1. კანდიდიაზი
  2. კანის სოკოვანი ინფექციები
  3. კანის დაავადებები
კანდიდიაზი

კანდიდიაზი (კანდიდოზი, მონილიაზი, საფუარა სოკოების ინფექცია) არის ინფექცია, რომელსაც იწვევს Candida-ს რამდენიმე სახეობა, განსაკუთრებით Candida albicans.

  • კანდიდიაზის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის პირის ღრუ, ვაგინის ან კანის ზედაპირის ინფექცია, რომელიც იწვევს თეთრი ან წითელი ლაქების გაჩენას და ქავილისა და წვის შეგრძნებას ან ორივეს ერთად;

  • ადამიანებს, რომლებსაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვთ, შეიძლება განუვითარდეთ საყლაპავისა და სხვა შინაგანი ორგანოების სერიოზული ინფექცია;

  • ინფიცირებული მასალის ნიმუშებს იკვლევენ მიკროსკოპით ან აგზავნიან დასათესად;

  • ანტიფუნგური მედიკამენტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივად, ინფიცირებულ ზედაპირზე ან დასალევად, თუმცა, სერიოზული ინფექციის დროს საჭიროა მედიკამენტების ვენაში შეყვანა.

Candida ბუნებრივად არსებობს კანზე, ნაწლავებსა და ქალების გენიტალიურ მიდამოებში. აღნიშნულ არეებში კანდიდა პრობლემებს იწვევს. თუმცა, ზოგჯერ იგი იწვევს ინფექციის განვითარებას კანზე, პირის ღრუს მუკოზურ მემბრანებსა და ვაგინაში. ასეთი ინფექციები შეიძლება განუვითარდეს ნორმალური იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, მაგრამ იგი უფრო ხშირია და პერსისტირება ახასიათებს დიაბეტის ან შიდსის მქონე პაციენტებს და ორსულ ქალებს. კანდიდიაზი ასევე ხშირია, როცა იღებენ ანტიბიოტიკებს, რადგან ანტიბიოტიკები ხოცავს ბაქტერიებს (რომლებიც ნორმაში კონკურენციას უწევენ Candida-ს) და ამის შედეგად Candida-ს ეძლევა შესაძლებლობა, უკონტროლოდ გამრავლდეს.

ზოგიერთ ადამიანს, ძირითადად დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, უვითარდება კანდიდიაზი, რომელიც ვრცელდება სისხლის ნაკადით (კანდიდემია) სხეულის სხვა ნაწილებში, როგორიცაა გულის სარქველები, ელენთა, თირკმელები და თვალები. მკურნალობის გარეშე ინფექცია პროგრესირებს.

სიმპტომები

პირის ღრუს ინფექცია (რძიანა და დაღარული პირის ღრუ) იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  • ცხიმოვანი, თეთრი ფერის, მტკივნეული ლაქები პირის ღრუს შიგნით

  • ნახეთქები პირის ღრუს კუთხეებში (ქეილიტი)

  • წითელი, მტკივნეული, გაპრიალებული ენა

საყლაპავში არსებული დაზიანებები იწვევენ ტკივილს ყლაპვის პროცესში.

როდესაც კანი ზიანდება, ჩნდება გამონაყარი. საფენებთან დაკავშირებული ზოგიერთი ტიპის გამონაყარი გამოწვეულია Candida-თი.

თუ ინფექცია ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში, იგი უფრო სერიოზულ ხასიათს იღებს. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითება (შოკი) და შარდის პროდუქციის შემცირება. რეტინისა და თვალების სხვა შიდა სტრუქტურების დაზიანება შესაძლებელია სიბრმავის მიზეზიც გახდეს. მძიმე ინფექციის შემთხვევაში ზოგიერთმა ორგანომ შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს და ინფექცია სიკვდილით დამთავრდეს.

დიაგნოზი

Candida-ს მიზეზით გამოწვეული ბევრი ინფექციის დიაგნოზის დასმა ძირითადად მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის საფუძველზე ხდება. დიაგნოზის დასადასტურებლად ექიმმა უნდა მოახდინოს სოკოს იდენტიფიცირება ნიმუშის მიკროსკოპული გამოკვლევით. სისხლისა და სხვა ინფიცირებული ქსოვილების ნიმუშები დასათესად უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, რათა მათში სოკოს არსებობა დადგინდეს.

მკურნალობა

თუ კანდიდიაზი არსებობს კანზე, პირის ღრუსა ან ვაგინაში, მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ანტიფუნგური მედიკამენტებით (როგორიცაა კლოტრიმაზოლი ან ნისტატინი), რომლებიც გამოიყენება ადგილობრივად, დაზიანებულ მიდამოში. ექიმმა შეიძლება დანიშნოს დასალევად ანტიფუნგური პრეპარატი – ფლუკონაზოლი.

მთელ სხეულში გავრცელებული კანდიდიაზის მკურნალობა, ჩვეულებრივ, ტარდება ამფოტერიცინ B-ს გამოყენებით, რომელიც ინტრავენურად შეიყვანება. სხვა ანტიფუნგური პრეპარატები – ფლუკონაზოლი და მსგავსი მედიკამენტები (პოსაკონაზოლი და ვორიკონაზოლი) ან კასპოფუნგინი და მსგავსი მედიკამენტები (მიკაფუნგინი და ანიდულაფუნგინი) – ასევე ეფექტურია.

კანდიდიაზი უფრო რთული მიმდინარეობით ხასიათდება და ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას, თუ ადამიანებს გარკვეული დარღვევები აღენიშნებათ, როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტი. ასეთ შემთხვევაში სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი ინფექციის მკურნალობას აადვილებს.