  • 35 წელზე უფროსი ასაკი

  • ორსულობა

  • გარკვეული ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი ან ციროზი

  • დასუსტებული იმუნური სისტემა, რაც გამოწვეულია იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების მიღებით (როგორებიცაა, მაგ. ქიმიოთერაპიული წამლები ან კორტიკოსტეროიდები) ან გარკვეული დაავადებებით (როგორიცაა სიმსივნე, შიდსი და იმუნური დაავადებები)

რისკი აგრეთვე გაზრდილია იმ ადამიანებში, რომელთა სისხლის მიმოქცევაში ბაქტერიის გადასვლის ალბათობა უფრო მაღალია. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ის პაციენტები, რომელთაც სხეულში ჩადგმული აქვთ სამედიცინო დანადგარები, მაგ. ვენაში ან საშარდე ტრაქტში მოთავსებული კათეტერი, დრენაჟისთვის განკუთვნილი მილები ან სასუნთქი მილები. როდესაც ხდება სამედიცინო დანადგარების ჩადგმა, მათ შესაძლოა შეიტანონ ბაქტერიები სხეულში. ბაქტერიები შეიძლება დაგროვდნენ ასეთი დანადგარების ზედაპირებზეც, რაც სავარაუდოს ხდის ინფექციასა და სეფსისს. რაც უფრო დიდხანს რჩება დანადგარი გარკვეულ ადგილას, მით უფრო მაღალია რისკი.

სეფსისის განვითარების რისკს აგრეთვე ზრდის სხვა მდგომარეობები:

  • ნარკოტიკების ინექციები: გამოყენებული პრეპარატები და ნემსები იშვიათადაა სტერილური. თითოეულმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ხარისხის ბაქტერიემია. ადამიანები, რომლებიც იყენებენ ამ პრეპარატებს, არიან აგრეთვე იმ დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ, რომლებიც ასუსტებენ იმუნურ სისტემას (როგორიცაა მაგ. შიდსი);

  • ხელოვნური სახსრის (პროთეზი) ან გულის ხელოვნური სარქვლების არსებობა ან გულის სარქველთა გარკვეული დაზიანებები: ბაქტერიები მიდრეკილნი არიან ამ სტრუქტურებზე დაგროვებისკენ. ბაქტერიები შესაძლოა მუდმივად ან პერიოდულად გამოთავისუფლდნენ სისხლის მიმოქცევაში;

  • ინფექცია, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად, მაინც მიმდინარეობს: ზოგიერთი ბაქტერია, რომელიც იწვევს ინფექციებსა და სეფსისს, რეზისტენტულია ანტიბიოტიკებისადმი. ანტიბიოტიკები ვერ ანადგურებს რეზისტენტულ ბაქტერიებს. ამგვარად, თუ ინფექცია რჩება იმ ადამიანებში, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს, ის დიდი ალბათობით გამოწვეულია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებით, რომლებსაც შეუძლიათ სეფსისის გამოწვევაც.

სიმპტომები

ადამიანების უმეტესობას აქვს ცხელება, მაგრამ ზოგიერთს შესაძლოა ჰქონდეს სხეულის დაბალი ტემპერატურა. აღინიშნება შემცივნება კანკალით და სისუსტის შეგრძნება. ახასიათებს სხვა სიმპტომებიც, რომლებიც დამოკიდებულია პირველადი ინფექციის ტიპსა და მდებარეობაზე. სუნთქვა, გულისცემა ან ორივე ერთად შესაძლოა იყოს აჩქარებული.

როდესაც სეფსისი უარესდება, ადამიანს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, გონება იბინდება. კანი წამოწითლდება და თბება. პულსი და სუნთქვა აჩქარებულია. ადამიანები შარდავენ შედარებით იშვიათად და მცირე ულუფებით და სისხლის არტერიული წნევა იკლებს. ამის შემდეგ, სხეულის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და სუნთქვა ძალიან რთულდება. სისხლის მიდინების შემცირების გამო კანი ხდება გრილი და აჭრელებული ან ლურჯი. შემცირებულმა სისხლის დინებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილების (მათ შორის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების ქსოვილების (როგორიცაა, მაგ. ნაწლავები)) სიკვდილი, რაც იწვევს განგრენას.

როდესაც ვითარდება სეპტიკური შოკი, მკურნალობის მიუხედავად, სისხლის არტერიული წნევა დაბალია.

მკურნალობის ფონზე სიკვდილის რისკი სეფსისით დაავადებულ ადამიანებში 15%-ია, სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში კი – 40% ან მეტი.

დიაგნოზი

ექიმებს ეჭვი მიაქვთ სეფსისზე, როდესაც ადამიანს, რომელსაც აქვს ინფექცია, მოულოდნელად უვითარდება ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, გულისცემისა და სუნთქვის გახშირება ან დაბალი არტერიული წნევა. დიაგნოზის დადასტურების მიზნით ექიმები ეძებენ ბაქტერიებს სისხლის მიმოქცევაში (ბაქტერიემია), სხვა ინფექციის არსებობის მტკიცებულებას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სეფსისი და სისხლის ნიმუშში სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიურ რაოდენობას.

იღებენ სისხლის ნიმუშებს ლაბორატორიაში ბაქტერიების გაზრდის მცდელობით – ამ პროცესს სჭირდება 1-3 დღე. თუმცა, თუ ადამიანები პირველადი ინფექციის სამკურნალოდ იღებდნენ ანტიბიოტიკებს, ბაქტერიები შესაძლოა არსებობდნენ, მაგრამ არ გაიზარდონ კულტივირების დროს. ზოგჯერ, ხდება კათეტერების სხეულიდან გამოღება, მათი წვერის მოჭრა და გაგზავნა კულტივირების მიზნით. ბაქტერიების აღმოჩენა კათეტერში, რომელიც იყო სისხლთან კონტაქტში, მიუთითებს იმაზე, რომ ბაქტერიები სავარაუდოდ სისხლის მიმოქცევაში არიან.

ადამიანის იმ ინფექციებზე შემოწმების მიზნით, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სეფსისი, ექიმები იღებენ სითხეებისა და ქსოვილების ნიმუშებს, როგორიცაა შარდი, თავ-ზურგტვინის სითხე, ქსოვილები ჭრილობიდან ან ფილტვებიდან ამოღებული ნახველი. ეს ნიმუშები კულტივირდება და მათ იკვლევენ ბაქტერიების არსებობაზე. შესაძლებელია გამოსახულების მომცემი გამოკვლევების ჩატარება.

ატარებენ აგრეთვე სხვა გამოკვლევებსაც ორგანოების ფუნქციონირების დარღვევისა და სეფსისის სხვა გართულებების ნიშნების პოვნის მიზნით. მათ შესაძლოა მიეკუთვნებოდეს:

  • სისხლის გამოკვლევები, რომ გაიზომოს რძემჟავას და ნივთიერებათა ცვლის სხვა ნარჩენი პროდუქტების დონე და აგრეთვე, თრომბოციტების (უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას) რაოდენობა, რომელიც შესაძლოა იყოს შემცირებული;

  • სისხლის გამოკვლევები ან თითზე მოთავსებული სენსორი (პულსური ოქსიმეტრია), რომ გაიზომოს ჟანგბადის დონე სისხლში და შესაბამისად, შეფასდეს, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებენ ფილტვები და სისხლძარღვები;

  • ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), რომ მოიძებნოს გულის რიტმის დარღვევები და შესაბამისად, განისაზღვროს, არის თუ არა გულისთვის მიწოდებული სისხლის ნაკადი საკმარისი;

  • სხვა გამოკვლევები იმის განსასაზღვრად, თუ რამ გამოიწვია შოკი: სეფსისმა თუ რაიმე სხვა პრობლემამ.

მკურნალობა

აუცილებელია სეფსისისა და სეპტიკური შოკის ანტიბიოტიკებით დაუყოვნებლივ მკურნალობა – გამოკვლევების მიერ დიაგნოზის დადასტურებამდეც კი. ანტიბიოტიკებით მკურნალობის გადადება საგრძნობლად ამცირებს გადარჩენის შანსებს. ადამიანები, რომლებსაც აქვთ სეპტიკური შოკის სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობის მიზნით.

პირველი ანტიბიოტიკების შერჩევის დროს, ექიმები განიხილავენ, თუ რომელი ბაქტერია შეიძლება იყოს გამომწვევი, რაც დამოკიდებულია ინფექციის დაწყების ადგილზე. ხშირად, ადამიანებს ეძლევათ ორი ან სამი ანტიბიოტიკი ერთდროულად, რომ გაიზარდოს ბაქტერიების დახოცვის შანსები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაქტერიების წყარო უცნობია. მოგვიანებით, როდესაც არსებობს გამოკვლევის პასუხები, ექიმმა უნდა დატოვოს ის ანტიბიოტიკი, რომელიც ყველაზე ეფექტურია ამ ინფექციის გამომწვევი გარკვეული ბაქტერიების საწინააღმდეგოდ.

თუ არსებობს აბსცესები, ხდება მათი დრენირება და გამოიღებენ იმ კათეტერებსა და სხვა სამედიცინო დანადგარებს, რომლებსაც შესაძლოა გამოეწვიათ ინფექცია. შესაძლოა, საჭირო გახდეს მკვდარი ქსოვილების მოცილება.

მძიმე ფორმის სეფსისისა და სეპტიკური შოკის მკურნალობა შეიძლება დროტრეკოგინ ალფათი (აქტივირებული C პროტეინი). ეს პრეპარატი წარმოადგენს ხელოვნურად შექმნილ ადამიანის ცილას, რომელიც ხელს უშლის ანთების განვითარებას და სისხლის შედედებას. მან შესაძლოა შეამციროს სეფსისის მძიმე ფორმითა და სეპტიკური შოკით გამოწვეული სიკვდილის რისკი.

ადამიანებს სეპტიკური შოკით ინტრავენურად ეძლევათ დიდი რაოდენობით სითხეები სისხლის მიმოქცევაში სითხის რაოდენობის გაზრდის მიზნით, რაც, შესაბამისად, გაზრდის სისხლის არტერიულ წნევას. შესაძლებელია, საჭირო გახდეს ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორებიცაა დოფამინი ან ნორადრენალინი (რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას) იმისათვის, რომ გაიზარდოს სისხლის მიწოდება თავის ტვინისკენ, გულისა და სხვა ორგანოებისკენ. ადამიანებს ნიღბით, ცხვირის კბილაკებით ან, თუ ჩადგმულია სასუნთქი მილი (ენდოტრაქეალური) – მისი მეშვეობით, ეძლევათ ჟანგბადი. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება მექანიკური ვენტილაცია სუნთქვაში დახმარების მიზნით.